ახლა უკვე ოფიციალურად - გიორგი მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ამიერიდან "ვილიარეალისთვის" გაიტანს. ესპანელებმა "ლიონს", რომელიც ფინანსურ კრიზისშია, 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაუხადეს. გიორგი ესპანური გუნდის ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
36 მილიონი ევრო - შედეგად მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. რამდენიმე დღის წინ ესპანურმა კლუბმა 28 მილიონად პორტუგალიელი მცველი რენატო ვეიგა იყიდა და ის იყო რეკორდსმენი, მაგრამ ახლა მიქაუტაძეა. გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან "ლიონი" 10%-ს მიიღებს.
ზაფხულის განმავლობაში მიქაუტაძის ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. შემდეგ თითქოს, ის „ლიონისთვის“ ხელშეუხებელიც იყო, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა - ფრანგულ კლუბს 40 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება და გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ 24 წლის ქართველი ფორვარდი გახდა. გიორგი „ბარნლის“, „ბრენტფორდს“, „ასტონ ვილასა“ და „ნეომსაც“ დაუკავშირეს, თუმცა ყველას „ვილიარეალმა“ აჯობა.
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.
გიორგი დემეტრაძის (სოსიედადი), შოთა არველაძის (ლევანტე), გიორგი ქოჩორაშვილისა (ლევანტე) და გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) შემდეგ მიქაუტაძე მეხუთე ქართველი იქნება, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.