მერსისაიდური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა კოდი გაკპომ „წითლებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
26 წლის ფეხბურთელთან შეთანხმების ვადა არ არის დაკონკრეტებული, თუმცა, Transfermarkt პორტალის თანახმად, კონტრაქტი 2027/2028 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
გაკპო „ლივერპულში“ პსვ-დან 2023 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ მან ლივერპულელთა რიგებში 131 მატჩი ჩაატარა, 42 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდის შემადგენლობაში გაკპო ინგლისის ჩემპიონი და ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.
გაკპომ „ლივერპულის“ ამ სეზონში სამივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, პირველ ტურში „ბორნმუთთან“ 4:2 მოგებულ მატჩში გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ტურში „ნიუკასლთან“ (3:2) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.