საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საბერძნეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.
შედეგი მოსალოდნელი იყო, ანგარიში შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ალეკსანდარ ჯიკიჩმა თავისი გუნდის ლიდერები დაასვენა. ეს ლოგიკურია - საბერძნეთთან საქართველოს შანსი ისედაც მცირე იყო, გადატვირთულ გრაფიკში კი, წინ გადამწყვეტი ორი მატჩია კონკურენტებთან, ამიტომაც, გოგა ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია. თორნიკე შენგელიამ თავიდან დაიწყო, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ 3:53 წუთი გაატარა, დასაწყისშივე გავიდა და შემდეგ პარკეტზე აღარ დაბრუნებულა. დიდად არც კამარ ბოლდუინი დატვირთულა.
საბერძნეთი მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ, ოთხივე პერიოდში იმარჯვა, ხოლო საბოლოოდ, 41 ქულით, 94:53 მოიგო.
საქართველოს ნაკრებში სანდრო მამუკელაშვილმა 14 ქულა მიითვალა, 11-11 ქულა ჰქონდათ დუდა სანაძესა და გიორგი შერმადინს, 8 ქულით გამოირჩა გიორგი კორსანტია, რომელმაც პირველად ითამაშა მიმდინარე ევრობასკეტზე.
რა თქმა უნდა, ასეთი თამაშის ხარისხი სასიამოვნო არაა, თუნდაც სათადარიგო შემადგენლობით. საქართველოს ნაკრებს ბოლო ორი ტურის სრულად მობილიზება მოუწევს, თორემ ერთი ფეხის დაცდენაც შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს.
საბერძნეთის ნაკრებში იანის ანტეტოკუმპომ 27 ქულა მიითვალა, ტაილერ დორსიმ 14, ხოლო კოსტას მიტოღლუმ - 17.
საქართველოს ნაკრები ერთი მოგებით და ორი წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე მასპინძელს და აუტსაიდერს, კვიპროსს შეხვდება. ბოლო ტურის მატჩი ჯიკიჩის გუნდს 4 სექტემბერს, ბოსნიასთან ექნება.
საქართველო - საბერძნეთი 53:94 (13:22, 16:24, 12:23, 12:25)