კალათბურთი

19:24 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპანულისი: "ჯიკიჩი თავის გუნდზე ზრუნავს, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (94:53) შემდეგ ისაუბრა და ის თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო.

„მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თამაში მოხსნებში და სწრაფი შეტევებში. 19 მარტივი ქულა კარგი დაცვის შემდეგ სწრაფი შეტევით მოვიპოვეთ, რაც მომწონს. 28 პასი გვქონდა და შეიძლებოდა მეტი გვქონოდა. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, უნდა გავაუმჯობესოთ, ჯერ კიდევ გვაქვს სივრცე გაუმჯობესებისთვის. ჯერ კიდევ არის დეტალები, რომლებიც მსურს გავაუმჯობესოთ და ამას თამაშიდან თამაშამდე გავაკეთებთ. თუმცა, მთავარი რა თქმა უნდა, შედეგია.

ვუახლოვდებით იმ დონეს, რაც მსურს. ჯერ ბოლომდე იქ არ ვართ, მაგრამ ბიჭები დიდ ძალისხმევას იჩენენ. ბევრ ვიდეოს ვუყურებთ, ბევრს ვლაპარაკობთ. გუნდს ვასწავლი ჩემს ფილოსოფიას. დაცვაში თამაში კარგად ვიცით, ეს მომწონს, ყველა ცდილობს თავი საუკეთესოდ დაიცვას, ხოლო თავდასხმაში ბევრი იარაღი გვაქვს. შეიძლება ყოველდღე განსხვავებული მოთამაშე იყოს ლიდერი, მაგრამ როცა სწორად ვთამაშობთ, როდესაც ორი ან სამი კალათბურთელი გუნდს უძღვება, სახიფათოები ვართ.

საქართველოს როტაცია? მაქსიმალურ პატივს ვცემ ჯიკიჩს. ის ნამდვილად ზრუნავს თავის გუნდზე და ამას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გუნდზე ვზრუნავ და ჩემთვის ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები დავადგინოთ. არ მადარდებს, რას აკეთებს მოწინააღმდეგე, მხოლოდ ჩემს გუნდზე ვზრუნავ და იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ თამაში და სწორედ ეს გავაკეთეთ.“, - თქვა სპანულისმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელმა ტაილერ დორსიმ:

„შესანიშნავად ვითამაშეთ, კარგად ვათამაშებდით ბურთს. როგორც მწვრთნელმა თქვა, მოხსნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშუალებას გვაძლევდა სწრაფად გადავსულიყავით შეტევაში, რაც ჩვენს თავდასხმას ამარტივებდა. ცხადია, როცა იანისი სამი მცველის ყურადღებას იქცევს, დანარჩენმა მოთამაშეებმა უბრალოდ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, იყვნენ მზად ბურთის მოსაპოვებლად, სროლისთვის ან პასისთვის. ვფიქრობ, დღეს ეს კარგად გავაკეთეთ“.

საქართველოს ნაკრები ერთი მოგებით და ორი წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე მასპინძელს და აუტსაიდერს, კვიპროსს შეხვდება. ბოლო ტურის მატჩი ჯიკიჩის გუნდს 4 სექტემბერს, ბოსნიასთან ექნება.

0.14781