ფეხბურთი

3:25 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუსა ნიახატე: "მე და მიქაუტაძემ შარშან ერთმანეთს პირობა მივეცით, მისთვის წასვლა მტკივნეულია"
"დამწუხრებული ვარ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ესპანეთში მაგრად ითამაშებს"

„ლიონის“ ფეხბურთელმა მუსა ნიახატემ გიორგი მიქაუტაძეზე ემოციურად ისაუბრა და ჟურნალისტებს მათ შორის დაპირება გაუმჟღავნა.

ნიახატემ აღნიშნა, რომ ზუსტად იცის, ჟორჟისთვის რამდენად მტკივნეულია „ლიონიდან“ წასვლა.

„ბოლო 72 საათი ადვილი არ იყო, ჟორჟი ყველას გვიყვარს, ის არაჩვეულებრივი ბიჭია, ამის თქმა ადვილია, მაგრამ სიმართლეა. 10 წლის წინ პირველად ადვილი არ იყო წასვლა, შარშან ჩვენ დავბრუნდით, რათა „ლიონში“ რაღაც მოგვეგო.

პატარა ისტორიას მოგიყვებით, გასული სეზონის პირველ ტურში „რენის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, შეცდომა დავუშვი, რამაც გოლი გამოიწვია, მან მანანდას წინააღმდეგ პენალტი ააცილა. გასახდელში ვიჩხუბეთ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ კლუბს მანამ არ დავტოვებდით, სანამ აქ ერთად რამეს არ მოვიგებდით, ამიტომ ვიცი, რომ წასვლით გული სტკივა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ესპანეთში „ცუდ“ რაღაცებს ​​გააკეთებს“, - აღნიშნა ნიახატემ.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს „ვილიარეალი“ სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გამოაცხადებს, რადგან დღეს იხურება სატრანსფერო ფანჯარა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

0.089794