ფეხბურთი

1:25 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მოუთმენლად ველი "ვილიარეალში" შესანიშნავი მომენტების განცდას"

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

„ძალიან ვამაყობ, რომ ამ დიდი საფეხბურთო კლუბის ფერებს ვატარებ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას და ერთად შესანიშნავი მომენტების განცდას ყვითელ წყალქვეშა ნავში“, - დაწერა გიორგიმ.

მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია - ესპანურმა კლუბმა „ლიონს“ 36 მილიონი ევრო გადაუხადა.

„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.

გიორგი დემეტრაძის (სოსიედადი), შოთა არველაძის (ლევანტე), გიორგი ქოჩორაშვილისა (ლევანტე) და გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) შემდეგ მიქაუტაძე მეხუთე ქართველი იქნება, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

0.170201