ევრობასკეტის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრების ჯგუფში აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე საბერძნეთი ბოსნიასთან დამარცხდა, რამაც შეიძლება სატურნირო ცხრილში სიტუაცია ძალიან შეცვალოს. რა თქმა უნდა, მიზეზი ბოსნიის მოგებაა.
საბერძნეთმა იანის ანტეტოკუმპოს გარეშე ითამაშა და როგორც ჩანს, მის გარეშე სხვა გუნდია. თავიდან ვასილის სპანულისის გუნდი კარგად თამაშობდა, პირველი პერიოდი 25:19 მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე პერიოდიდან ბოსნიამ უპირატესობა მოიპოვა, რომელიც 12 ქულით მოიგო და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბოსნიელებმა უპირატესობა 3 ქულით კიდევ გაზარდეს. ბოლო პერიოდი საბერძნეთმა კვლავ 25:19 მოიგო, მაგრამ ეს არ ეყო - საბოლოოდ, ბოსნიამ 80:77 გაიმარჯვა (19:25, 25:13, 17:14, 19:25).
ამრიგად, საბერძნეთს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, რითაც მერვედფინალში უკვე გასულია, ბოლო ტურში კი ესპანეთს შეხვდება. ბოსნია საქართველოს უშუალო კონკურენტია, 2-2 მოგება/წაგებით მეორე ადგილზეა ამ დროისთვის და ბოლო ტურში 4 სექტემბერს, სწორედ საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
დღესვე, D ჯგუფშიც გაიმართა ერთი მატჩი, რომელშიც ისრაელმა ბელგია დაძაბულ ბრძოლაში 92:89 დაამარცხა. თუმცა, ბელგიამ მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო თამაშის დაძაბვა, რომელიც 14 ქულით მოიგო, თორემ სამი პერიოდის განმავლობაში ისრაელი ძალიან მშვიდად იყო.
ისრაელი 3 მოგებით და 1 წაგებითაა, ბოლო ტურში სლოვენიას შეხვდება, ხოლო ბელგია 1 წაგებით და 3 მოგებით მეოთხეა და გადამწყვეტი მატჩი პოლონეთთან ექნება.