კალათბურთი

22:00 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "ამ ეტაპზე იქ ვართ, სადაც ყოფნა გვინდოდა, ბოსნიასთან 40-წუთიანი ომი იქნება"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა ევრობასკეტის მეოთხე ტურში კვიპროსთან გამარჯვების (93:61) შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. პირველ რიგში, მინდა, რომ მეტოქის მიმართ ჩვენი მხრიდან პატივისცემა დავაფიქსირო. ისინი ყველა თამაშში 40 წუთის განმავლობაში თავიდან ბოლომდე იბრძვიან. ეს ძალიან კარგია და ამას ნამდვილად უნდა სცე პატივი. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მოვიპოვეთ თავისუფალი სროლები, ჩავაგდეთ კიდეც. თამაში ყოველთვის უფრო მარტივია, როცა სამქულიანებს აგდებ, განსაკუთრებით ჩვენთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი მიზნები ამ ეტაპზე ყველა შესრულებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელად ვიყოთ, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს გავალთ თუ არა ჯგუფიდან. ამ ეტაპზე იქ ვართ, სადაც გვინდოდა ვყოფილიყავით.

როგორც თოკომ თქვა, ეს იქნება დიდი ბრძოლა. მეტოქეს პატივს ვცემთ, ვიცით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ველით მხოლოდ რთულ თამაშს 40 წუთის განმავლობაში. სწორედ ამისთვის ვემზადებოდით: 40 წუთის განმავლობაში ომისთვის, ომისთვის ბრჭყალებში, არ მინდა, ვინმემ ჩემი სიტყვები არასწორად გამოიყენოს.

ვიცოდით, რომ ეს თამაში გადამწყვეტი იქნებოდა. ბოსნიას ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენც, არ ვიცი, რომელს უფრო სერიოზული. ამ გუნდის რამდენიმე კალათბურთელთან მიმუშავია, ზოგიც მომწონს, დიდი პატივისცემა გვაქვს მეტოქის მიმართ“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ C ჯგუფში 2 მოგება (ესპანეთსა და კვიპროსთან) და 2 წაგება (იტალიასა და საბერძნეთთან) აქვს, ბოლო ტურში კი, 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე უშუალო კონკურენტ ბოსნიას (2-2) შეხვდება. ამ მატჩის მოგებით საქართველო ჯგუფიდან აუცილებლად გავა, მაგრამ შეიძლება მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ესპანეთი დარჩენილ ორ მატჩს წააგებს (იტალიასა და საბერძნეთთან).

0.160942