კალათბურთი

22:26 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ბოსნიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, გვინდა, რიგაში წავიდეთ"
"საჯაროდ ვიტყვი, რომ გიორგი შერმადინი ნაკრებს ნოემბერშიც დაეხმარება"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტზე კვიპროსთან გამარჯვების (93:61) შემდეგ ისაუბრა.

მან დააანონსა, რომ გიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს და გუნდს ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაშიც დაეხმარება:

„ვიცოდით, რომ კვიპროსი თავიდანვე იბრძოლებდა და თუ მათ ბევრი სროლის, მარტივი ქულების ან სამქულიანების საშუალებას მივცემდით, თავდაჯერებას მოიპოვებდნენ და სერიოზულ პრობლემად გადაიქცეოდნენ. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო ეს არ დაგვეშვა და ვფიქრობ, კარგად შევასრულეთ. რაც შეეხება კვიპროსს, დიდი პატივისცემა მათ, რადგან თამაშებში, იქნება ეს 20 თუ 30 ქულით ჩამორჩენა, ისინი არასდროს წყვეტენ ბრძოლას. ეს ნამდვილად აღსანიშნავია და დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

დიახ, ჯგუფი ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ეს არის ევრობასკეტის კარგი მხარე თითქმის ყოველთვის ევრობასკეტზე ასეა და ეს ნიშნავს, რომ დონე ძალიან მაღალია. აღარ არის მხოლოდ ერთი ან ორი გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველასთან მოიგოს და ჯგუფში არ წააგოს. ვფიქრობ, აქ ყველამ ყველას წინააღმდეგ შეიძლება ითამაშოს. პატივს ვცემთ სხვა გუნდებს.

ბოსნიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მათ დღეს ძალიან ძლიერი განაცხადი გააკეთეს. ისინი აქ შემთხვევით არ არიან. ეს თამაშიც მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის. ველით ნამდვილ ბრძოლას. ამ წუთიდანვე დავიწყებთ ამ თამაშისთვის მზადებას. ჩვენი მიზანია რიგაში წავიდეთ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.

გიორგი შერმადინი ქართული კალათბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ვთხოვ და ნოემბერშიც ნაკრებში თამაშზე უარს ვერ იტყვის (იღიმის - რედ). ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, მართლა გულით ძალიან გაგვიხარდა: ოფიციალურად ჯერ არ გაუჟღერებია, მაგრამ გუნდში ყველას გვითხრა და როგორც გუნდის კაპიტანი მივცემ თავს უფლებას და ვიქნები პირველი, ვინც ამას საჯაროდ იტყვის: გიო ნოემბერშიც დაგვეხმარება და იმედი მაქვს, რომ მე-200 თამაშსაც ჩაატარებს და ამ რეკორდსაც მოხსნის.

ბოსნიამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად ძლიერი გუნდია და რამდენად ფიზიკურ კალათბურთს თამაშობს. საბერძნეთის დამარცხება ადვილი არაა, საბერძნეთს აქამდე წაგება არ ჰქონდა. ვნახეთ თუ როგორ თამაშობენ და ჩვენც ვეცდებით საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ ბოსნიელებს, რადგან ამ მატჩში გადაწყდება ჯგუფიდან გასვლის საკითხი. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ბოსნიასთან მატჩი“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ C ჯგუფში 2 მოგება (ესპანეთსა და კვიპროსთან) და 2 წაგება (იტალიასა და საბერძნეთთან) აქვს, ბოლო ტურში კი, 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე უშუალო კონკურენტ ბოსნიას (2-2) შეხვდება. ამ მატჩის მოგებით საქართველო ჯგუფიდან აუცილებლად გავა, მაგრამ შეიძლება მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ესპანეთი დარჩენილ ორ მატჩს წააგებს (იტალიასა და საბერძნეთთან).

0.092458