თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა და საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„ოთხი მეკარე გვყავს, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამიტომ მშვიდად ვართ. თუმცა ვინ ითამაშებს, წინასწარ ამაზე საუბარი არ მიყვარს. რაც შეეხება 2001 წლის შორეულ მოგონებას და თბილისში თამაშს, ეს ისტორიაა, ის სხვა დრო იყო, სხვა ნაკრებები, მაშინ ფეხბურთელი ვიყავი სხვა ნაკრებში, ახლა სხვა ნაკრებში ვმუშაობ. თუმცა, ეს თამაში ძალიან კარგად მახსოვს.
საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, ეს არის გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი თამაშით მთელი ქვეყანა გააბედნიერა და ხალხი ამაყობდა, როგორც ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის გახარება. საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც ნამდვილად განვითარდა და საშიშია. ძალიან რთული თამაში იქნება, მზად ვარ, ჩვენი ფეხბურთელებიც მზად არიან და იციან ამ მატჩის სირთულე, მოედანზე სასურველი შედეგისთვის გავალთ.
წელს არდას ყველა თამაში ვნახე, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა, ნახევარდაცვაშიც და თავდამსხმელის უკან 10 ნომრის პოზიციაზეც. რომელ პოზიციაზე მოვიაზრებ ნაკრებში, დამოკიდებულია მეტოქეზე და თამაშზე, ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება.
ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალა? ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ბევრმა ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი, მაგრამ ეს დიდ ფეხბურთელებზე გავლენას არ ახდენს. ფეხბურთელებმა შეკრების პირველივე დღიდან აჩვენეს, რომ გუნდში ბოლომდე ჩართული არიან, არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს.
შემტევების კარგი ფორმა? კონკურენციას ყოველთვის დადებითი ეფექტი აქვს. როდის უნდა ინერვიულო? როცა ფორმაში მყოფი ფეხბურთელები არ გყავს, მაშინ უნდა ინერვიულო. თუ ყველა ფეხბურთელი ერთად მუშაობს, ისინი, ვინც ძირითადში არიან და ვინც შეცვლაზე შედიან, სანერვიულო არაფერია.
ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რადგან პირველია და რთული მეტოქე გვყავს, რაც ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის წინაც ვთქვი. ჩემი აზრით, ეჭვაგრეშე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ შესაბამისად მოვემზადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის.
სტადიონზე ნამდვილად ცხელი ატმოსფერო იქნება და საქართველოს დიდი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება თამაშს, ყველა მატჩი განსხვავებულია, ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კონკრეტული ტაქტიკით თამაშობდა, მაგრამ ბოლო მატჩებში რაღაც შეცვალეს", - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს თურქეთთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. საქართველო 7 სექტემბერს, უკვე 17:00 საათზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.