თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მერიჰ დემირალმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ეს ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და გვსურს, გამარჯვებით დავიწყოთ. საქართველო ევროპის ჩემპიონატთან შედარებით გაუმჯობესდა და ჩვენც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. სრულად მომზადებულები ვართ, ყველაფერი კარგადაა, ვივარჯიშეთ. ძალიან კონცენტრირებულები ვართ და იმედია, ხვალ მოედანზე ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოვადგენთ. ჩვენი განწყობა მაღალია, გუნდის ყველა წევრი ბედნიერია აქ ყოფნით და ერთად ვერთობით. მზად ვართ და ეროვნული ნაკრების მაისურით ერთად ყოფნა შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოედანზე საუკეთესო პასუხს გავცემთ.
მიზანი ჯგუფში? ყველა შესაძლებლობისთვის მზად ვართ, მაგრამ გვინდა, რომ მატჩიდან მატჩამდე ვიმუშაოთ. ყველა ძალიან მოტივირებულია. ამდენი წლის შემდეგ გვაქვს შანსი, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. პირველი ადგილიც შორს არ არის და მეორე ადგილის შანსიც არსებობს, მაგრამ გვინდა, რომ მატჩიდან მატჩამდე ვიმუშაოთ. იმედია, ხვალ საუკეთესოდ დავიწყებთ და შემდეგ ჯგუფს საუკეთესოდ დავასრულებთ.
დაძაბულობა ნაკრების ორ ფეხბურთელს შორის? ალბათ, ასე ჰგონიათ, მაგრამ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი განწყობა ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერები ვართ, მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ხვალ ამას ვაჩვენებთ.
კვარას წინააღმდეგ ვითამაშე, კარგი მოთამაშეა. საქართველოს სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არავის გვეშინია. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს და ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო პასუხს გავცემთ", - თქვა დემირალმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს თურქეთთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. საქართველო 7 სექტემბერს, უკვე 17:00 საათზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.