ფეხბურთი

23:00 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "საქართველო ორგანიზებული გუნდია, დღევანდელი გამარჯვება 3 ქულაზე მეტს ნიშნავს"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და აღნიშნა:

„მას შემდეგ, რაც 10 ფეხბურთელით დავრჩით, თამაშის ინერცია ცოტა შეიცვალა, მანამდე დომინანტები ვიყავით, ბევრი მომენტი შევქმენით. ვწუხვარ ბარიშის გაძევების გამო, რადგან ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებიდან გამომდინარე მოვემზადეთ, რასაც ვაკვირდებოდით, ნახევარმცველები და მცველები ცოტა უკან იყვნენ დაწეულები და შესაბამისად მოვემზადეთ.

ევრო 2024-ზე და დღეს სხვადასხვა თამაში იყო განსხვავებული კონტექსტით. დღეს ცოტა მეტად მოგვიწია ტანჯვა, მაგრამ ფეხბურთი ეპიზოდებისგან შედგება. დიახ, სიმართლეა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გაგვიჭირდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმს. ეს ამტკიცებს, რომ საქართველო ორგანიზებული გუნდია, შესანიშნავი მახასიათებლებით და შესაბამისად, ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება ცოტათი სამ ქულაზე მეტს ნიშნავს, იმიტომ, რომ პირველი მატჩი იყო, ძლიერ მეტოქესთან. ამიტომაც, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით, ყოველი მატჩის წინ სხვანაირად ხდება ვარჯიში და ტაქტიკის დაგეგმვა, მეტოქიდან გამომდინარე. ესპანეთთან თამაში ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, ევროპის ჩემპიონთან შინ ვითამაშებთ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. თურქული სპორტისთვის მნიშვნელოვანი კვირაა, კალათბურთის ნაკრებმა მოიგო, ასევე, ქალებმაც ფრენბურთში და ვულოცავ, ეს თურქული სპორტისთვის ბედნიერი დღეებია.

ჭორებზე მეცინება, ეს ჩემთვის სტიმულია და გუნდისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. ამ ბიჭებს ერთმანეთი უყვართ, დანარჩენი უბრალოდ ლაპარაკია, ძველი ვიდეოც კი გამოაქვეყნეს. შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროა, როდესაც შეკრება ასე ცოტა ხანს გრძელდება, ამჯერად მხოლოდ ერთი კვირა, რადგან ერთად ყოფნა სასიამოვნოა. ნამდვილად ვამაყობ, არა მხოლოდ ამ ბიჭების მწვრთნელობით, არამედ მათთან ერთად ყოფნით.

ბოლოს ბევრი ვინერვიულეთ, რასაც სიამოვნებით ავირიდებდი თავიდან, მაგრამ ბოლო 30 წუთში დავინახეთ ამ გუნდის სულისკვეთება, რომელიც ბოლომდე გულით იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. სეზონის დასაწყისია, რაც ყოველთვის რთულია, შესაბამისად, ინდივიდუალურად შევაფასებთ ფეხბურთელების მდგომარეობას და ასე მივიღებთ საუკეთესო ტექნიკურ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ესპანეთს, ევროპის ჩემპიონთან ვიეთამაშებუთ, ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, დარწმუნებული ვარ, გვაქვს იარაღი, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ. მათ ბევრი ძლიერი მხარე აქვთ, მაგრამ დარტყმა უნდა მივაყენოთ სუსტ მხარეებში, რომლებიც ყველა გუნდს აქვს და ასე ჩავაყენოთ სირთულეებში“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე" ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო თურქეთს სტუმრად 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

0.172689