ფეხბურთი

23:30 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი: "კიტეიშვილის არყოფნამ დიდი როლი ითამაშა, მანამდე სხვა ტაქტიკა გვქონდა დაგეგმილი"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში თურქეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ხიზანიშვილი იმიტომ იყო პრესკონფერენციაზე, რომ სანიოლი გააძევეს და შესაბამისად, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლის უფლება არ ჰქონდა:

„ვილის რეაქცია თავისებურად ჰქონდა, მაგრამ ვერ დავინახე, რომ მსაჯების მიმართ ჰქონოდა. აფექტში იყო ადამიანი, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, აგრესიული იყო, მაგრამ წითელი ბარათის მგონი დამეთანხმებით, ნამდვილად არ იყო.

გეთანხმებით, რომ წარმატების მიღწევაში 5-მცველიანი ტაქტიკა დაგვეხმარა, მაშინაც სულ გვესმოდა, რომ შეტევას აკლდებოდა ერთი კაცი. ზოგადად, მოსმენით ყველას ვუსმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი იღებს. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანი გვინდოდა, ეს წინა მატჩებმაც გვანახა, ამაზე გვქონდა საუბარი და ოდესღაც უნდა გადავსულიყავით. მივცემ ჩემს თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არმგონია შემდეგ მატჩებში ისევ 5-მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდეთ.

ფეხბურთელებმა ასეთი დიდი დონის მატჩების სტაბილურად თამაში უნდა ისწავლონ, პირველივე წუთიდან, იმიტომ, რომ გვახსოვს, შარშან ზუსტად ასე დაგვემართა რამდენიმე თამაშში. დღესაც ეს მაგალითი გვაქვს. შეცდომები ინდივიდუალური იყო, არ მინდა, შევეხო, მაგრამ ეს ფაქტია, როდესაც გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ეს აუცილებლად ისახება სათამაშო პროცესში. მამარდაშვილი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მხოლოდ მამარდაშვილზე საუბარი არ არის, სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ გუნდში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთი ფეხბურთელები გვაკლდა, როგორებიც კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეა.

რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ორი სხვადასხვა ასაკის მცველი გვყავს: ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე ძალიან პერსპექტიული გოგლიჩიძე, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მეორე სართულზე თამაშში. თუმცა ვიმეორებ, რომ გვინდა 4-მცველიანი ტაქტიკით თამაში გავაგრძელოთ და არც მოიაზრება, რომ ვინც არ უნდა დაგვემატოს დაცვაში, ეს ტაქტიკა შეიცვალოს, ვილის სიტყვებს გეუბნებით. თუმცა, ხვალ და ზეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს.

კიტეიშვილის ტრავმამდე გეტყვით, რომ 4-3-3-ით თამაშს ვაპირებდით, მაგრამ კიტე ბოლო მომენტში გამოგვაკლდა და ამიტომაც მივიღეთ 4-4-2 სქემა და აქცენტი ორ თავდამსხმელზე გავაკეთეთ. თუმცა, თუ დააკვირდით, პირველივე ტაიმშივე მოვახდინეთ 4-3-3-ზე გადასვლა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა, თავისი დრო მაინც სჭირდება. გეთანხმებით, რომ კიტეს არყოფნამ ძალიან დიდი როლი ითამაშა.

შეტევაში ამ ეტაპზე რა კონტიგენტიც გვყავს, გულიაშვილი, ბუდუ, კვერნაძე, ლობჟანიძე, ვისაც დღეს არ უთამაშია, რა თქმა უნდა, ამ კონტიგენტს დავეყრდნობით, გადაწყვეტილებას ხვალ-ზეგ მივიღებთ, გამომდინარე იქიდან, ბიჭები როგორ იქნებიან ფიზიკურად და სამედიცინო შტაბის პასუხის მიხედვით“, - თქვა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე" ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო თურქეთს სტუმრად 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095662