საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ჯგუფიდან ვერ გავიდა, თუმცა შანსი ჯერ კიდევ დარჩა.
საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც ბოსნიამ შესანიშნავად ჩაატარა, მეტწილად, პერიმეტრიდან, საიდანაც ბოსნია ბრწყინვალედ ისროდა, ხოლო საქართველო პირიქით - თავს საშინლად იცავდა.
შედეგად, ლოგიკურიც იყო, რომ ბოსნიის ნაკრებმა ორივე მეოთხედი მოიგო 20:15, 27:20 და დიდ შესვენებაზე კოფმორტული, 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრების გამოდგა, რომელმაც მოახერხა თამაშში დაბრუნება და პერიოდი ისე მოიგო, როგორც მეორე მეოთხედი წააგო - 27:20.
შედეგად, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩამორჩენა მხოლოდ 5 ქულა იყო და ბრძოლა გრძელდებოდა. დასაწყისში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდისთვის მართლაც შესანიშნავი გამოდგა და ანგარიშიც გათანაბრდა (69:69). თუმცა, ეს გამოდგა მაქსიმუმი, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ვეღარ მოახერხა არათუ წინგასვლა, არამედ ანგარიშის შენარჩუნება და ლამის ყველა შეტევა უშედეგო გამოდგა.
ბოსნიის ნაკრებმა საკვანძო მონაკვეთი დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ, 84:76 გაიმარჯვა, რითაც მერვედფინალში გავიდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამოსვლა 2 მოგებით და 3 წაგებით დაასრულა. ჯიკიჩის გუნდმა ესპანეთს და კვიპროსს აჯობა, ხოლო იტალიასთან, საბერძნეთსა და უშუალო კონკურენტ ბოსნიასთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ხუთეულის ყველა წევრმა (სანაძე, შენგელია, ბითაძე, შენგელია, მამუკელაშვილი) ნახევარ საათზე მეტი ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში პრაქტიკულად არცერთს დაუსვენია.
სანდრო მამუკელაშვილმა 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, კამარ ბოლდუინს 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, გოგა ბითაძეს 15 ქულა და 5 მოხსნა, თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი, დუდა სანაძემ - 13. სათადარიგო კალათბურთელების აქტივში სულ 4 ქულა (შერმადინი 2 და ანდრონიკაშვილი 2).
ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის: ეს გაირკვევა დღის ბოლოს, როცა საბერძნეთი და ესპანეთი შეხვდებიან. თუ საბერძნეთი მოიგებს, საქართველო მეოთხე ადგილს დაიკავებს და მერვედფინალში გავა, ხოლო ესპანელთა გამარჯვება იმის მაჩვენებელი იქნება, რომ საქართველო ჯგუფში მეხუთე ადგილს დაიკავებს და ჩარჩება.
ბოსნია - საქართველო 84:76 (20:15, 27:20:27, 17:14)