ფეხბურთი

21:59 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დაგვიანებული გამოფხიზლება

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პირველ ტურზე ვსაუბრობთ, ეს წაგება შეიძლება საკვანძო გამოდგეს. საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი მხოლოდ ოთხგუნდიანი ჯგუფია, შესაბამისად, ექვსტურიანი, პირდაპირ მუნდიალის საგზურს მხოლოდ პირველი ადგილი იძლევა და ჯგუფშია ესპანეთი, მეორეც შინ უშუალო კონკურენტთან წაგება კარგის მომასწავებელი არაა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თამაშში შესვლა პრაქტიკულად ვერ მოახერხა და სწრაფიც გოლიც გაუშვა. არდა გიულერის კუთხურს მერთ მიულდურის გოლი მოჰყვა. „ფენერბაჰჩეს“ მცველმა ნაკრებში სულ მესამე გოლი გაიტანა და მეორედ საქართველოსთან - სწორედ მან გახსნა ანგარიში ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაშიც.

პირველ ტაიმში ვილი სანიოლის გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, შეტევას ხიფათი არ ჰქონდა და დაცვაშიც შეცდომები იყო, რითაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ისარგებლეს - კერემ აკტურკოღლუმ საჯარიმოში ქართველების უყურადღებობით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

თურქეთმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო. გურამ კაშიამ არაზუსტი პასი გააკეთა საჯარიმოსთან, რაც მეტოქემ გამოიყენა და აკტურკოღლუმ, რომელიც კარის წინ მარტო იყო, ადვილად გაიტანა.

0:3 და თითქოს, ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაშის დაძაბვა მაინც მოახერხა. 10 წუთში ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი რეიდი განახორციელა და მეკარესთან პირისპირ ანრი მექვაბიშვილი დატოვა, რომლის დარტყმა ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ყველას დავითაშვილმა დაასწრო, სხვაობა შეამცირა და ნაკრებში მეშვიდე გოლი გაიტანა.

71-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა რიცხვობრივი უპირტესობა მიიღო. გიორგი ქოჩორაშვილთან უხეშობისთვის ბარიშ ილმაზი გააძევეს, რომელიც მოედანზე სულ 5 წუთის შესული იყო. დრო საკმარისი იყო გაბრძოლებისთვის. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მანამდე თურქები იდეალურად აკონტროლებდნენ, ორჯერ სცადა გატანა: ჯერ მეკარემ აჯობა, მერე ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

კვარაცხელიამ მაინც გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საჯარიმოს მისადგომებიდან და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (კვარასთვის ეს მე-19 გოლი იყო ნაკრებში).

ქულის გადარჩენის იმედი გაჩნდა და შანსიც, რადგან ორ წუთში დავითაშვილმა დაარტყა და თურქეთი მეკარემ იხსნა, თორემ ქამბექი შეიძლებოდა. მერე უკვე დრო აღარ იყო, თამაშიც დასრულდა. ამრიგად, საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა და ეს, რაღა თქმა უნდა, ცუდი სტარტია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ თბილისში, 7 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - თურქეთი 2:3 (0:2)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-4-2): მამარდაშვილი; კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 85), გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი (აზაროვი 69); წიტაიშვილი, (გაგნიძე 46), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (გულიაშვილი 81), დავითაშვილი; კვარაცხელია; მიქაუტაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

თურქეთი (4-2-3-1): ჩაკირი; მიულდური, დემირალი, ბარდაკჩი, ელმალი; ჩალჰანოღლუ, იუკშეკი (კოკჩუ 46); აკგუნი (აიდინი 66), გიულერი (კაჰვეჩი 86), ილდიზი (კადიოღლუ 79); აკტურკოღლუ (ილმაზი 66)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 მიულდური (3), 0:2 აკტურკოღლუ (41), 0:3 აკტურკოღლუ (52), 1:3 დავითაშვილი (63), 2:3 კვარაცხელია (90)

გაფრთხილება: ლოჩოშვილი (39), კაკაკბაძე (40), ქოჩორაშვილი (73), მიქაუტაძე (90) - იუკშეკი (21), ილდიზი (74), ჩალჰანოღლუ (90)

გაძევება: ილმაზი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170323