იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხბურთზე ფიქრობს. განსაკუთრებით ისეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორშიც საქართველოა. ზოგი იმასაც კი ამბობს - რა გეფეხბურთებათო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყება უბრალო და ჩვეულებრივი მოვლენა არასოდეს ყოფილა და ათას ვაებანახული ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე თუ ტელევიზორებთან მიმსხდარნი მაინც ჯიუტად არ იშლიან ძველ ჩვევებს და იმედებით აღვსილნი ხვდებიან ნაკრების პირველ შეხვედრას. ასე იყო 4 სექტემბერსაც.
სადაც არ უნდა შესულიყავი - მაღაზიაში, აფთიაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში, ყველგან ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ და იმედს გამოთქვამდნენ, რომ თურქეთთან თამაში იქნებოდა პირველი დიდი ნაბიჯი საოცნებო ტურნირისაკენ მიმავალ გზაზე. ყველა ახსენებდა ორ გვარს, კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს და ყველამ იცოდა, რომ ამ ბიჭების მოსაკლისება ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ჩვენს გუნდს, თუმცა უიმედოდ არავინ იყო, რადგან ხალხში ჯერ კიდევ არსად გამქრალა გასული ევროპის ჩემპიონატის ემოცია, როდესაც ხალხმა ირწმუნა, რომ აქამდე წარმოუდგენელი რამეებიც კი შეიძლება მოხდეს და საქართველოს ნაკრებს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ეს სტატისტიკოსებს და პროგნოზისტებს შეიძლება ეგონოთ.
თბილისის ქუჩებში მოსიარულე ახალგაზრდებისა და ბავშვების უმეტესობას საქართველოს ნაკრების მაისურები ეცვათ, რესტორნებისა და ბარების წინ პლაკატები იყო გამოკრული, რაც გვაუწყებდა, რომ ამ კვებით დაწესებულებაში დიდი ტელევიზორი ჰქონდათ და საქართველოს ნაკრების თამაშის ნახვა მათთან განსაკუთრებულად კომფორტული იქნებოდა. შემხვდა საქართველოს ეროვნული დროშებით გაწყობილი ავტომობილებიც.
მსგავსი წინასამატჩო სამზადისი და ხალხის ემოციები საფრანგეთში მაქვს ნანახი, როდესაც ქალაქი ლიონი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების თამაშებისთვის ემზადებოდა. მახსოვს, მაშინ ვთქვი, უფრო სწორად კი დავიწუწუნე - ნეტავ, საქართველოს როდის ეღირსება ასეთი დღე, როცა ფეხბურთი მთელს ქვეყანას გააერთიანებს. გავიდა ცხრა წელი და საკუთარი თვალებით ვნახე, რომ თბილისში არანაკლები სიმძაფრით ტრიალებდა წინასამატჩო ემოცია. დავდიოდი ქუჩებში და მიხაროდა, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არაფრითაა სხვაზე ნაკლები და თუკი ფეხბურთში თუნდაც მცირე წარმატებას ამხელა რამ შეუძლია, მაგალითად რა მოხდება თუ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დაბრუნება შევძელით და ევროკავშირის კარი შევაღეთ?!
რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს შემართული ხალხი, პატიოსანი მშრომელი მოქალაქეები, რიგითი ადამიანები პირში ჩალაგამოვლებულნი დარჩნენ საქართველო-თურქეთის შეხვედრის შემდეგ. თურქეთი ობიექტურად ძლიერი გუნდია და მასთან მარცხი საერთოდ არ იყო დიდი მოულოდნელობა, მაგრამ არაფერია იმედმოცემულ ადამიანების გაწბილებაზე ცუდი. ხალხმა სასწაულების ირწმუნა, რეალობა კი სულ სხვა გვაქვს. ზოგი ამას გამოფხიზლებას ეძახის, მაგრამ ვის რად უნდა ასეთი „სიფხიზლე“, როდესაც იცი, რომ კიდევ ერთი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაივლის საქართველოს ნაკრების გარეშე, შემდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კი, ასაკის ან ფორმაში ვეღარყოფნის გამო, ამ გუნდს დიდი ალბათობით, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდებადა რამდენად სათანადოდ ჩაანაცვლებენ მათ, ეს არავინ იცის...