მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვალიდ რეგრაგის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
მაროკომ რაბათში, ნიგერის ნაკრები 5:0 გაანადგურა. შედეგად 18 ქულა აქვს და უახლოესი მდევარი ტანზანია ვერ დაეწევა (10 ქულა). მაროკომ მუნდიალის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა და პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ეს მოახერხა.
მოგეხსენებათ, მაროკოს ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალზე შესანიშნავად იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკის და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, მაროკომ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.