მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო პორტუგალიის ნაკრებმა.
პორტუგალიამ ერევანში სომხეთის ნაკრები 5:0 გაანადგურა. დუბლით გამოირჩნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჟოაო ფელიქსი, ერთიც ჟოაო კანსელომ გაიტანა. სხვათა შორის, პორტუგალიელთა გოლების ყველა ავტორი საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშობს.
კრიშტიანუ რონალდუს ეროვნულ ნაკრებში უკვე 140 გოლი დაუგროვდა, კარიერაში - 942. ამავე ჯგუფში უნგრეთი გასვლაზე ირლანდიას ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 2:2.
ინგლისის ნაკრებმა ისევ მოკრძალებული ანგარიშით მოიგო ძალიან სუსტ მეტოქესთან - 2:0 ანდორასთან. პირველ ტაიმში სტუმრებმა ავტოგოლი გაიტანეს, შემდეგ დეკლან რაისმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. ამავე ჯგუფში სერბეთმა ლატვიაში დუშან ვლაჰოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგო. ინგლისი 12 ქულით ლიდერია, სერბეთს 7 ქულა აქვს, შემდეგ მოდიან ალბანეთი (5), ლატვია (4) და ანდორა (0).
კიდევ ერთ ჯგუფში იყო მატჩები: ბოსნიამ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, სტუმრად სან მარინო 6:0 გაანადგურა და უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერია. ავსტრიის ნაკრებმა შინ 1:0 აჯობა კვიპროსს და ისიც უდანაკარგოა, მაგრამ 9 ქულა აქვს, რადგან ბოსნიასთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.