ფეხბურთი

23:00 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძე: "ოთხმცველიან ტაქტიკას ნელ-ნელა გავაუმჯობესებთ, ძალიან ძლიერი ნაკრები ვართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილმა, საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ბულგარეთთან (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრეს:

გიორგი ქოჩორაშვილი: „პირველ რიგში კალათბურთელთა ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და იმედია, ფინეთთანაც დიდი ბრძოლით მოიგებენ. ჩვენ წაგებული მატჩის შემდეგ მოვიგეთ, ახლა დავბრუნდებით გუნდებში, სადაც კარგად უნდა ვითამაშოთ და შემდეგ დავბრუნდებით ეროვნულ ნაკრებში“.

საბა გოგლიჩიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან წაგებული მატჩის შემდეგ რთულია კონცენტრაცია, მაგრამ მოვახერხეთ. მადლობა გულშემატკივარს, ასეთ ამინდში როგორ შეუძლიათ ასეთი გულშემატკივრობა, არ ვიცი. ვულოცავ კალათბურთელთა ნაკრებს, დღეს ჩვენი დღე იყო. ოთხ მცველზე ახალი გადასულები ვართ, ნელ-ნელა დავხვეწავთ. გურამთანაც და ლუკასთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. თურქეთთან გოლები იმიტომ არ გაგვიშვია, რომ ოთხი მცველით ვთამაშობდით. უნდა დავხვეწოთ და შეგვიძლია ძალიან ძლიერი ნაკრები ვიყოთ და ჩემი აზრით, ვართ კიდევაც“.

ზურიკო დავითაშვილი: „კარგი გოლები გავიტანეთ და რაც გვინდოდა, თურქეთის მატჩის შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ. მადლობა გულშემატკივარს, ძალიან წვმიდა და ყველა სტადიონზე იყო. მინდა, მივულოცო კალათბურთელთა ნაკრებს, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოიგეს და წარმატებებს ვუსურვებთ. კვარა ძალიან მაგარი კაპიტანია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მესამედ დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები, რომელთანაც ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.

0.092544