საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ფოტუმ საქართველოსთან მარცხის (70:80) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს დიდი იმედგაცრუებაა და კალათბურთელებთან საუბარი ექნება:
„ინტენსივობის თვალსაზრისით ისე ვერ ვითამაშეთ, რასაც ველოდი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეტოქეს მატჩის დასაწყისში სამწამიანში შეღწევის ამდენი უფლება მივეცით. გავარკვევთ მიზეზს და ბიჭებთან საუბარი გვექნება. ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან საჭირო ინტენსივობით ვერ ვითამაშეთ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი.
დიდი იმედგაცრუება და სინანულია, ეს არის ფიასკო, რომლის მიღება გვიწევს. იმედგაცრუებული ვარ ყველა ჩვენგანის და ფრანგული კალათბურთის გამო, რადგან ცხადია, გვინდოდა უკეთესი შედეგის ჩვენება. იმედი მაქვს, ამას გაკვეთილად გამოვიყენებთ, რათა შემდეგი მატჩები უკეთესად ვითამაშოთ“, - თქვა ფოტუმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთის ნაკრებს შეხვდება.