ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ 6:0 პრესკონფერენცია გამართა, სადაც მატჩი შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ამაყია, რომ ასეთი ფეხბურთელების მთავარი მწვრთნელია.
"მე ამაყი ვარ, რომ ამ თაობის მწვრთნელი ვარ. ეს ფეხბურთელები ერთად უკვე დიდი ხანია თამაშობენ. მათი კონკურენტუნარიანობის დონე გასაოცარია და ამით აღფრთოვანებული ვარ. მიუხედავად ყველაფრის ვთვლი, რომ ჩემს ფეხბურთელებს კიდევ აქვთ პოტენციალი, რომ განვითარდნენ და მოუმატონ. შესაძლოა დღევანდელი მატჩის შედეგი მარტივად ჩანდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამისთვის ბევრი გაიღეს. თურქეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, მათი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ და დიდი ხარისხი გააჩნიათ. აქედან გამომდინარე მათზე დასკვნების გამოტანა ერთი თამაშიდან გამომდინარე არასწორია." განაცხადა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს - 0. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო ბულგარეთი - თურქეთს.