კალათბურთი

20:31 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "დამწუხრებული ვართ, მაგრამ ამას სიამაყის გრძნობა ფარავს"
"მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ფინეთი თავიდანვე გაგვექცა"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებთან მარცხის (79:93) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან დამწუხრებულები არიან, მაგრამ ამავდროულად უნდა იამაყონ, რადგან ყველას აჩვენეს ხასიათი და მებრძოლი სულისკვეთება.

„ვულოცავ ფინეთის მწვრთნელს და მთლიანად გუნდს. დღეს ვცადეთ, ყველაფერი ვცადეთ იმისთვის, რომ შეგვეჩერებინა მეტოქე, მაგრამ ისინი ძალიან ეფექტურად თამაშობდნენ - ისინი ისროდნენ 55%-ით სამქულიანიდან, ჩვენ კი მხოლოდ 32%-ით. ასე რომ, მართლა ძნელია ასეთი გუნდის შეჩერება. მჯერა, რომ ვიბრძოლეთ, ნამდვილად ვიბრძოლეთ, მაგრამ იცით, ამ წუთას დამწუხრებულები ვართ, თუმცა ამავდროულად უნდა ვიამაყოთ, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში ყველას ვაჩვენეთ, რომ ვიბრძოდით, ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი და ყველას დავუმტკიცეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. კიდევ უფრო შორს წასვლა? კარგი იქნებოდა, ამჯერად ვერ მოხერხდა. იქნებ, შემდეგში შევძლოთ.

თუ შეკითხვა ის არის, რომ ვთქვა, თითქოს მსაჯების გამო დავმარცხდით - ასე არაა. მათ დამსახურებულად მოგვიგეს. იყო მომენტები, როცა მეგონა, რომ უსამართლო იყო? კი, მაგრამ ჩვენ ამის გამო არ დავმარცხებულვართ. ნამდვილად არა. ისინი უბრალოდ ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ერთ რამეს ვიტყვი: საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული, რომ ფინეთის მწვრთნელს და მოთამაშეებს მოედანზე ვერ მივულოცე, ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ვნანობ, თუ გულწრფელი ვიქნები. მაგრამ აუცილებლად ვიპოვი მას და მივულოცავ. დღეს მსაჯების გამო არ დავმარცხებულვართ.

ძალიან რთული თამაში იყო, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, გვაჯობეს, უნდა ვაღიაროთ. სამქულიანები 55%-ით ისროლეს, ჩვენ 32%-ით. ძალიან ფიზიკურად გვეთამაშნენ. შეცდომა ის იყო, რომ თავიდანვე გაგვექცნენ, თორემ შემდეგ თუ შევხედავთ ანგარიშს, თანაბრად ვეთამაშეთ, ამიტომ, თავიდან გაქცევა იყო შეცდომა. ძალიან დამწუხრებულები ვართ ყველა, მთელი ქვეყანა, რადგან ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ამ მწუხარებას ფარავს სიამაყის გრძნობა, იმიტომ, რომ მართლა ვამაყობ ჩემი ბიჭებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით, ყველათი. უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა დღეს, ნახეთ ალბათ, მთელი თამაში არ გაჩერებულან. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ტელევიზორიდან გვიყურებდნენ. მათაც უღრმესი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ბიჭებმა, რაც გავაკეთეთ, გულშემატკივარი ამაყობს ჩვენით. ჩვენი მიზანი იყო, რომ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა ჩვენი ხასიათი, მებრძოლი სული, ასევე ახალგაზრდებისთვისაც გვეჩვენებინა და ჩემი აზრით, ეს შევძელით. კი, დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შევძელით“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მაინც ისტორიული შედეგია, რადგან ისტორიაში პირველად ითამაშა მეოთხედფინალში. ჯიკიჩის გუნდმა 7-დან 3 მატჩი მოიგო: მოქმედი ევროპის ჩემპიონის ესპანეთის, მოქმედი ევროპის ვიცე-ჩემპიონის საფრანგეთისა და მასპინძელი კვიპროსის წინააღმდეგ, ხოლო 4 შეხვედრა წააგო იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და ფინეთის წინააღმდეგ.

0.09895