„შახტარი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის დოპინგის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას უჩივლებს. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, იგორ ბურბასმა განაცხადა.
წყაროს ცნობით, სარჩელს იმ შემთხვევაში შეიტანენ, თუ დადასტურდება, რომ ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბანაკში ყოფნის დროს აკრძალული ნივთიერებები მიიღო. 2024 წლის დეკემბრიდან მუდრიკი დოპინგის დადებითი ტესტის გამო „ჩელსის“ მატჩებიდან დისკვალიფიცირებულია: ფეხბურთელის ორგანიზმში მელდონიუმი, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული პრეპარატი, აღმოაჩინეს.
მიხაილო „ჩელსიში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ჯამში, ნახევარმცველმა „ლურჯების“ რიგებში ყველა ტურნირზე 73 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.