„ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის პრეზენტაცია გაიმართა. ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ბავშვობიდან ოცნებობდა ლა ლიგაში თამაშზე:
„მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს, მწვრთნელს ნდობისთვის. ვიცი, რომ კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ვარ. მიყვარს დიდი მიზნების მიღწევა და განსაკუთრებული საქმეების შესრულება. მოუთმენლად ველოდები სტადიონზე გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მაქსიმუმს გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ყველგან, სადაც ვიყავი.
ვიცი ის ფეხბურთელები, რომლებიც „ვილარეალში“ თამაშობდნენ, აქ მართლაც დიდი თავდამსხმელები იყვნენ. რობერ პირესთანაც ვილაპარაკე, სანამ „ვილარეალში“ მოვიდოდი. მითხრა, რომ ეს ოჯახური კლუბია და აქ ძალიან კარგ დროს გავატარებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად წავა.
ჩემი სათამაშო უნარების გამო ვფიქრობ, ლა ლიგასთან ადაპტირება კარგად შემიძლია. ამ ჩემპიონატს ბავშვობიდან ვუყურებდი და მინდოდა აქ თამაში. ჩვენი გუნდის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
გუნდში ყველა გავიცანი, მწვრთნელთან ჯერჯერობით, განსაკუთრებული საუბარი არ მქონია. ვფიქრობ, სალაპარაკოდ მეტი დრო გვექნება. ზოგიერთი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში იყო და დღეს ბრუნდებიან. აიოზე პერესთან უკვე დავმეგობრდი, ვარჯიშზე მისგან ძალიან კარგი პასები მივიღე. ნელ-ნელა ყველას უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს.
ლა ლიგაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ასევე, დიახ, რა თქმა უნდა, ვისაუბრე მამარდაშვილთან, ის ახლომდებარე კლუბში გამოდიოდა, რომლის სახელიც არ მინდა ვთქვა (იღიმის). ახლო მომავალში ლა ლიგაში სხვა ქართველებიც ითამაშებენ, რომლებიც გზას კარგად გააგრძელებენ.
მექნება დრო ადაპტაციისთვის, რომ ნელ-ნელა ყველა გავიცნო, მაგრამ ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზად ვარ. ძალიან მინდა დაწყება, აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ „ვილიარეალში“ ჩემს კარიერას პირდაპირ დიდ თამაშში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ დავიწყებ. უფრო მაგარი დასაწყისი ახალი თავგადასავლისთვის ვერ წარმომიდგენია“, - თქვა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალს“ ექვსწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. მისი დებიუტი 13 სექტემბერს, სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უნდა შედგეს, ხოლო 16 სექტემბერს „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ შეხვდება. მარსელინოს გუნდს ლა ლიგაში კარგი სტარტი აქვს - სამ ტურში 7 ქულა.