ქართველი მოკრივე ლაშა გურული ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა. ინფორმაცია თავად ლაშამ დაადასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ექიმებთან ერთად მიიღო, რადგან ხელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
გურული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული აქვს.
"დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში,.მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს,დაფასებას და სიყვარულს.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, იცით რომ ნახევარფინალში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა სამედიცინო კვლევის,ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით,მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას,რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება. ბუნებრივია ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება.
6 წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა, ამჯერად მიზანშეწონილია გავივიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი. წინ დიდი გზა გვაქვს, პროფესსიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028 !" - დაწერა სოციალურ ქსელში გურულმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე განთესილი იყო და ტურნირზე 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუსა ალჰავსავის აჯობა, შემდეგ იყო ირლანდიელი დინ ქლენსი, ხოლო ლაშამ მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება.