„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩის (4:0) შემდეგ, რომელშიც ბრწყინვალე გოლი გაიტანა, Sky Sport-თან ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
- დაამტკიცეთ, რომ თამაში შეგიძლიათ და მართლაც ბრწყინვალე გოლი გაიტანეთ?
- დიახ, შემეძლო თამაში და ლამაზი გოლი იყო. მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა ძალიან კარგად იმუშავა, ამიტომ მზად ვიყავი და ძალიან მიხარია, რომ თამაში და გუნდის დახმარება შევძელი.
- შეგიძლიათ ჩემპიონთა ლიგის ისევ მოგება?
- ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, შესაბამისად, ჩვენს თამაშებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ გვინდა ყველასთან კონკურენცია და აუცილებლად ვეცდებით.
- ფინალში ვისთან გსურთ შეხვედრა? იქნებ, „ნაპოლისთან“?
- არ ვიცი... ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილად ბევრი ძლიერი გუნდია და ყველასთან რთული იქნება, მაგრამ ვიცით, როგორ ვითამაშოთ ჩვენი თამაში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული ვიქნებით, ვიცით, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.