ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც შესანიშნავი გამოუვიდა.
ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა, ხოლო „სპორტინგმა“ ალმატის „კაირატი“ 4:1 გაანადგურა.
44-ე წუთზე ანგარიში შორი მანძილიდან ტრინკაომ გახსნა, ასისტენტი ქოჩორაშვილი იყო, რომელმაც პასი თანაგუნდელს ქუსლით გაუკეთა. ეს გიორგის პირველი შედეგიანი მოქმედებაა პორტუგალიურ კლუბში.
ქოჩორაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს. „სპორტინგმა“ ამის შემდეგ გაზარდა უპირატესობა: ტრინკაომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ალისონ სანტოსმა და ჯოვანი კენდამ გაიტანეს. ყაზახებმა ბოლოს ედმილსონ სანტოსის გოლით შეამცირეს სხვაობა. ქართველი ნახევარმცველის აქტივში მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 საგოლე პასია.
„კაირატის“ განაცხადში არ იყო გიორგი ზარია, რომელიც ტრავმირებულია.
„სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პირველ ოქტომბერს, „ნაპოლის“ ესტუმრება, ხოლო უხლოესი მატჩი 22 სექტემბერს, „მორეირენსესთან“ ელოდება.