საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელებმა, შოთა თოფურიამ და გიორგი ჩიმაკაძემ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტრი გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი: „რთული თამაში იყო, რასაც ისედაც ველოდებოდით. კარგია, რომ ბიჭები ცდილობდნენ მიცემული დავალებები შეესრულებინათ და დიდი მადლობა ამისთვის. აუცილებლად უნდა გამოვყო გულშემატკივარი. ასეთი ქომაგობა თუ გვექნება, არ ვიცი ნაკრები, რომელიც სახლში დაგვამარცხებს. პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე ბევრად მეტი ბრძოლა გველოდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, სლოვაკეთში 8 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. იქ უკვე შეგვიძლია მეორე ნომრად თამაში, რადგან გვაქვს პატარა ფორა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ, დანარჩენი სლოვაკეთში გამოჩნდება“.
შოთა თოფურია: „შესწავლილი გვყავდა სლოვაკეთი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, კომბინაციურადაც რაღაცები გავლილი გვქონდა, მწვრთნელებმაც ძალიან კარგად იმუშავეს და მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა. პირველი ტაიმი ცოტა უფრო რთული იყო, იმიტომ, რომ დაძაბულები ვიყავით, მეორე გოლმა ალბათ გარდატეხა შეიტანა თამაშში, უფრო გავიხსენით და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, მათი დამსახურება ძალიან დიდია და ორმაგი ემოცია და ძალა გვაქვს, როცა ისინი გვგულშემატკივრობენ“.
გიორგი ჩიმაკაძე: „როგორც ველოდით, დაძაბული თამაში იყო ანგარიშის მიუხედავად. სლოვაკეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მადლობა ბიჭებს, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და მივაღწიეთ ისეთ შედეგს, რამაც მომდევნო მატჩისთვის ერთი ნაბიჯით წინ წაგვწვია, უფრო მივუახლოვდით ამ საოცნებო ტურნირს, რომელიც ჩემთვის პირადად პირველი იქნება. ჯერ ყველაფერი წინაა, საპასუხო მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და რაც ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, ჩვენთვის მით უკეთესი იქნება“.
საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 23 სექტემბერს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონტზე გავა, რომელიც 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).