ფეხბურთი

5:12 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრამა ლონდონში, რეკორდები ესპანეთში და „იუვენტუსის“ შეწყვეტილი სერია

ინგლისი

გასული უქმეების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში გაიმართა. „ქუინს პარკ რეინჯერსი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ თამაშში ბევრი გოლის გასვლა იყო მოსალოდნელი. ამის მიზეზი ისაა, რომ „ლივერპულს“, ლონდონში ჩატარებული ბოლო 15 თამაშიდან გოლი 14-ში ჰქონდა გატანილი. გარდა ამისა, მერსისაიდელებს, პრემიერლიგის ბოლო 14 თამაშიდან, კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ შენახული. ამას ისიც ემატებოდა, რომ „ლივერპულის“ მიერ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 47 შეხვედრაში უგოლო ფრე არ იყო დაფიქსირებული, რაც ამჟამად არსებული ყველაზე გრძელი სერიაა.

ასეთი წინასამატჩო სტატისტიკის მიუხედავად, პირველი გოლი აგვიანებდა. ანგარიში მხოლოდ 67-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც პრემიერლიგის ისტორიაში ავტოგოლების საუკეთესო ოსტატმა, რიჩარდ დანმა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 35 წლის მცველი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე 10 ავტოგოლი დაუგროვდა.

87-ე წუთამდე, ანგარიში კვლავ 0:1 იყო. „ლივერპულმა“, საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით მაინც იმარჯვა, მაგრამ არა 1:0, არამედ 3:2. ხუთდან 3 გოლი 90-ე წუთის შემდეგ გავიდა, რაც პრემიერლიგაში 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 2006 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდმა 3 ქულა დამატებით დროში გატანილი ავტოგოლის წყალობით აიღო. რიჩარდ დანის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში სტივენ კოკერმაც ჩაჭრა. ეს თამაში ქპრ-სთვის პრემიერლიგაში პირველი იყო, რომელშიც ამ გუნდის ფეხბურთლებმა 2 ავტოგოლი გაიტანეს, ხოლო „ლივერპულმა“, პრემიერლიგის ერთ მატჩში 2 ავტოგოლით ისტორიაში პირველად იხეირა.

პრემიერლიგის მე-8 ტურის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი სერხიო აგუეროა, რომელმაც „ტოტენჰემის“ კარში 4 გოლი გაიტანა, რაც მის ევროპულ კარიერაში პირველად მოხდა. არგენტინელი ვარსკვლავის „ტოტენჰემთან“ გალაღება მოულოდნელი არ ყოფილა. მას, „დეზების“ წინააღმდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 თამაშში უკვე 9 გოლი დაუგროვდა. არცერთი სხვა გუნდისთვის მას 5 გოლზე მეტი არ გაუტანია.

აგუერო „სიტის“ მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის მატჩში პოკერი გაიფორმა. პირველად ეს ედინ ჯეკომ მოახერხა და საინტერესოა, რომ 4-ჯერ მანაც „ტოტენჰემის“ კარი აიღო.

„სიტის“ არგენტინელმა შემტევმა, 2 გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მას გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ ერთი პენალტი გააცუდა. აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში მე-4 ფეხბურთლია, რომელიც ერთ მატჩში თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან 3-ჯერ მივიდა.

„ეტიჰადზე“ გამართული მატჩის შემდეგ, აგუეროს, პრემიერლიგაში, 61 გოლი დაუგროვდა. ის, ამ ტურნირზე, „სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელი მე-2 ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგაში 61 გოლის გასატანად მხოლოდ 95 თამაში დასჭირდა. პირველად ეს „ლივერპულის“ ყოფილმა შემტევმა, ლუის სუარესმა მოხერხა.

„ტოტენჰემთან“ გამართული თამაშის შემდეგ, აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ეფექტურ მეგოლედ იქცა. მას გოლი ყოველ 108 წუთში ერთხელ გააქვს, რაც ამ ტურნირის საუკეთესო შედეგია.

„სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სტუმართა თავდამსმელმა, რობერტო სოლდადომ ვერ გამოიყენა. ეს თამაში პრემიერლიგის ისტორიაში მეორეა, რომლის დროსაც 4 პენალტი დაინიშნა. პირველად ასეთი რამ 2000 წელს, „ბრედფორდისა“ და „დერბის“ შორის გამართულ შეხვედრაში მოხდა.

გამორჩეული თამაში გაიმართა საუთჰემპტონში, სადაც მასპინძელმა გუნდმა „სანდერლენდს“ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა. ეს კი, „მანჩესტერსა“ და „იფსვიჩს“ შორის 1995 წელს დამყარებულ რეკორდზე ერთი გოლით ნაკლებია.

„საუთჰემპტონმა“, პრემიერლიგაში, 6 ბურთზე დიდი სხვაობით პირველად მოიგო. ასეთ შედეგიანობას გუნდი სერბ შემტევს, დუშან ტადიჩს უნდა უმადლოდეს, რომელმაც თავად ერთხელ გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა. ტადიჩი პრემიერლიგის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბერგკამპს, რეიესს, ფაბრეგასს, ადებაიორსა და კასორლას შეუერთდა. 25 წლის სერბ ფეხბურთელს, 2010/11 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, უკვე 61 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. 54-ჯერ მან „ტვენტეს“ ფეხბურთელებს გაატანინა, ხოლო 6-ჯერ - „საუთჰემპტონის“.

„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში 50-ჯერ დაარტყა ზუსტად. გარდა ამისა, რონალდ კუმანის გუნდი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა. „წმინდანებს“ ყველაზე ცოტა, 5 გოლი აქვთ გაშვებული.

ზედიზედ 2 თამაშის მოგების შემდეგ, ქულები კვლავ დაკარგა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. „წითელი ეშმაკები“, არცთუ შორეულ წარსულში, თამაშის შემობრუნების ოსტატები იყვნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია. „მანჩესტერმა“, ბოლო 15 თამაშიდან, რომელშიც პირველი გოლი თავად გაუშვა, მხოლოდ 1 მოიგო. 2014 წელს, „იუნაიტედმა“, პემიერლიგის მატჩში, პირველი ტაიმი 10-ჯერ წააგო და გუნდმა ვერცერთი შეხვედრის მოგებით დასრულება ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ასეთი თამაში „ვესტ ბრომვიჩთან“ გაიმართა, რომელიც 2:2 დასრულდა. ეს, ლუი ვან გაალისთვის, „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-9 მატჩი იყო და მისმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ქულა ჰოლანდიელი ნახევარმცველის, დეილი ბლინდის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით აიღეს. 24 წლის ფეხბურთელის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობა 140000-მდე დამრგვალდა.

მორიგი თამაში მოიგო გათამაშების ლიდერმა, ლონდონის „ჩელსიმ“, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა სესკ ფაბრეგასმა. ესპანელის ზუსტი დარტყმის შემდეგ, მიმდინარე გათამაშებაში, გოლი „ჩელსის“ 9 ფეხბურთელს აქვს გატანილი. სხვა არცერთ გუნდს ამდენი მეგოლე არ ჰყავს.

„კრისტალ პალასსა“ და „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში, მე-6 წუთზე, ანგარიში ოსკარმა გახსნა. სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მეორედ გაიტანა და მისი ორივე გოლი საწყის 7 წუთში გავიდა.

ლონდონში გამართულ დაპირისპირებაში არბიტრმა მოედნიდან 2 ფეხბურთელი გააძევა. მიმდინარე გათამაშებაში, ასეთი რამ სულ 2-ჯერ მოხდა და ორივეჯერ ლონდონურ დერბიში. პირველად, მსაჯს 2 წითელი ბარათის ჩვენება „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ დაპირისპირებაში მოუხდა.

კიდევ ერთმა ლონდონურმა გუნდმა, „არსენალმა“, ზედიზედ მე-3 მოუგებელი თამაში ჩაატარა. „მეთოფეებს“, საწყის 8 ტურში მხოლოდ 2 მოგება აქვთ, რაც ამ გუნდის სათავეში არსენ ვენგერის ყოფნის დროს პირველად მოხდა.

„ჰალ სიტისთნ“ გამართული მატჩი, „არსენალისთვის“, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 8 შეხვედრიდან მე-7 იყო, რომელშიც ლონდონლებმა კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხეს. საკუთარ კედლებში გამართულ ოთხივე მატჩში კი ვენგერის გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა.

მე-2 სართულზე წარმატებით თამაშს განაგრძობენ „ვესტ ჰემი“ და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დიაფრა საკო. ლონდონურმა გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, კარში თავით 33-ჯერ დაარტყა. არცერთ სხვა გუნდს 16 თავურ დარტყმაზე მეტი არ აქვს. „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელებმა, „ბარნლისთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში, სამივე გოლი თავით გაიტანეს. პრემიერლიგაში ასეთი რამ 2011 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა. რაც შეეხება დიაფრა საკოს, მან ზედიზედ მე-5 თამაშში გაიტანა, ხოლო უკანასკნელ სამ მათგანში თავით.

მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე სუსტი შეტევა „ასტონ ვილას“ ჰყავს. ბირმინგემელებმა კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ 12-ჯერ მოახერხეს. ყველა დანარჩენ გუნდს მინიმუმ 2-ჯერ მეტი ზუსტი დარტყმა აქვს.

„ასტონ ვილამ“, მე-8 ტურში, „ევერტონთან“ 0:3 წააგო. მე-3 გოლი შეიმუს კოულმანმა გაიტანა, რომელსაც, ბოლო ორ სეზონში, უკვე 8 ბურთი დაუგროვდა. არცერთი სხვა მცველი ასეთი შედეგიანობით არ გამოირჩევა.

ესპანეთი

მორიგი რეკორდები დამყარდა ესპანეთის ჩემპიონატში. კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლმაც ლა ლიგის პირველ 8 ტურში 15 გოლი გაიტანა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთი ტური გაცდენილი აქვს, მაგრამ მან 71 წლის წინათ დამყარებული რეკორდი მაინც მოხსნა.

„ლევანტესთან“ 5:0 მოგებულ შეხვედრაში რონალდუმ ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა. ის მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში 40 ან მეტი პენალტის გატანა მოახერხა. პრიმერას ისტორიაში 10 საუკეთესო პენალტისტს შორის რონალდუს თერთმეტმეტრიანების გამოყენების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. მან 43 დარტყმიდან 40 გაიტანა, რაც 93%-ს უდრის.

ვალენსიაში გამართულ შეხვედრაში რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა კიდევ 3-ჯერ გაიტანეს. ეს, „ლევანტეს“ ისტორიაში ლა ლიგაში გამართული მე-2 საშინაო თამაში იყო, რომელიც გუნდმა 5-ბურთიანი სხვაობით წააგო. პირველი ასეთი შემთხვევა მიმდინარე სეზონში დაფიქსირდა, როდესაც ვალენსიელები „ბარსელონასთან“ განადგურდნენ.

8 ტურის შემდეგ, „რეალს“ უკვე 30 გოლი აქვს გატანილი. ესპანეთში ასეთი რამ 1987 წლის შემდეგ პირველად მოხდა და მაშინაც ყველაზე შედეგიანი გუნდი „რეალი“ იყო. 30 გატანილი გოლი ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო შედეგია.

„ლევანტეს“ კარში ერთ-ერთი გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. მექსიკელი თავდამსხმელი, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე ეფექტური მეგოლეა. ის მეტოქის კარს ყოველ 33 წუთში ერთხელ იღებს. მე-2 ადგილზე მყოფი რონალდუს მაჩვენებელი გოლის ყოველ 43 წუთში გატანაა.

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის არაერთ გუნდში უმუშავია, მაგრამ მადრიდული კლუბი მის კარიერაში ყველაზე შედეგიანია. იტალიელის მიერ გაწვრთნილ „რეალს“, თამაშში, საშუალოდ, 2.74 გოლი გააქვს. აქამდე ანჩელოტის ერთადერთი გუნდი, რომელსაც თამაშში საშუალოდ 2 გოლზე მეტი გაჰქონდა, „ჩელსი“ იყო. ლონდონელების მაჩვენებელი 2.21 ბურთი იყო.

25 ოქტომბერს გასამართ „ელ კლასიკოს“ „რეალი“ მრისხანე თავდასხმით ხვდება, მაგრამ „ბარსა“ მეტოქეს კარგ დაცვას უპირისპირებს. კატალონიური კლუბი ლა ლიგის ისტორიაში პირველია, რომელმაც საწყის 8 თამაშში გოლი არ გაუშვა.

„ეიბართან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში „ბარსას“ კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა გახსნა, რომელმაც გოლი პრიმერას ზედიზედ მე-15 გათამაშებაში გაიტანა. ის, ამ მაჩვენებლით, გუნდის რეკორდსმენია.

ჩავის შემდეგ მესის ჯერი დადგა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში თავისი 251-ე გოლი გაიტანა. არგენტინელს, პრიმერას ისტორიაში საუკეთესო რეკორდსმენთან, ტელმო სარასთან გათანაბრებამდე ერთი ზუსტი დარტყმა აშორებს.

მესის გოლიდან 2 წუთში თავი ნეიმარმაც გამოიჩინა, რომელმაც პროფესიულ კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა.

„ეიბართან“ „ბარსას“ დამაჯერებელი მოგება გასაკვირი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ კატალონიური კლუბი ლა ლიგაში გამართულ ბოლო 55 საშინაო შეხვედრაში გოლის გატანას ახერხებს. „ბარსას“ „კამპ ნოუზე“ თამაში განსაკუთრებით ბასკურ გუნდებთან გამოსდის. ამ სტადიონზე კატალონიელებსა და ბასკებს შორის ჩატარებული ბოლო 20 დაპირისპირება მასპინძელთა მოგებით დასრულდა, ხოლო 11-ში სტუმრებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

სტანდარტების გამოყენებას და თავით კარგად თამაშს განაგრძობენ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები. მადრიდელებმა, „ესპანიოლი“ 2:0 დაამარცხეს. დედაქალაქელებმა პირველი გოლი თავით გაიტანეს, ხოლო მე-2 - კუთხურის მოწოდების შემდეგ. „ატლეტიკოს“, მიმდინარე გათამაშებაში, თავით 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სტანდარტით გუნდმა 10-ჯერ იხეირა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში, მოვლენებით დატვირთული 3-წუთიანი მონაკვეთი ჰქონდა „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელს, ედინსონ კავანის. ურუგვაელმა შემტევმა, 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც 55-ე წუთზე თავად გამოიყენა. გოლის ემოციურად აღნიშვნის გამო, კავანიმ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მსაჯთან შეკამათება მას მე-2 გაფრთხილებად და მოედნის დატოვებად დაუჯდა.

კავანის გარდა, არბიტრმა მოედნიდან „ლანსის“ 2 ფეხბურთელიც გააგდო. 3 წითელი ბარათი ნიკოლა რეინვილმა 6-წუთიან მონაკვეთში აჩვენა. რეინვილი ლიგა ერთში 2010 წლიდან მსაჯობს და მას, დროის ამ მონაკვეთში, 67 თამაშშ უკვე 29 წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები. ის, ამ მაჩვენებლით, კლემენ ტურპინს გაუთანაბრდა, რომელსაც 29 ფეხბურთელის გასაძევებლად 74 თამაში დასჭირდა. შესაძლოა, სწორედ ტურპინის შედეგის გამეორებას აპირებდა რეინვილი, როდესაც 6 წუთში 3 ფეხბურთელი გააგდო, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არაა. 2013 წლის 2 მარტს, „ბასტიასა“ და „აიაჩოს“ შორის გამართულ კორსიკულ დაპირისპირებაში, ტურპინმა 4 წუთში 4, ხოლო 18 წუთში 5 ფეხბურთელი გააძევა.

თუ ნიკოლა რეინვილს, კლემენ ტურპინის სახით, წითელი ბარათების დარიგებაში სერიოზული კონკურენტი ჰყავს, მას თერთმეტმეტრიანების დანიშვნაში ვერავინ შეეცილება. ბოლო ორ სეზონში, მან 10 პენალტი დანიშნა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სანამ რეინვილი რადიკალური ზომების მიღებას დაიწყებდა, პსჟ-მ საჯარიმოს გარედან დარტყმით 2 ბურთი გაიტანა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველია. ცაცია ფეხბურთელს, ლიგა ერთში, სულ 2 ბურთი აქვს გატანილი და ორივე მარჯვენა ფეხით.

„ლანსისა“ და პსჟ-ს დაპირისპირება იმითაც იყო საინტერესო, რომ პარიზელთა პასების 92.8% ზუსტი გამოდგა. მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება, „პარი სენ ჟერმენს“ ასეთი კარგი შედეგი პირველად ჰქონდა.

ბოლო სამ მატჩში პირველად მოიგო „მონაკომ“, რომელმაც „ევიანის“ დაცვას, როგორც იქნა, გასაღები მოარგო. მონაკოელებს, გასულ სეზონში „ევიანთან“ გამართულ ორ მატჩში, ჯამში, 3 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ განხორციელებული. ამჯერად, მათ კარის ჩარჩოში ბურთი 4-ჯერ მოახვედრეს და 2-ჯერ გაიტანეს კიდეც. ანგარიში „მონაკოს“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ჟოაუ მოუტინიუმ გახსნა, რომელმაც 3001-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

საკუთარ კედლებში პირველად წააგო „ლილმა“, რაშიც თავისი წვლილი თავით კარგად მოთამაშე კლაუდიო ბოვუმაც შეიტანა. 26 წლის თავდამსხმელს, „გენგამის“ მაისურით, სულ 8 გოლი აქვს გატანილი და აქედან 6-ჯერ მან მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.

„ლილის“ მხრიდან გოლი რიო მავუბამ გაიტანა. 30 წლის ნახევარმცველმა, ლიგა ერთში, მასპინძლის სტატუსით 176-ე თამაში ჩაატარა და მეტოქის კარი პირველად აიღო.

უჩვეულო თამაში გაიმართა „მეცსა“ და „რენს“ შორის. მე-10 ტურის 10 მატჩს შორის, გუნდებმა კარში ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ სწორედ ამ შეხვედრის დროს დაარტყეს, მაგრამ ანგარიში მაინც 0:0 დაფიქსირდა.

ზედიზედ 8 თამაშის მოგების შემდეგ, გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს „მარსელი“, რომლის რიგებშიც ანდრე პიერ ჟინიაკი ბრწყინავს. მას, 10 ტურში, 10 გოლი აქვს გატანილი. ჟინიაკი პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი შედეგი 2007 წლის შემდეგ ჰქონია. 7 წლის წინათ, მსგავსი შედეგიანობით ქარიმ ბენზემა გამოირჩეოდა.

ლიგა ერთის 10 ტურის შემდეგ, ყველაზე ცოტა, 8 ქულა „ლანსს“ აქვს. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში, 10 ტურის შემდეგ 8 ქულის მქონე გუნდების 68% უმაღლეს ლიგაში დარჩენას ახერხებდნენ.

იტალია

იტალიის ჩემპიონატში, „იუვენტუსმა“ კლუბის ისტორიაში საუკეთესო, 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სეზონში პირველი ქულები ბოლოადგილოსან „სასუოლოსთან“ დაკარგა.

„ჩიტა დელ ტრიკოლორეზე“ გამართულ შეხვედრაში „იუვენტუსის“ ერთადერთი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა. ახალგაზრდა ფრანგმა ნახევარმცველმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეტოქის კარი შორეული დარტყმით აიღო. 21 წლის ფეხბურთელს, სერია A-ში, გოლების 62% სწორედ საჯარიმოს გარედან დარტყმით აქვს გატანილი.

„ნაპოლისთვის“ ქულების დაგროვებას განაგრძობს ხოსე კალიეხონი. ნეაპოლელებს, სულ 11 ქულა აქვთ და აქედან 8 მათ ესპანელი შემტევის გოლების წყალობით აიღეს. კალიეხონს, რომელმაც „ინტერთან“ დუბლი შეასრულა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 6 გოლის გასატანად მხოლოდ 8 ზუსტი დარტყმა დასჭირდა.

„ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორის 2:2 დასრულებული შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილი 22 ფეხბურთელიდან იტალიელი მხოლოდ 2 იყო. სერია A-ს ერთ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ამაზე ცოტა იტალიელი მხოლოდ ერთხელ ყოფილა. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, „ფიორენტინასა“ და „ინტერს“ შორის გამართულ დაპირირებაში, პირველივე წუთებიდან მოედანზე მხოლოდ 1 იტალიელი, ალბერტო აკვილანი იყო. თუმცა, ფლორენციულ მატჩში, შეცვლაზე კიდევ 2 იტალიელი შევიდა, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაში კი, რანოკიასა და ინსინიეს გარდა, მოედანზე მეტი იტალიელი არ გამოჩენილა.

სტანდარტული მდგომარეობების გამოყენებას განაგრძობენ „სამპდორია“ და ლევან მჭედლიძის „ემპოლი“. მე-8 ტურში, სტანდარტით ორივე მათგანმა თითოჯერ იხეირეს. როგორც გენუელებს, ასევე ტოსკანელებს, 9 გოლი აქვთ გატანილი და ორივე გუნდმა 6-ჯერ სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.

გერმანია

მას შემდეგ, რაც გერმანიის ბუნდესლიგის მატჩების დეტალური სტატისტიკის დათვლა ხდება, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდს მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს. ეს „პატივი“ წილად „ვერდერს“ ხვდა, რომელმაც „ბაიერნისგან“ 6 უპასუხო ბურთი გაუშვა.

მიუნხენელებს, ბრემენელები, ბოლო დროს, ძალიან ჰყავთ დაბრიყვებული. „ბაიერნმა“ „ვერდერს“ ზედიზედ მე-9 თამაში მოუგო, ხოლო უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში 26-ჯერ გაუტანა.

„ვერდერთან“ შეხვედრა გამორჩეული იყო ჩაბი ალონსოსთვის და ფილიპ ლამისთვის. ესპანელმა ნახევარმცველმა, საკლუბო დონეზე, 2011 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, ხოლო გერმანელმა უნივერსალმა, კარიერაში პირველი დუბლი გაიფორმა.

„შტუტგარტსა“ და „ლევერკუზენს“ შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 3:0 მოიგეს, მაგრამ თამაში 3:3 დასრულდა. „ლევერკუზენმა“ 3-ბურთიანი უპირატესობა 2008 წლის შემდეგ პირველად გაანიავა, ხოლო „შტუტგარტმა“ ასეთი ჩამორჩენის მიუხედავად ქულის მოპოვება 1981 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.

0.094479