ფეხბურთი

18:05 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

აურზაური და შეწყვეტილი მატჩი ქობულეთში

ქართულ ფეხბურთში არსებული კრიზისული მდგომარეობა არნახული სისწრაფით ეშვება ჭაობისაკენ. სამწუხაროდ, უამრავი დაპირების და განმარტებების მიუხედავად, სინათლის სხივი არსაიდან არ ჩანს. უმძიმესი მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა ე. წ “მსაჯებს სკანდალის” შემდეგ, როდესაც “განტევების ვაცად” მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს და მათ თითქმის მთელი ქართული ფეხბურთის ცოდვები აჰკიდეს.

კიდევ ერთი სამარცხვინო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “შუქურა” და გორის “დილა” ხვდებოდნენ. თამაში ნორმალურ სიტუაციაში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ..... მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, რომ 50-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში ლაშა ჩალაძის და დავით ხურცილავას დუელი ისე დასრულდა, რომ ორივე ფეხბურთელი წაიქცა. მატჩის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ სასტვენით პაექრობა შეაჩერა და ხელი საპენალტე ნიშნულისაკენ გაიშვირა. თემიდის მსახურის ამ გადაწყვეტილებას “დილას” ფეხბურთელებმა ერთიანად პროტესტი გამოუცხადეს. რამდენიმე წამში მოედანზე სიტუაცია უმართავი გახდა. სტუმართა გუნდის უმეტესი ნაწილი კვარაცხელიას შემოესივნენ. რამდენიმე მათგანმა არბიტრს მუჯლუგუნიც უთავაზა. ამას დაემატა ისიც, რომ გორელთა რამდენიმე ქომაგი “ჩელე არენაზე” შეიჭრა და მსაჯზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოინდომა. დაცვის სამსახურთან ერთად სიტუაციის დასარეგულირებლად მოედანზე “დილას” თავკაცებიც შეიჭრნენ, რომლებმაც ფეხბურთელების დაშოშმინება დაიწყეს, ხოლო “დილას” მენეჯერი გია ისიანი თავად გადაეფარა კვარაცხელიას და მოახერხა მისი სამსაჯოში გაყვანა. ამის პარალელურად ხელით შეეხნენ ასისტენტსაც. ბუნებრივია, მატჩი შეჩერდა და როგორც მალევე გაირკვა, იგი აღარ გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. საყოველთაო მიზეზების ძიება და ამ კონკრეტული მოვლენის მტყუან-მართლის გარჩევა ამ რეპორტაჟის მიზანი არ გახლავთ, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რეალურად, განსაკუთრებული ზომები არ იქნა მიღებული, საერთო სურათი იმდენად მძიმეა, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა ნამდვილად ჭირს. ქართულ ფეხბურთს მხოლოდ ქირურგიული ჩარევაც კი ვერ უშველის, საჭიროა მართლაც განსაკუთრებული მუშაობა, რომ სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ მომავალში ანალოგიური ფაქტები მკვეთრად გახშირდება და ალბათ ყველა ტურში იქნება ასეთი ჩაშლილი მატჩები.

ნამდვილი საშემოდგომო ამინდით დაუხვდა ქობულეთი სტუმრად სათამაშოდ ჩასულ გორის “დილას”. ეროვნული პირველობის მორიგი ტურის მატჩი საკმაოდ საინტერესო და პრინციპული უნდა გამომდგარიყო. გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურებიდან ზევით აინაცვლებდნენ. თანაც, ეს ფსიქოლოგიურად ზღვისპირელთათვის ძალზე მნშვნელოვანი იქნებოდა. მათ ხომ პირველი ტურის შემდეგ თამაში არ მოუგიათ. თავს მხრივ, გორელები წარმატების შემთხვევაში მინიმუმ მესამე ადგილზე გადავიდოდნენ.

შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე დებიუტშივე შეძლეს მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის კარისკენ დარტყმების განხორციელება. პირველად მეტოქის შეწუხება სტუმართა წინახაზელმა, რომან ახალკაცმა ცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, ხოლო საპასუხოდ მესხმა დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ სომხიშვლმა ნახტომში შეძლო ბურთის დამორჩილება. მე-10 წუთზე მასპინძელთა შეტევა თავური დარტყმით მეტრეველმა დაასრულა, როდესაც მას ასისტენტობა კუტალიამ გაუწია, თუმცა ზღვისპირელთა ფორვარდის მცდელობა არაზუსტი გამოდგა.

სადებიუტო წუთების შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას ქობულეთელები დაეუფლნენ, რომლებმაც ზედიზედ ორჯერ სახიფათო საჯარიმო დარტყმის საშუალება მიიღეს, მაგრამ ვერც კუტალიამ და ვერც კუხიანიძემ ვერ შეძლეს სტუმართა კიპერის სერიოზულად შეწუხება. 22-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა შექმნეს ხიფათი, როდესაც ტვილდიანის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულზე ჩალაძეს უნდა დაერტყა საპენალტედან, მაგრამ “შუქურას” მარცხენაფლანგელს ბურთი უცნაურად აუხტა და დარტყმა საერთოდ ვერ მოახერხა. გორელები თითქოს საკუთარ შანსს ელოდნენ და ე.წ “მეორე ნომრად” თამაშს ჯერდებოდნენ. 33-ე წუთზე გორელთა სწრაფი იერიშის კარშ დარტყმით ადამაძემ დაასრულა, მაგრამ “შუქურას” კარის დარაჯმა, ჯიოევმა ითამაშა საიმედოდ და ბურთს იოლად დაეუფლა.

ტაიმის მიწურულს მასპინძელთა თავკაცი, ამირან გოგიტიძე იძულებული გახდა ტრამვის გამო მესხი გამოეცვალა(თუმცა არა უხეშობის გამო), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტიური იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში. აჭარელთა თავკაცმა მოედანზე ლობე შეუშვა, რომელიც თანაგუნდელისაგან განსხვავებით ნახევარდაცვაშ უფრო დაცვითი უნარებით გამოირჩევა. დროის ამ მონაკვეთში ჩელებაძის შორეული დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც არაზუსტი გამოდგა. გაცილებით რეალური გახლდათ არბიტრის მიერ დამატებულ დროში მალანიას თავური, რომელსაც ქობულეთელთა მცველი დაახლოებით 6-7 მეტრიდან ახორციელებდა, მაგრამ სომხიშვილს სწორი პოზიცია ეჭირა და ხიფათი დამაჯერებლად განმუხტა.

შესვენებაზე ქობულეთში ძლიერი წვიმა წამოვიდა, რამაც ბუნებრივია გარკვეული კორექტივები შეიტანა მატჩის მსვლელობაში. მეორე ნახევარი სტუმართა სახიფათო მომენტით დაიწყო. სტანდარტული სიტუაციიდან ბურთის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვერცერთმა შიდა ქართლელმა ვერ მოახერხა დარტყმა და ხიფათიც განიმუხტა. ამის შემდეგ ის მოვლენა მოხდა, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. იმ ადგილიდან, სადაც ჟურნალისტები სხედან, უბრალოდ ძნელი გახლავთ იმის მტკიცება, რამდენად სწორი იყო არბიტრის გადაწყვეტილება, მაგრამ ფეხბურთელების რეაქცია, რომ არაადეკვატური გახლდათ სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე ეს ფაქტია. ყველამ იცის, რომ მეტი მოთმინება და თავშეკავებაა საჭირო, მაგრამ როგორც ჩანს, საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, შინაგანი დაძაბულობის დაძლევას ქართველ ფეხბურთელთა საკმაო ნაწილი ვერ ახერხებს. თავის მხრივ გასათვალისწინებელია არბიტრთა უმძიმესი ფსიქოლოგიური მდომარეობაც, რომელთა ნებისმიერი გადაწყვეტილება (თუნდაც უმნიშვნელო) ხშირად არასწორად განსჯის საგანი ხდება. საერთო ჯამში ქობულეთურ მატჩში დამნაშავე ფეხბურთელებიც და არბიტრებიც მსხვერპლები არიან იმ სიტუაციისა, რომელიც დღეს გამეფებულია ქართულ ფეხბურთში.

ამირან გოგიტიძე (“შუქურა”) – “სამწუხარო ფაქტი მოხდა. კარგი იქნებოდა მატჩი დასრულებულიყო. წინა მატჩებში არბიტრის გადაწყვეტილებებით ჩვენც არ ვყოფილვართ კმაყოფილები, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. ჩვენი საქმე ფეხბურთი თამაშია. სამი თვეა გუნდს ხელფასი არ აუღია და ბუნებრივია, საერთო ნერვული ფონიც არსებობს, მაგრამ მედანზე ნერვების მოთოკვას მაინც ვახერხებთ. ახლა დაგვპირდნენ ხელფასებს და იმედია ბიჭებს იმედებს არ გაუცრუებენ”.

“შუქურა” – “დილა” 0:0 (0:0), მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე

25 ოქტომბერი 15:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1000 მაყურებელი

“შუქურა”: ჯიოევი, მესხი (ლობე, 40), კუხიანიძე, გიორგი გურული, ჩალაძე, კალანდაძე, კუტალია, მეტრეველი, ჩელებაძე, ტვილდიანი, მალანია.

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

“დილა”: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, კვახაძე, დავით ხურცილავა, ადამაძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, სეთურიძე, ბერიძე, ახალკაცი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: რაზმაძე (16), კვეკვესკირი (17).

გაძევება: კვახაძე (50), რაზმაძე (50).

არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160486