ლევან ყენია matchday.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ქართველი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო ქვეყანაა.
ლევან ყენია: “მიხარია, რომ “სლავიაში” მოვხვდი. აქ საუცხოო გუნდია და პირობებია მუშაობისთვის. ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშეს ჩემმა მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ და მარტინ ლატკამ, რომელთან ერთად დიუსელდორფის “ფორტუნაში” მითამაშია. ამჟამად, ლატკა “სლავიას” კაპიტანია. მარტინი ჩეხური კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე “თავდებში” დამიდგა. სათამაშო ფორმის აღდგენა და საქართველოს ნაკრებში დაბრუნება მსურს.
- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია “კარპატიში” თქვენი სავარაუდო დაბრუნების შესახებ...
- ეს სიმართლეა, მაგრამ ისე მოხდა, რომ “სლავიაში” აღმოვჩნდი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ “კარპატიზე” მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. ლვოვში გატარებულ დროს პოზიტიური ემოციებით ვიხსენებ. ჩემთვის “კარპატი” “შალკეს” შემდეგ მეორე კლუბია.
- “კარპატის” ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი კოსტოვმა თქვა, რომ მატჩების მოსამზადებლად თქვენთვის ცალკე პროგრამას ადგენდა...
- ფეხბურთში ჩემს დაბრუნებაში ბულგარელმა სპეციალისტმა დიდი როლი ითამაშა. არ დაგავიწყდეთ, რომ ვიდრე “კარპატიში” დიდი ფეხბურთს დავუბრუნდებოდი, ორწელიწადნახევარი გამიცდა. კოსტოვის ინდივიდუალური მიდგომა ძალიან დამეხმარა. მსურს მას მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი ესმოდა. მე უფრო ნაკლებად მტვირთავდნენ, ვიდრე სხვა მოთამაშეებს. სხვების მსგავსი დატვირთვები რომ მიმეღო, არავინ იცის, რა მოხდებოდა.
- ლვოვში ჯერ კიდევ იხსენებენ იმ სეზონსა და დროს, როდესაც გუნდი მსაჯებს ძალიან “უყვარდათ”...
- მსაჯების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდი. შეცდომები იყო და მსგავსი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. მიკერძოებას ვერ დავწამებ.
- ყველაზე მეტად “კარპატიში” ჩატარებული რომელი თამაში დაგამახსოვრდათ?
- სათასო მატჩში ხარკოვის “მეტალისტთან” გამარჯვება. შეცვლაზე შევედი და ლვოვურ გუნდში პირველი გოლი გავიტანე.
- ბევრი საუბრობს, რომ ამჟამინდელ “კარპატიში” ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები აღარ არიან, როგორიც თქვენ, ლუკასი და შტილიჩი იყავით...
- ჩვენ ძალიან ტექნიკური მოთამაშეები გვყავდა. ჩემი აზრით, იმ გუნდის ბირთვი რომ შენარჩუნებულიყო, ორი წლის მერე საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებდით. “კარპატის” ძალიან მაღალი პოტენციალი ჰქონდა.
- ლვოვურ კლუბში ყოფილი პარტნიორებიდან ვის გამოარჩევდით?
- სამირ შტილიჩს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ვიმეორებ, რომ ლვოვში გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მაგონდება. დრო თუ მექნება ამ ქალაქში აუცილებლად კიდევ ჩავალ. უბრალოდ გავისეირნებ. არასოდეს დამავიწყდება, რომ შანსი სწორედ “კარპატიში” მომცეს. მწვრთნელმა და ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ დამჭირვებია.
- “სლავიასთან” კონტრაქტი გააფორმე, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში უკრაინაში სათამაშოდ დაბრუნდებით?
- სიმართლე რომ გითხრათ, “კარპატიში” თამაში კიდევ მსურდა. თუმცა, ამჟამად უკრაინაში ფეხბურთის განვითარებისთვის რთული სიტუაციაა. როდესაც ქვეყანაში ყველაფერი დაწყნარდება, რატომაც არა? ჩემი აზრით, უკრაინა ქართველი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო ქვეყანაა. უკრაინაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ქართველი ხალხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განიცდის. მსურს ლვოველ გულშემატკივრებს მადლობა ვუთხრა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმის დანახვა და შეგრძნება, მხარს როგორ გვიჭერდით. დიდება უკრაინას!