ხვალ 50 წელი სრულდება ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვებიდან. 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტის “ფახთაქორის” სტადიონზე, საბჭოთაAკავშირის ჩემპიონატის დამატებით, 33-ე შეხვედრაში თბილისის “დინამომ” 4:1 დაამარცხა მოსკოვის “ტორპედო” და პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. იმ დროისთვის ეს დაუჯერებელი ამბავი იყო, იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩემპიონები მხოლოდ მოსკოვის გუნდები უნდა ყოფილიყვნენ (პირველად ეს “ტრადიცია” კიევის ”დინამომ” დაარღვია 1961-ში). სსრკ-ის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გათამაშება 1936 წლიდან დაიწყო და 1964-მდე თბილისელებმა 4-ჯერ მეორე და 6-ჯერ მესამე ადგილები დაიკავეს, თუმცა სხვა ვითარებაში ეს ათივე მედალი შეიძლება ოქროსი ყოფილიყო.
ამიტომ 50 წლის წინათ მოპოვებული გამარჯვება თითქოს ახალი ეპოქის დასაწყისიც იყო, რომელიცშემდეგ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით დაგვირგვინდა. “ოქროს ბიჭების” თაობიდან დღეს ცოცხლები მხოლოდ ოთხნი დარჩნენ: სიომა ბარქაია, ილია დათუნაშვილი, ჟორა სიჭინავა და მურთაზ ხურცილავა (მართალია ხურცილავას ტრავმის გამო სეზონი გაუცდა და ოქროს მედალი არ აუღია, მაგრამ გუნდში იყო და რამდენიმე მატჩიც ითამაშა).
დათუნაშვილი, ხურცილავა და ბარქაია დღეს სპორტის სამინისტროს სტუმრობდნენ. ქართული სპორტის მუზეუმში ხალხმრავლობა იყო. რადიო 1-ის ხელმძღვანელებმა მუზეუმს საჩუქრად ტაშკენტის მატჩის თაობაზე კოტე მახარაძის მოგონებების ჩანაწერი გადასცეს, ხოლო გულშემატკივარმა ილია მაისურაძემ უზბეკური ქუდი ტუბეტეიკა, რომლითაც გამარჯვების საღამოს დინამოელები დაასაჩუქრეს.
ამ დღეებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, თბილისის მერია და საკრებულო კიდევ რამდენიმე ღონისძიებას გეგმავენ. მაგალითად, ხვალ “დინამო არენაზე” “ოქროს ბიჭების,” ხოლო შატბერაშვილის #4-ში სერგო კოტრიკაძის მემორიალური დაფები გაიხსნება. საღამოს კი საკრებულოს შენობაში საზეიმო მიღება გაიმართება.
ვაკეში მიხეილ მესხის ძეგლი უნდა გახსნილიყო, მაგრამ რადგან სფფ-ის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა შვეიცარიაშია, ძეგლი ზეგ გაიხსნება. ზეგვე 17 საათზე რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა და საიუბილეო თემატიკაზე გამოცემული წიგნების “ოქროს ბიჭები 50” და “ფიქრები ქართულ ფეხბურთზე” პრეზენტაცია.
22 ნოემბერს კი ტაშკენტში ვეტერანები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.