ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. 16-დან 11 მერვედფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს, ფლეი ოფს კიდევ 3 გუნდი შეემატება.
A ჯგუფი
იუვენტუსი-ატლეტიკო (პირველი მატჩი 0:1)
A ჯგუფიდან 1/8-ფინალში გამსვლელი ერთი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია და ეს მადრიდის “ატლეტიკოა”. მე-2 გუნდის ვინაობა, დიდი ალბათობით, ტურინში გასამართ დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელშიც “იუვენტუსი” სწორედ “ატლეტიკოს” უმასპინძლებს. მართალია, “იუვენტუსს” უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავს, ვიდრე “ოლიმპიაკოსს”, მაგრამ ტურინულ გუნდს ხელს ის აძლევს, რომ საკუთარ მოედანზე ხელს ფრეც აძლევს. ამას ისიც ემატება, რომ “ატლეტიკო” ერთი ბურთის წაგების შემთხვევაშიც პირველ ადგილს შეინარჩუნებს და არაა გამორიცხული, მადრიდულმა გუნდმა ტურინულ მატჩზე ძალების სრული მობილიზაცია არ მოახდინოს.
მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. “იუვენტუსმა”, გასულ უქმეებზე, სერია A-ს ზედიზედ 4 თამაშის მოგების შემდეგ ქულები კი დაკარგა, მაგრამ “რომამაც” იგივე გააკეთა და ტურინელები ლიდერობას ინარჩუნებენ. რაც შეეხება “ატლეტიკოს” – ამ გუნდმა პრიმერას ზედიზედ 3 თამაში ორბურთიანი სხვაობით მოიგო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. ტრავმების გამო მასპინძლებს ბარძალი, კასერესი და ასამოა, ხოლო სტუმრებს მირანდა და ანსალდი არ ეყოლებათ.
- “იუვენტუსი” 1/8-ფინალში გავა, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში “ოლიმპიაკოსი” ვერ მოიგებს;
- “ატლეტიკო” ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებს, თუ ერთზე მეტი ბურთის სხვაობით არ წააგებს;
- “იუვენტუსს” ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 9 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან 5 მოიგო;
- “იუვენტუსს”, სერია A_ში, ბოლო 25 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
- “ატლეტიკომ”, ყველა ტურნირზე, ბოლო 11 თამაშიდან 10 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, ტევესი, ლიორენტე.
ატლეტიკო (4-4-1-1): მოია, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, სიკეირა, თურანი, ტიაგო, გაბი, კოკე, გარსია, მანჯუკიჩი.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ოლიმპიაკოსი-მალმიო (პირველი მატჩი 0:2)
“ოლიმპიაკოსს” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კი აქვს, მაგრამ არცთუ დიდი. ამისთვის საჭიროა, რომ ბერძნებმა მოიგონ, ხოლო “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე წააგოს. ნებისმიერ შემთხვევაში, “ოლიმპიაკოსი” მოგებისთვის იბრძოლებს, ხოლო თუ 3 ქულა სტუმრებმა აიღეს, შვედური გუნდი მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს, თავად ევროპის ლიგაზე გავა და “ოლიმპიაკოსს” ევროტურნირებს მიღმა დატოვებს.
“მალმიოს”, “ოლიმპიაკოსისგან” განსხვავებით, შეუძლია ძალები სრულად ევროტურნირებს შეალიოს, რადგან შვედეთის ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თუმცა, სტუმარ გუნდს პრობლემა, შესაძლოა, იმან შეუქმნას, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა.
“მალმიომ” შვედეთის ჩემპიონატი გამარჯვებით უკვე დაასრულა, რასთან ახლოსაც “ოლიმპიაკოსი” ნამდვილად არაა. საბერძნეთის პირველობის ბოლო 2 ტურში მხოლოდ ქულის აღების შემდეგ, პირეოსული გუნდი ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.
“ოლიმპიაკოსს”, ტრავმების გამო, დურმაზი და მილივოიევიჩი არ ეყოლება, ხოლო “მალმიო” დისკვალიფიცირებულ იოჰანსონს ვერ დაიხმარს.
- “ოლიმპიაკოსი” 1/8-ფინალში გავა, თუ დღეს მოიგებს, ხოლო პარალელურ მატჩში “იუვენტუსი” წააგებს;
- “მალმიო” ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს, თუ დღეს მოიგებს;
- “ოლიმპიაკოსმა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 5 საშინაო შეხვედრა მოიგო;
- “მალმიომ” ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): რობერტო, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, კაზამი, ნდინგა, მანიატისი, აფელაი, დომინგესი, მიტროღლუ.
მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, ელანდერი, ჰალსტი, რიკარდინიო, კროონი, ერიკსონი, ადუ, ფორსბერგი, როზენბერგი, ტელინი.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
1. | ატლეტიკო | 5 | 4 | 0 | 1 | 14:3 | 12 |
2. | იუვენტუსი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:4 | 9 |
3. | ოლიმპიაკოსი | 5 | 2 | 0 | 3 | 6:11 | 6 |
4. | მალმიო | 5 | 1 | 0 | 4 | 2:11 | 3 |
B ჯგუფი
ლივერპული-ბაზელი (პირველი მატჩი 0:1)
დღის ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირებას “ენფილდი” უმასპინძლებს. “ლივერპულისა” და “ბაზელის” შეხვედრა ორიდან ერთ-ერთია, რომლის ორივე მონაწილეც მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის იბრძვის. ინგლისში გასამართ დაპირისპირებას ეშხს ისიც მატებს, რომ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მოთამაშე “ლივერპულს” აუცილებლად მოგება ჭირდება, რაც კარგი სანახაობის წინაპირობაა.
“ლივერპულმა”, ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში ზედიზედ 2 თამაში მოიგო და მდგომარეობა ცოტათი გამოიკეთა, მაგრამ გასულ ტურში ქულები კვლავ დაკარგა.
რაც შეეხება “ბაზელს”, ამ გუნდმა, “რეალთან” წაგების შემდეგ, შვეიცარიის პირველობის ორივე თამაში მოიგო და ლიდერობა გაიმყარა.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ფლანეგანი, სტარიჯი, სუსო და ბალოტელი, ხოლო სტუმრებს შტრელერი და ივანოვი არ ეყოლებათ.
- “ლივერპული” მე-2 ადგილზე გავა, თუ დღეს მოიგებს;
- “ბაზელი” მე-2 ადგილს შეინარჩუნებს, თუ ქულას აიღებს;
- “ლივერპულს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 4 მატჩში მოგება არ აქვს;
- “ბაზელს”, მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჯერ ქულა არ აუღია;
- “ბაზელმა” ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 4 თამაში მოიგო;
- “ბაზელმა” ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო. შვეიცარიელებმა, უკანასკნელ 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ჯონსონი, ტურე, შკრტელი, ენრიკე, ლეივა, ალენი, ჰენდერსონი, ჯერარდი, სტერლინგი, ლამბერტი.
ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი, დეგენი, შერი, სუხი, საფარი, დიასი, ფრაი, ზუფი, გონსალესი, დელგადო, გაში.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი.
რეალი-ლუდოგორეცი (პირველი მატჩი 2:1)
“რეალს” პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს, ხოლო “ლუდოგორეცი”, თეორიულად, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამის მიუხედავად, სატურნირო მოტივაციის არმქონე მადრიდული გუნდის ვერმოგება დიდი მოულოდნელობა იქნება.
ივარაუდება, რომ კარლო ანჩელოტი შემადგენლობას გადაახალისებს, მაგრამ დიდი ალბათობით მოედანზე იქნება კრიშტიანუ რონალდუ, რაც, პორტუგალიელის ფორმის გათვალისწინებით, ბულგარელებს კარგს არაფერს ჰპირდება.
“რეალის” ამჟამინდელ ფორმაზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით. მადრიდელებმა ზედიზედ 18 თამაში მოიგეს და ანჩელოტის შეგირდები ამ სარეკორდო სვლის გაგრძელებას დღეს შეეცდებიან.
ცუდად საქმეები არც “ლუდოგორეცს” მისდის. ბულგარელებმა, ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შემდეგ, შიდა ასპარეზზე 2 თამაში ჩაატარეს და ორივე მათგანი იოლად მოიგეს. თუმცა, ლიდერ ცსკა-ს ისინი მაინც 3 ქულით ჩამორჩებიან.
ტრავმების გამო, მასპინძელთა მხრიდან ხამეს როდრიგესი და ლუკა მოდრიჩი, ხოლო სტუმართაგან რომან ბეზიაკი ვერ ითამაშებენ.
- “რეალს” ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს;
- “ლუდოგორეცი” მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს, თუ დღეს მოიგებს, ან ფრედ ითამაშებს და “ლივერპული” წააგებს;
- “რეალმა”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 18 თამაში მოიგო, რაც კლუბის რეკორდია. ამ 18 შეხვედრაში მადრიდელებმა 67 გოლი გაიტანეს;
- “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 საშინაო შეხვედრა მოიგო. მადრიდულ გუნდს 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “რეალს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყველა თამაშის მოგებას 2-ჯერ მოახერხებს. პირველად მადრიდელებმა ეს 2011 წელს გააკეთეს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): პაჩეკო, არბელოა, ნაჩო, ვარანი, კოენტრაუ, კროოსი, ილიარამენდი, მედრანი, ისკო, ერნანდესი, რონალდუ.
ლუდოგორეცი (4-5-1): სტოიანოვი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, ალექსანდროვი, ანისეტი, დიაკოვი, ესპინიო, მისიჯანი, აბალო.
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).
1. | რეალი | 5 | 5 | 0 | 0 | 12:2 | 15 |
2. | ბაზელი | 5 | 2 | 0 | 3 | 6:7 | 6 |
3. | ლივერპული | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
4. | ლუდოგორეცი | 5 | 1 | 1 | 3 | 5:10 | 4 |
C ჯგუფი
მონაკო-ზენიტი (პირველი მატჩი 0:0)
კიდევ ერთი თამაში, რომლის მონაწილეებიც 1/8-ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ, მონაკოში გაიმართება. “ლივერპულისა” და “ლიდოგორეცის” წყვილისგან განსხვავებით, ამ დაპირისპირებაში ფრე ხელს მასპინძლებს აძლევს. შესაბამისად, “ზენიტს” აუცილებლად მოგება ჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ “მონაკომ” 5 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ეს ადვილი არ იქნება.
“მონაკო” მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. საფრანგეთის ლიგა ერთში 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ჟარდიმის გუნდმა ზედიზედ 2 შეხვედრაში მშრალად იმარჯვა და ცუდი სატურნირო მდგომარეობა ცოტათი გამოიკეთა.
შიდა ჩემპიონატის ბოლო 2 ტურში მშრალად მოიგო “ზენიტმაც”, რომელიც რუსეთის პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს.
“ზენიტი” მონაკოს ტრავმირებული კერჟაკოვის გარეშე ეწვია. მასპინძლებს, ასევე ტრავმირებული კურზავას გარდა, დისკვალიფიცირებული კარვალიოც არ ეყოლებათ.
- “მონაკო” მომდევნო ეტაპზე გავა, თუ დღეს არ წააგებს;
- “ზენიტს”, 1/8-ფინალში გასასვლელად, მოგება ჭირდება;
- “მონაკოს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ 2 გოლის გატანით დაძლევს;
- “მონაკომ” მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 თამაშიდან მხოლოდ 7 მოიგო;
- “ზენიტმა”, რომელმაც აგვისტოსა და სექტემბერში ზედიზედ 13 თამაში მოიგო, ბოლო 11 შეხვედრიდან 5 წააგო;
- “ზენიტმა” ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, ტულალანი, აბდენუ, რაგი, ბაკაიოკო, მოუტინიო, სილვა, ბერბატოვი, ფერეირა-კარასკო, მარტიალი.
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ფაიზულინი, გარსია, ჰალკი, ვიტსელი, დანი, რონდონი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბენფიკა-ლევერკუზენი (პირველი მატჩი 1:3)
1/8-ფინალში უკვე გასული “ლევერკუზენი” უმოტივაციო “ბენფიკას” ეწვევა. პორტუგალიელებს ევროპის ლიგაზე გასვლის შანსებიც კი აღარ შერჩათ, ხოლო გერმანელები, მოგების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებენ.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შედეგ, გუნდებმა შიდა ასპარეზზე 2-2 თამაში ჩაატარეს. “ბენფიკამ” ორივე იოლად მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო “ლევერკუზენმა” 3 ქულა აიღო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
“ბენფიკა” მეტოქეს სერიოზული დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმირებული ელიზეუ და სილვიო, ასევე დისკვალიფიცირებული სამარისი და ლუიზაო არ ეყოლებათ. სტუმართა დანაკლისს კი ტრავმირებული რაინარტცი და პაპადოპულოსი შეადგენენ.
- “ბენფიკა” მე-3 ადგილისთვისაც ვეღარ იბრძოლებს;
- “ლევერკუზენს” ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს. გერმანელები პირველ ადგილს შეინარჩუნებენ, თუ მოიგებენ, ან ფრედ ითამაშებენ და “ზენიტი” “მონაკოს” დაამარცხებს;
- “ბენფიკამ” გერმანულ გუნდებთან გამართული ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან 5 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): სეზარი, პერეირა, ლოპესი, ჟარდელი, ალმეიდა, სალვიო, პერესი, კრისტანტე, გაიტანი, ტალისკა, ლიმა.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბულგარეთი).
1. | ლევერკუზენი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:4 | 9 |
2. | მონაკო | 5 | 2 | 2 | 1 | 2:1 | 8 |
3. | ზენიტი | 5 | 2 | 1 | 2 | 4:4 | 7 |
4. | ბენფიკა | 5 | 1 | 1 | 3 | 2:6 | 4 |
D ჯგუფი
გალათასარაი-არსენალი (პირველი მატჩი 1:4)
შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია. “დორტმუნდმა” და “არსენალმა” 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, “ანდერლეხტმა” ევროპის ლიგის საგზური გაინაღდა, ხოლო “გალათასარაი” ბოლო ადგილზე მყარადაა მოკალათებული. ფორმალურად ჯერ კიდევ უცნობია, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, მაგრამ იმისათვის, რომ “დორტმუნდმა” ლიდერობა დათმოს, გერმანელებმა ან უნდა წააგონ, ან ფრედ ითამაშონ და “არსენალმა” “გალათასარაი” 6 ბურთის სხვაობით დაამარცხოს.
ლიგის წინა ტურში “ანდერლეხტთან” წაგების შემდეგ, “გალათასარაიმ” შიდა ასპარეზზე წარმატებით ითამაშა. სტამბულელებმა ჩემპიონატში 2, ხოლო თასზე 1 თამაში მოიგეს.
წინა ტურში “დორტმუნდის” დამარცხების შემდეგ, პრემიერლიგაში 2 წარმატებული თამაში ჩაატარა “არსენალმაც”, მაგრამ ლონდონელები გასულ უქმეებზე დამარცხდნენ
“არსენალი” თურქეთს იოზილის, ოსპინას, უილშირისა და დიაბის გარეშე ეწვია. მასპინძლებს ტრავმირებული ჯემაილი და დისკვალიფიცირებული ინანი არ ეყოლებათ.
- “არსენალი” 1/8-ფინალში გასულია. ლონდონელები პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ, თუ მოიგებენ და “დორტმუნდი” “ანდერლეხტთან” დამარცხდება;
- “გალათასარაი” მე-3 ადგილისთვისაც ვეღარ იბრძოლებს;
- “გალათასარაის” ინგლისურ გუნდებთან გამართულ ბოლო 5 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- “არსენალმა” თურქულ გუნდებთან გამართული 10 თამაშიდან 6 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა;
- “გალათასარაის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჰამზა ჰამზაოღლუს, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი დღეს ექნება;
- ალექსის სანჩესმა კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში 11 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, კამდალი, კაია, შეჯუ, ტელესი, კურტულუსი, მელო, ალთინთოფი, სნეიდერი, ბულუთი, ილმაზი.
არსენალი (4-2-3-1): სშეზნი, ბელერინი, მერტეზაკერი, ჩემბერსი, გიბსი, ფლამინი, რემსი, ჩემბერლენი, კასორლა, პოდოლსკი, უელბეკი.
მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).
დორტმუნდი-ანდერლეხტი (პირველი მატჩი 3:0)
ამ წყვილში დიდი ბრძოლა მოსალოდნელი არაა. “დორტმუნდი”, რომელსაც პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნის, უმოტივაციო “ანდერლეხტს” მასპინძლობს.
“დორტმუნდს”, რომელსაც ჯგუფის მოგებამდე ძალიან ცოტა აშორებს, აქცენტის ბუნდესლიგაზე გაკეთება ნამდვილად მართებს. კლოპის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კი მოიგო, მაგრამ დორტმუნდელები მაინც მე-14 ადგილზე არიან.
შიდა ჩემპიონატზე საქმეები კარგად არც “ანდერლეხტს” მისდის. ბრიუსელელებმა, ბელგიის პირველობის ბოლო 3 მატჩში მხოლოდ ქულა აიღეს და მე-3 ადგილზე მყოფი გუნდი ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.
“დორტმუნდს” ლაზარეთიდან რამდენიმე ფეხბურთელი კი დაუბრუნდა, მაგრამ მასპინძლებს როისი, სოკრატისი, კირხი და კუბა კვლავ აკლიათ. ტრავმების გამო სტუმრებს სუარესი, დეფური და ნუიტნიკი ვერ დაეხმარებიან.
- “დორტმუნდს” 1/8-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. გერმანელები პირველ ადგილს ქულის აღების შემთხვევაშიც შეინარჩუნებენ;
- “ანდერლეხტს” ევროპის ლიგის საგზური განაღდებული აქვს;
- “დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 8 საშინაო თამაშიდან 7 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, კელი, ობამეიანგი, გიუნდოგანი, მხითარიანი, რამოსი.
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მანგულუ, დეშახტი, ნ’საკალა, კლიესტანი, ტილემანი, კონტე, პრაეტი, აშემპონგი, სირიაკი.
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
1. | დორტმუნდი | 5 | 4 | 0 | 1 | 13:3 | 12 |
2. | არსენალი | 5 | 3 | 1 | 1 | 11:7 | 10 |
3. | ანდერლეხტი | 5 | 1 | 2 | 2 | 7:9 | 5 |
4. | გალათასარაი | 5 | 0 | 1 | 4 | 3:15 | 1 |