სულ მალე ახალი, 2015 წელი დადგება და ახალი საფეხბურთო წლის ათვლაც დაიწყება. მანამდე კი, 2014 წელი ისტორიის კუთვნილება გახდება. განვლილ წელს რამდენიმე გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის დამყარდა უამრავი საინტერესო რეკორდი ამა თუ იმ გუნდისა თუ ფეხბურთელის მიერ.
წლის მიწურულს შევეცდებით გავიხსენოთ რამდენიმე გამორჩეული სარეკორდო ფაქტი და მოკლედ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ მათ შესახებ.
მიროსლავ კლოზე (გერმანია) - გერმანელი მიროსლავ კლოზე 21 ივნისს განის ნაკრების კარში გატანილი გოლით მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა. კლოზემ მუნდილზე მე-15 გოლი შეაგდო და ლეგენდარული ბრაზილიელის, რონალდოს გადასწრება ერთი ბურთით შეძლო.
ლიონელ მესი (ბარსელონა) – 25 ნოემბერს ლიონელ მესიმ ნიქოზიის “აპოელის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ესპანელ რაულს სამი გოლით გაუსწრო. ამჟამად აღნიშნულ რბოლაში მესის 75 გოლი აქვს გატანილი და მისი მდევარი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც არგენტინელი ამ დროისთვის ორი გოლით სჯობნის.
“იუვენტუსი” (იტალია) – ერთ ჩემპიონატში დაგროვებული ქულების ოდენობით ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის სერია A-ს რეკორდი დაამყარა. ანტონიო კონტეს გუნდმა სეზონში 102 ქულა დააგროვა. აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით მეორე შედეგია.
“იუვენტუსი” (იტალია) – იტალიურმა გრანდმა 2014 წელს კიდევ ერთი იტალიური რეკორდი დაამყარა. “ბებერმა ქალბატონმა” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 25 საშინაო შეხვედრის მოგება შეძლო. სარეკორდო სერია 14 დეკემბერს გენუის “სამპდორიას” წინააღმდეგ მატჩში (1:1) შეწყდა.
ფრანჩესკო ტოტი (“რომა”) – 2014 წლის 30 სექტემბერს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უხუცესი გოლის ავტორი გახდა. იმ დღეს ტოტი 38 წლის და 3 დღის იყო. “პუპონემ” უელსელი რაიან გიგზის რეკორდი მოხსნა. მოგვიანებით ტოტიმ მოსკოვის ცსკა-საც გაუტანა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.
“სიტი” და “ლივერპული” (ინგლისი) – 2013-2014 წლების სეზონი ერთადერთია პრემიერლიგის ისტორიაში, როდესაც სეზონში ასზე მეტი გოლი ერთზე მეტმა გუნდმა გაიტანა. “მანჩესტერ სიტიმ” 38 მატჩში მეტოქეებს 102 გოლი გაუტანა, ხოლო “ლივერპულმა” ერთით ნაკლები. მთლიანი რეკორდი ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის - 103 გოლით.
“სანდერლენდი” (ინგლისი) – “სანდერლენდი” გახდა მეორე გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება მას შემდეგ მოახერხა, რაც შობას სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე შეხვდა. ანალოგიური რამ, მანამდე მხოლოდ “ვესტ ბრომვიჩს” მოეხერხებინა (2004-2005 წლებში).
ლუის სუარესი (“ლივერპული”) – “ლივერპულელმა” ლუის სუარესმა პრემიერლიგაში 31 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანობით მანამდე მხოლოდ ალან შირერი (1995-1996) და კრიშტიანუ რონალდუ (2007-2008) გამოირჩნენ.
ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”) – “ჩელსის” პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც 400 ქულა დააგროვა ყველაზე მცირე ხანებში (174 თამაშში). გარდა ამისა, მოურინიომ “სტემფორდ ბრიჯზე” 78 მატჩიდან პირველი პრემიერლიგური შეხვედრა “სანდერლენდის” წინააღმდეგ დათმო (1:2).
ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – არგენტინელმა ლიონელ მესიმ ტელმო ზარას რეკორდი გააუმჯობესა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. ამ დროისთვის, ლა ლიგაში “ბარსელონელს” 258 გოლი აქვს გატანილი.
“რეალი” (ესპანეთი) – მადრიდის “რეალმა” ზედიზედ 22 მატჩის მოგება მოახერხა. (გამარჯვებების სერია ჯერ კიდევ გრძელდება).
კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს პრიმერადივიზიონში 23-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამდენჯერ ერთ მატჩში სამი გოლი ესპანეთის მთავარ ლიგაში არავის გაუტანია. გარდა ამისა, პორტუგალიელმა 200 გოლის გატანა 178 შეხვედრაში შეძლო, რაც პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელია.
“ატლეტიკო” (ესპანეთი) – საკუთარი ისტორიის პირადი რეკორდი დაამყარა ესპანეთის ჩემპიონმა მადრიდის “ატლეტიკომ”. “როხიბლანკომ” პრიმერაში გასული სეზონი 90 ქულით დაასრულა. რაც მათი სარეკორდო მაჩვენებელია.
“ბაიერნი” (გერმანია) – მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონობა 27-ე ტურში გაინაღდა (34 ტურიან ჩემპიონატში). ასე ნაადრევად ბუნდესლიგის სინი მანამდე არცერთ გუნდს მოუგია.
“ბაიერნი” (გერმანია) – 2014 წელს მიუნხენურმა გიგანტმა ბუნდესლიგის ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – გუნდმა გასვლით 17 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანობა გერმანიაში მანამდე არ დაფიქსირებულა.
“ბაიერნი” (გერმანია) – პეპ გვარდიოლას გუნდმა ბუნდესლიგაში თავი კიდევ ერთი რეკორდით გამოიჩინა. გუნდმა ბუნდესლიგის საწყისი 28 მატჩი წაუგებლად ჩაატარა და “ლევერკუზენის” მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო (24 თამაში, 2009-2010).
კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”) – “ლევერკუზენის” ნახევარმცველმა კარიმ ბელარაბიმ ბუნდესლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის პირველ ტურში “ბაიერის” ფეხბურთელმა “დორტმუნდს” შეხვედრის დაწყებიდან 9 წამში გაუტანა.
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – “ლიონის” შემდეგ, პსჟ პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ის მოგება ზედიზედ მეორედ მოახერხა. ლიონმა ბოლოს ქვეყნის პირველობა 2007-2008 წლების სეზონში მოიგო.
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – ლორან ბლანის გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 27 შეხვედრაში მოახერხა სამი ქულის აღება. ამდენჯერ მანამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ მოუგია ერთი სეზონის განმავლობაში.
მარკო ვერატი (პსჟ) – პსჟ-ს 21 წლის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. იგი 16 აგვისტოს “ბასტიას” წინააღმდეგ მატჩში ბურთს 158-ჯერ შეეხო. საფრანგეთის ჩემპიონატში ასეთი მაჩვენებელი 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ფრანკ დე ბური (“აიაქსი”) – ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ერედივიზიონი მიჯრით ოთხჯერ მოიგო.
“ფეიენოორდი” (ჰოლანდია) – როტერდამის “ფეიენოორდი” ერედივიზიონის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონატის საწყისი სამი შეხვედრა წააგო, მაგრამ სეზონი მოწინავე სამეულში დაასრულა (მეორე ადგილი).
“ფეიენოორდი” (ჰოლანდია) – 2014-2015 წლების სეზონში “ფეიენოორდმა” სტუმრად ჩატარებულ მატჩებში საკუთარი კარი მშრალად 501 წუთის განმავლობაში შეინახა. როტერდამულმა გუნდმა ერთი წუთით გააუმჯობესა ენსხედეს “ტვენტეს” მიერ 1971-1972 წლებში დამყარებული რეკორდი.