ფეხბურთი

17:11 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი: “ნულიდანაა დასაწყები – ერთი-ორი კაცი და ერთი-ორი წელი არ ეყოფა”

 

არაერთხელ წამიკითხავს მოსკოვის “ლოკომოტივის” სხვადასხვა ფეხბურთელების ინტერვიუ, სადაც ისინი მალხაზ ასათიანს ასახელებენ როგორც საუკეთესო მეგობრად, გაჭირვებაში გვერდში მდგომ და გულუხვ ადამიანად და რა თქმა უნდა, არც მისი საფეხბურთო თვისებები ავიწყდებათ. არაერთ ქართველ ახალგაზრდასაც უთქვამს იგივე.

“ასათამ” 2010 წლის მიწურულს დაასრულა კარიერა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. ჯან-ღონით სავსე 29 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბევრი კლუბი ინატრებდა, მოულოდნელად ამთავრებს თამაშს და მას შემდეგ, საფეხბურთო სფეროში არც უმუშავია.

ასათიანი თავმდაბლობის მაგალითია: მისგან ვერასოდეს გაიგებდით თავის ქებას, ან რომელიმე ეპიზოდით თავმოწონებას. მას არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და შარშან როდესაც შევხვდი, ასე მითხრა – “რაღა ინტერვიუა საჭირო, ახალი რა უნდა გითხრა. ჩემზე დიდი ქართველი ფეხბურთელი, რამდენიც გინდა, იმდენია...”.

ამჯერად კი, “მსოფლიო სპორტი” ასათიანს ბევრ თემაზე ესაუბრა:

-       ამჟამად რას საქმიანობთ?

-       საინტერესოს არაფერს. ვმოგზაურობ: ხან მოსკოვში ვარ, ხან თბილისში, ხან ქუთაისში.

-       ბიზნესი?

-       პატარ-პატარა ბიზნესია. ფეხბურთს არ ეხება.

-       ვიცით, რომ თქვენი თაობის ფეხბურთელებს ხშირად ხვდებით... 

-       მხოლოდ მეგობრულად. ეს საფეხბურთო საქმიანობას არ ეხება. ჯერჯერობით, არ ვმუშაობ ფეხბურთში, მომავალში კი, ვნახოთ...

-       გასართობად ფეხბურთს თამაშობთ ხოლმე?

-       დიახ. ვცდილობ, მაინც ფორმაში ვიყო.

-       რაც კი კარიერაში გქონიათ, ყველაზე სასიამოვნოდ რომელ მატჩს გაიხსენებდით?

-       ასეთი ბევრი არაა, მაგრამ მაინც ჩამოვთვლი ზოგიერთს: საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის “ტორპედო” თბილისის “დინამოს” ხვდებოდა (2002 წელს), საჩემპიონო თამაში იყო და 1:0 მოვიგეთ ჩემი გოლით. პენალტი გავიტანე. “ტორპედო” ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. მოსკოვში, “ლოკომოტივი” რომ გახდა რუსეთის ჩემპიონი, მაშინდელი ბოლო შეხვედრა სასიამოვნოდ მახსენდება. რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთი 1:0. დიდი სიხარული ვაჩუქეთ ქართველ გულშემატკივარს.

-       დანიასთან 2:2?

-       რა თქმა უნდა, დანიასთანაც (ასათიანმა გოლი გაიტანა და მთლიანობაში, სასწაულად ითამაშა – ი.ნ).

-       იმ დროს ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა. “ლოკომოტივში” ცენტრალური მცველი იყავით, ჟირესი კი გამთამაშებლად გაყენებდათ და ამბობდა, ასათიანი “ქართველი ზიდანიაო”. ნაკრების მწვრთნელებიდან ჟირესს განსაკუთრებით ემადლიერებით?

-       კარგი პერიოდი მქონდა, მაგრამ მწვრთნელების გამორჩევა არ მიყვარს.

-       სიტყვამ მოიტანა და ბევრისთვის გამოცანად დარჩა – როგორ აქციეს კრეატიული ნახევარმცველი ცენტრალურ მცველად. თქვენ თავად რას განიცდიდით, როცა “ლოკომოტივში” მცველობა შემოგთავაზეს?

-       არც “ლოკომოტივს” ჰქონია არჩევანი და არც მე. ასე გამოვიდა. “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩი ახლოვდებოდა, მცველი გვაკლდა და მე შემომთავაზეს. არ ვიცი, რა მოხდებოდა, რომ ვერ გამემართლებინა. მწვრთნელს მოეწონა ჩემი თამაში და მერე უკვე მივეჩვიე მცველობას.

-       ბევრისთვის დიდი დარტყმა იყო თქვენი კარიერის დასრულება. იმ დროს ნაკრების შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდით. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

-       ლოდინში დრო გადიოდა. ველოდებოდი რუსეთის პრემიერლიგის გუდებისგან მოწვევებს, მაგრამ რეალური, მეც რომ დამაკმაყოფილებდა და მათაც, არ გამოჩნდა.

-       საქართველოს გუნდებიდანაც ხომ იყო წინადადებები? იუარეთ?

-       იყო, მაგრამ რა გითხრათ, თავი შევიკავე. საბოლოოდ, ამ ლოდინმა იმოქმედა და გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი.

-       თქვენი მშობლიური კლუბი ქუთაისის “ტორპედო” ცუდ პერიოდს განიცდის. წლები გადის, გუნდი კი ვერ დალაგდა. ალბათ, ამის გამო განსაკუთრებით გწყდებათ გული.

-       მართლაც ძალიან განვიცდი, მაგრამ როცა არაფერი იცვლება კარგისკენ, თითქოს უკვე ეჩვევი. მეორე მხრივ, საფეხბურთო ქვეყანა ვართ და ძნელად შესაგუებელია, რომ ასეთ დღეში ვართ. ეს მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება. ყველა სფეროში ასეა, მათ შორის, სპორტის სახეობებში.

-       ბევრი მოგიყვანთ რაგბის მაგალითს.

-       მეტნაკლებად კი, რაგბიში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ არც იქ ვართ უმაღლეს დონეზე. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში გაცილებით დიდი კონკურენციაა, სულ სხვა დონეზეა ასული. რაგბის იმდენი ქვეყანა არ თამაშობს, რამდენიც ფეხბურთს. შედარებაც არ შეიძლება. ჩემი აზრით, ფეხბურთს ერთი-ორი კაცი ვერ წამოწევს წინ. არც ერთი-ორი წელი ეყოფა. ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. 

-       რატომღაც ის საფეხბურთო ინტერესი აღარაა. მასობრიობაც წლიდან წლამდე იკლებს.

-       ასეა. ერთადერთი თბილისია, სადაც 2-3 საფეხბურთო ბავშვთა სკოლა გამართულად მუშაობს. რაიონებში კი ყველაფერს მოწყვეტილია ბავშვი. ასე როგორ განვვითარდებით? მე რომ არ ვთქვა, ყველამ იცის, რა მდგომარეობაცაა.

-       ერთი-ორჯერ გნახეთ “საბურთალოს” “ბენდელას” სტადიონზე, სადაც ბავშვების თამაშს უყურებდით...

-       დიახ, იქ ეკლესიაა, სადაც მე და ჩემს მეგობრებს მოძღვარი გვყავს. როცა თბილისში ვარ, იქ ხშირად მივდივარ.

-       და ერთი შეხედვით როგორ შეატყვეთ, რამდენად ნიჭიერი ბავშვები და მოზარდები მოდიან? თქვენი პატარაობის დროინდელს რომ შეადაროთ.

-       ჩემი თქმა რად უნდა, რომ ფეხბურთის ნიჭი ქართველ ბავშვებსა და მოზარდებს სულ ჰქონდათ. ეს არც წაიშლება. ჩემი აზრით, ახლა უფრო წამოვიდა ნიჭიერთა თაობა. 90-იან წლებში სულ ორი შემთხვევა იყო, როცა ფინალურ ეტაპზე გავედით. რეზო გაგუამ და ვახტანგ კოპალეიშვილმა გაიყვანეს. ბოლო წლებში კი, თავადაც ხედავთ, 17-წლამდელები ნახევარფინალში გავიდნენ, 19-წლამდელებიც იყვნენ 8 საუკეთესოს შორის. ახლა ვნახე ვასილ მაისურაძის გუნდის თამაშები და ძალიან კარგები იყვნენ. გიორგი დევდარიანის ნაკრებსაც სულ ერთი გოლი აკლდებოდა ფინალურ ეტაპამდე. შედეგი ხომ სახეზეა? ახლა უფრო აქვთ შედეგი ქართველ ახალგაზრდებს, ვიდრე ჩვენს დროს.

-       შემდეგ კი ეს ყველაფერი იკლებს, უმრავლესობა ვეღარ ვითარდება.

-       საქართველოს ჩემპიონატის დონე დაბალია და იმიტომ. აქ ვეღარ ვითარდებიან. როგორ წავლენ უცხოეთში, როცა ჩვენს ჩემპიონატს იქ არავინ უყურებს, არ იციან. კრიზისი სწორედ 17 წლის ასაკის შემდეგ იწყება. ჩვენს ჩემპიონატში ძნელია წინსვლა. პირიქით, უკლებ. მენანება: ბიჭები, რომლებიც თავის ასაკში თანაბრად ეთამაშებიან ევროპის ნებისმიერ გრანდს, მერე ვეღარ ვითარდებიან. კიდევ ვიმეორებ, ეს ერთ და ორ წელიწადში არ გამოსწორდება, ნულიდანაა დასაწყები. ფინანსები და სწორი მენეჯმენტია საჭირო.   

-       რუსეთის ჩემპიონატის მატჩებს ესწრებით? იქ დიდი ფული ტრიალებს და ეს დონეს მაღლა სწევს?

-       ძალიან დიდი ფულია, მაგრამ ევროტურნირებზე უჭირთ. ბოლო 5 წელიწადში რუსეთის არცერთ კლუბს არ გაუღწევია ნახევარფინალში და მგონი, არც მეოთხედფინალში. დონეს კი ევროტურნირებზე უნდა დაამტკიცო. ჩემს დროს მეტწილად 3 კლუბი იყო, რომელებიც სხვებზე მაღლა იდგნენ, ახლა კი გაცილებით მეტი დაძაბულობაა.  

-       მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი ფეხბურთელი, სერბი იოვანოვიჩი ამბობს (რომელიც შემდეგ ‘ლივერპულშიც” გახლდათ), გუნდში საუკეთესო მეგობარი ასათიანი იყოო და ახლაც გვაქვს კავშირიო. სხვებთანაც ინარჩუნებთ ურთიერთობას?

-       დიახ. ვცდილობ, ხშირად გვქონდეს კავშირი. ამ ბოლო პერიოდში აღარ დამირეკავს იოვანოვიჩისთვის. ყოფილ თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს არ ვკარგავთ.  

-       ქართველებიდან ვისთან მეგობრობთ?

-       ბევრია. ზვიად სტურუა, სევასტი თოდუა, ვალერი აბრამიძე, ნუკრი რევიშვილი და ასე შემდეგ... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

-       ლევან კობიაშვილთან ერთად დიდხანს თამაშობდით ნაკრებში. ამჯერად, თქვენსავით უკვე ყოფილი ფეხბურთელია. როგორ დაახასიათებდით კობიაშვილს?

-       მხოლოდ დადებითად. როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას. ამდენ მატჩს რომ ჩაატარებ გერმანიის ბუნდესლიგაში, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს.           

-       მწვრთნელობაზე თუ გიფიქრიათ?

-       არა. ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი.

-       თქვენს კარიერას რომ გადახედავთ, ბევრ რამეზე გწყდებათ გული?

-       რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი მომენტები, მაგრამ უკვე ჩავლილი ამბავია და ვცდილობ, აღარ ჩავყვე ბოლომდე.

-       მსოფლიოს ჩემპიონატზეც: ვიცით, რომ იტალიის გულშემატკივარი ხართ...

-       დიახ, იტალიის. თუმცა ახლა ისეთი თავგადაკლული გულშემატკივარი აღარ ვარ, როგორც ბავშვობისას, ან მოზარდობისას. ჩემი აზრით, ბრაზილიას, გერმანიასა და ესპანეთს უფრო დიდი შანსი აქვთ. უფრო, ბრაზილიასა და გერმანიას. მთავარია, კარგი ჩემპიონატი გამოვიდეს, ბევრი ლამაზი თამაში ვნახოთ. 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172614