სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები შეიკრიბნენ და რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღეს, ოღონდ წინასწარ დაანონსებულ საკითხზე – მწვრთნელთა კორპუსში ახლახან განხორციელებულ ცვლილებებზე ამჯერად არაფერი თქმულა.
დღის წესრიგში შეტანილი ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ დამსწრეთ შეახსენა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნის შესახებ, მაგრამ პრეზიდიუმის წევრებმა ამ თემის განვრცობა არ ისურვეს, აქაოდა პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება გამოიყენა, თან ეს საკითხი დღის წესრიგშიც არაა შეტანილი და მასზე ლაპარაკი აღარ ღირსო. იქვე ითქვა, რომ ახალი მწვრთნელების საკითხს 2013 წლის ბოლოს მიუბრუნდებიან, როდესაც მათ მიერ სეზონის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს შეაჯამებენ.
პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე სპორტის სამინისტროს წინ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მწვრთნელები შეიკრიბნენ. ახალგაზრდული გუნდის თავკაცის, ნუგზარ სხირელის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტი უსამართლოდ მოექცა და თუ კურტანიძის გადაწყვეტილებას პრეზიდიუმის წევრებიც მხარს დაუჭერდნენ, მაშინ სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტს და სხვა ინსტანციებს მიმართავდა.
“ქართული ჭიდაობისთვის აჯობებს, ყოფილი მწვრთნელები აბსოლუტურად უსაფუძვლო პროტესტისა და სასამართლოებში სირბილის ნაცვლად ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას დაუდგნენ გვერდით და თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. ცვლილებების განხორციელება დრომ მოითხოვა და არა პირადმა სიმპათია-ანტიპათიამ. 20-წლიანი მართვის დაკარგვას ვერ ეგუებიან” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ და იქვე დასძინა, რომ ცვლილებები სამომავლოდაც გაგრძელდება, ოღონდ ვიდრე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებში რაიმეს შეცვლის, ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებთან და სპეციალისტებთან დალაპარაკებას აპირებს.
რაც შეეხება პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს, ერთ-ერთი უმთავრესი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტების დასახელება და დამტკიცება იყო. ლუკა კურტანიძემ დამსწრეთ ვალერი გელაშვილის, ბაკურ გოგიტიძისა და ვოვა კანკავას კანდიდატურები წარუდგინა და ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. აქედანვე დაკონკრეტდა, რომ გელაშვილი ძირითადად ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით იმუშავებს, გოგიტიძე – რეგიონებში ჭიდაობის განვითარებას მიხედავს, ხოლო კანკავა – მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს.
სხდომას სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვიც დაესწრნენ. მათ ძირითადი ყურადღება 19-24 მარტს თბილისში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის სამზადისზე გაამახვილეს. ითქვა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს და თითოეული საორგანიზაციო დეტალი უმაღლეს დონეზე მოგვარდება. უკვე შეიქმნა ევროპირველობის საორგანიზაციო მუშა-ჯგუფი, რომელშიც ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ვეტერანი მოჭიდავეების გარდა ძიუდოს ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძეც შეიყვანეს.
ლუკა კურტანიძის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ჩემპიონთა კლუბი, რომელიც საქართველოს ყველა ტიტულოვან მოჭიდავეს გააერთიანებს. ჩემპიონთა კლუბის პრეზიდენტად პრეზიდიუმის წევრებმა გურამ საღარაძე აირჩიეს. ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად კი ერთხმად დასახელდა ლევან თედიაშვილი.
დაბოლოს ერთი საინტერესო ინიციატივაც, რომელიც თამაზ თევზაძეს ეკუთვნის – ამ სეზონიდან ჭიდაობაში საკლუბო სისტემა ამოქმედდება და სავარაუდოდ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატიც გაიმართება.