სტატიები

10:16 | 1.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბალღობიდან გამეფებული ფრანკო

რუბრიკა “ერთგულების” მორიგი სტუმარი, “მილანის” სახელოვანი კაპიტანი ფრანკო ბარეზია. იტალიელმა ლიბერომ, მსოფლიო გრანდის კაპიტნის სამკლავური პაოლო მალდინის გადაულოცა და მანაც არაფერი დაიშურა, რათა წინამორბედის ყველა რეკორდი გაეუმჯობესებინა. ბარეზი “სკუადრა აძურას” რიგებში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (1982) გახდა, ერთხელ კი, ფინალში დანიშნული პენალტების სერიის მის მიერ     გაცუდებული დარტყმის გამო, მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა (1994).   

ფრანკო ბარეზი
ამპლუა:
მცველი
ეროვნება: იტალიელი
სეზონი კლუბში: 20
მატჩი კლუბში: 697
ტიტული: 19. მათ შორის:
იტალიის სერია A - 6 (1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996);
იტალიის სუპერთასი - 4 (1988, 1992, 1993, 1994);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 3 (1989, 1990, 1994);
უეფას სუპერთასი - 3 (1989, 1990, 1994);
საკონტინენტთაშორისო თასი - 2 (1989, 1990);
მიტროპის თასი - 1 (1982).

ცნობილთა ციტატები
სილვიო ბერლუსკონი (“მილანის” მფლობელი) : “გავყიდოთ ბარეზი - იგივეა, რაც გავყიდოთ “მილანის” დროშა”.
ჰანს-პეტერ ბრიგელი (გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი): “ჩემი აზრით, იგი ევროპის საუკეთესო ლიბეროა. ბარეზი სწრაფი, ჩინებული ტექნიკის მქონე ფეხბურთელი და გუნდის უზადო დირიჟორია”.
პაოლო მალდინი (ბარეზის მემკვიდრე კაპიტნის პოსტზე): “ძალიან გამიმართლა, რომ კარიერის უმეტესი ნაწილი ისეთი ფეხბურთელის გვერდით გავატარე, როგორიც ბარეზი იყო”.

“მილანის” ძირითად შემადგენლობაში გატარებულმა არასრულმა ოცმა წელმა (მათგან 15 - კაპიტნის სამკლავურით), ფრანკო ბარეზი მარტო “სან სიროს”, ან კალჩოს კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად აქცია. იგი ხატი, სრულყოფილება გახდა, რომელსაც ვერ მიაღწევ - მისკენ ადამიანი მხოლოდ უნდა ისწრაფვოდეს.
14 წლის ფრანკო, ორი წლით უფროსი ძმის, ჯუზეპეს კამპანიაში, ბავშვობის საყვარელ “ინტერში” სინჯებზე მივიდა. თუ ძმას ნერაძურელობა 16 სათამაშო წლით (1976-1992) მოუწია (ჯუზეპე ბარეზი, შავ-ლურჯებში ახლაც მწვრთნელად მუშაობს), ფრანკოს სუსტი აღნაგობის მიხედვა “გამოუწერეს” და ურჩიეს, თუ ფეხბურთის თამაში გინდა - შედარებით “უწყინარი” კლუბი მონახეო.
უმცროსი ბარეზის წარუმატებელ კასტინგს შემთხვევით წაესწრო ინგლისის ნაკრების ახლანდელი თავკაცის, ფაბიო კაპელოს ასისტენტი იტალო გალბიატი. იგი იმ პერიოდში, რომელიმე მილანური გრანდიდან ერთ-ერთის თავკაცობისაკენ არცთუ იოლ გზას ადგა. სწორედ გალბიატიმ გაუწია ფრანკოს პროტექცია გუნდში, რომლის მაისურით, ჩვენმა გმირმა 6 “სკუდეტო” და 3 უეფას ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ბარეზის, 11 წლისას დედა გარდაეცვალა, გარკვეული ხნის შემდეგ კი, ავტოკატასტროფაში მამა დაეღუპა. ძმებთან და დებთან ერთად (სულ ხუთნი იყვნენ), ფრანკოს ბავშვთა პანსიონში გადაბარგება მოუწია. იტალო გალბიატის შუამდგომლობით, “მილანი” მისი ახალი ოჯახი გახდა.
ნილს ლიდჰოლმის გაწვრთნილი “მილანის” ძირითადში, ბარეზი 18 წლის ასაკში მოხვდა. ეს მერე გახდა იგი “მეფე” ფრანკო, თორემ “როსონერის” ბანაკის გასული საუკუნის 70-80-იანების გასაყარის მხედართმთავრებმა (მწვრთნელებში არ აგერიოთ) კაპელომ, რივერამ, ალბერტოზიმ და მორინიმ “პისცინინ” შეარქვეს, რაც ლომბარდიული დიალექტიდან თარგმნილი ჩვენებური “ბალღის” ტოლფასია. ამ თიკუნში, ნახსენებ “ვარსკვლავთა” მხრიდან ქედმაღლობის ნიშანიც არ იყო. ამით ისინი, მძიმე ბავშვობისა და ნათელი მომავლის მქონე მოზარდისადმი განსაკუთრებული, მამა-შვილური დამოკიდებულების გამოხატვას ცდილობდნენ.
ბარეზის ნებისმიერი კარიერული თუ ცხოვრებისეული პრობლემა, მისსავე მიღწევების ფონზე აქტუალურობას კარგავს. არადა, სწორედ მაშინ შეიძლება ამ ფეხბურთელის სიდიადის შეგრძნება, როცა კაცმა სრულად იცი, რა ბარიერების გავლა მოუწია ფრანკოს. თუმცა, უმრავლესობისთვის ცნობილი ბარეზის განვლილი ცხოვრების სამწუხარო ნაწილი, მხოლოდ “ინტერში” ვერმოხვედრის ზემოთ ნახსენები ისტორიით შემოიფარგლება. ფრანკოს გაცნობის ამ ეპიზოდს, როგორც წესი, ნაკრებში და კლუბში მოპოვებული მედლების ჩამონათვალს მოაყოლებენ ხოლმე და ბოლოს, “მილანიდან” მისი წასვლის შემდეგ, ბარეზისეული “6”-ანის ხმარებიდან ამოღებას დაურთავენ.
ტროფეული წარმატებები 80-ანების ბოლოდან მოვიდა. ათწლეული კი, სერია B-ში ორჯერადი დაქვეითებით (1980/1981, 1982/1983) დაიწყო. პირველი დაღმასვლა დისციპლინარული (გარიგებულ მატჩებში მონაწილეობსათვის) ხასიათისა იყო, მეორე კი, სწორედ ბარეზის არყოფნის შედეგი გახლდათ. დიახ, 21 წლის ფრანკო, “მილანში” შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.
უხილავმა ვირუსმა, მარტო მწყობრიდან კი არ გამოიყვანა ფეხბურთელი, არამედ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა. ფრანკოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, ექიმები კი მხოლოდ ხელებს შლიდნენ. კულუარებში ავთვისებიან სიმსივნეზე ალაპარაკდნენ. საბედნიეროდ, სენმა ისევე მოულოდნელად დაიხია უკან, როგორც მოვიდა. ბარეზი ფეხზე დადგა, მინდორზე გავიდა და ერთ წელიწადში “მილანი” სერია A-ს დაუბრუნა.  
სკოლის ასაკშივე დაობლებული ბარეზი, მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. იგი ადრე დაოჯახდა, მაგრამ მამა მხოლოდ 31 წლისა გახდა. მეუღლე მაურა დიდხანს არ ფეხმძიმდებოდა, მერე კი, რამდენიმეჯერ, “უდღეურებიც” გააჩინა. 1991 წლის იანვარში, როცა ფრანკოს და მაურას ბოლოს და ბოლოს ედოარდო შეეძინათ, იტალიაში ბარეზების ახალდაბადებული ვაჟის კანის ფერზე ქირქილობდნენ. ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული და ყველაფერზე წამსვლელი “ტიფოზების” ატაცებული ხმები, ხაზს ედოარდოს სიშავეს უსვამდნენ. ოჯახური ბედნიერების პიკზე მყოფ ფრანკო ბარეზის, ტრიბუნებზე მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი ბანერების ხილვა უწევდა. ზოგს მისი ბიოლოგიური მამობა აეჭვებდა, ზოგი - მაურას “კაიქალობას” აკრიტიკებდა. ბარეზი ძალიან დიდხანს ოცნებობდა საკუთარ ბავშვზე, რომ ტრიბუნებზე მყოფი ჭკუასუსტების რეპლიკებისთვის ყურადღება მიექცია. რამდენიმე წელიწადში, მაურასთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და 2 წლის ვაჟი იშვილა, რომელსაც სახელად ჯანანდრეა დაარქვა.
ბარეზის ხშირად მოსდიოდა უკმაყოფილება მწვრთნელებთან და თვით სილვიო ბერლუსკონისთან. იგი ბეარზოტისაც ექიშპებოდა, რომელიც მას “სკუადრა აძურაში” ნახევარდაცვაში ათამაშებდა (ლიბეროს პოზიციაზე გაეტანო შირეა ასრულებდა კარიერას), საკამათოს ხდიდა არიგო საკის მიერ პარმიდან წამოღებული მრავალსაათიანი სასწავლო ვიდეოკასეტების ყურების საჭიროებას. ბოლოს, 1987-ში, ფრანკო “მილანის” დატოვებასაც კი აპირებდა ბერლუსკონის ნოვატორული ეკონომიური პოლიტიკის გამო. სილვიოს მიაჩნდა, რომ ფეხბურთელმა ფული მხოლოდ მოგების შემთხვევაში უნდა მიიღოს, წაგების შემდეგ კი, დაჯარიმდეს.
შიდა და გარე ასპარეზზე წარმატებულმა გამოსვლებმა, “მეფე” პრეზიდენტთან შეარიგა, მაგრამ მწვრთნელთან ურთიერთობაში ხინჯი მაინც დარჩა. უმეტესწილად, საკისა და ბარეზის შორის გაჩაღებული “ცივი ომის” გამო, ბერლუსკონი იძულებული გახდა მწვრთნელი დაეთხოვა (1991). თუმცა საკისთან საბოლოო განშორებამდე ჯერ კიდევ შორს იყო. მისი ხელმძღვანელობით ბარეზიმ აშშ-ში გამართული 1994 წლის მუნდიალი ითამაშა, რომლის ფინალი, აძურელებმა ბრაზილიასთან მატჩისშემდგომ პენალტებში (ერთ-ერთი ბარეზიმაც გააცუდა) წააგეს. მეტიც, სწორედ არიგო საკი იყო “მილანის” თავკაცი “მეფე” ფრანკოს მიერ ბოლო ოფიციალური მატჩის გამართვისას - 1997 წლის 1 ივნისს. ამ დღეს, ლეგენდარული კაპიტანი 37 წლის და 3 კვირისა იყო.
ბარეზი გენიოსად არ დაბადებულა. მან მისი გენიალურობა კარიერის განმავლობაში “გამოიმუშავა” და სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა. ბედი ხშირად ახსენებდა ჩვენს გმირს, რომ მის იმედად ყოფნა არას არგებდა - იგი ხშირად და მტკივნეულად ურტყამდა ფეხბურთელს, მაგრამ ბარეზი ამით მხოლოდ ძლიერდებოდა. სწორედ ამიტომაა “მეფე” ფრანკო ცოტათი მეტი, ვიდრე საფეხბურთო ლეგენდა.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09311