საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ბაქოს “ოქროს დიდი პრიზი” წარმოუდგენლად წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული გუნდი აზერბაიჯანში რამდენიმე ლიდერის გარეშე ჩავიდა, ასეთ უშედეგობას ალბათ მაინც არავინ ელოდა. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ნაკრები შეჯიბრებაში 3 შემადგენლობით ჩაერთო.
21 ქართველი მოჭიდავედან 18 პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა. ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ) აზერბაიჯანელ როვშან ბაირამოვთან წააგო, ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) – ირანელ მოჰსენ ჰუსეინ ჰაჯი პურთან, გენადი ქუთათელაძემ (55 კგ) – აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვთან, სულხან წულუკიძემ (60 კგ) – უნგრელ იშტვან კოზაკთან, გოგიტა გოგიბერაშვილმა (60 კგ) – ხორვატ ტონიმირ სოკოლთან, ირაკლი ჭოჭუამ (60 კგ) – ირანელ ჯასემ აბას ამირთან, მუხრან მაჭუტაძემ (66 კგ) – სერბ ალექსანდრ მაქსიმოვიჩთან, მარად აბულაძემ (66 კგ) – ირანელ აფშინ ბიაბანგართან, არჩილ თურმანიძემ (66 კგ) – ირანელ ალი ესმაელი მოჰამადთან, ოთარ ფევაძემ (74 კგ) – აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან, ილია გულბათაშვილმა (74 კგ) – თურქ ემრაშ კუშთან, მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ) – რუს ბილან ნალგიევთან, გიორგი ცირეკიძემ (84 კგ) – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრთან, ბექა როყვასთან, იაკობ ქაჯაიამ (96 კგ) – ამერიკელ ჯასტინ დანიელ რუიზთან, ირაკლი ქაჯაიამ (96 კგ) – ირანელ ბაბაკ გორბანთან, ვასილ იმერლიშვილმა (96 კგ) – უნგრელ ივან ნემეთთან, რევაზ ჭელიძემ (120 კგ) – უნგრელ მიხალი დიკ-ბარდოშთან, ხოლო დიმიტრი ჯავახიშვილმა (120 კგ) – თურქ რიზა კაიაალპთან.
მაჭარაშვილის, ქუთათელაძის, აბულაძის, ირაკლი ქაჯაიას, ჯავახიშვილისა და ჭელიძის მძლეველებმა ფინალს უწიეს და ქართველებს ბრინჯაოს გზა გაუხსნეს, მაგრამ შანსი მხოლოდ ჭელიძემ გამოიყენა – ირანელ ბაშირ ასგარ ბაბაჯანზადესა და ებრაელ ვლადიმირ გურალსკის სძლია და “ოქროს დიდი პრიზის” ერთადერთი ქართველი პრიზიორი გახდა. დანარჩენებმა კი დამამშვიდებელი ეტაპის პირველსავე წრეში წაიფორხილეს.
გიორგი ცირეკიძის მომგები ბექა როყვა მეოთხედფინალში ირანელ ტალებ ნარიმან ნემატპურთან დამარცხდა და ცოტა ხანში რეპეშაჟშიც გადაერთო, მაგრამ კიდევ ერთ ირანელთან – დავოოდ ალიაშრაფ აკბართან ვეღარას გახდა.
84 კილოგრამში მოჭიდავე მათე სოფაძემაც ერთი გამარჯვებით დაასრულა ტურნირი. ყაზახ ანდრეი სამოხინს გასცდა და აზერბაიჯანელ სამან აჰმან ტაჰმასებისთან წააგო. ბრინჯაოს შანსი კი ირანელ ალიაშრაფ ახბართან მარცხით დაკარგა. გიორგი საკანდელიძეს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ამერიკელმა დრემიელ დეშონ ბიერსმა გადაუკეტა. ფინალში ვერც თავად გააღწია და ქართველი მძიმეწონოსანისთვის “ოქროს დიდი პრიზი” ნაადრევად დასრულდა. ამ მარცხამდე საკანდელიძემ ყაზახ იესენკელდი ჟალგასბაევს აჯობა.
ოთარ მაღლაკელიძე