საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე – ოლიმპიურ ჩემპიონ (1960) ოლეგ კარავაევის მემორიალზე _ მესამე ადგილი დაიკავა.
“ჩვენი ნაკრები უკრაინის, მოლდოვას, რუსეთისა და ბელარუსის მეორე გუნდის ქვეჯგუფში მოხვდა. უკრაინელები და ბელარუსები 4:3 დაამარცხეს, მოლდოველები – 5:2, რუსებთან კი წააგეს, ოღონდ, ზუსტი ანგარიში ჩემთვის უცნობია. ჯგუფური ეტაპის მეორე ადგილით ჩამთავრების შემდეგ, მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან ყაზახეთს დაუპირისპირდნენ და 4:3 აჯობეს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
კარავაევის სახელობის ტურნირზე, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), არჩილ თურმანიძე, ლაშა ლოლაშვილი (66 კგ), მანუჩარ ცხადაია (74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე