საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ჩინური სალიცენზიო ტურნირის დღევანდელი დღე წარუმატებელი გამოდგა. ლონდონის საგზურის მოპოვების შანსი ხელიდან შიდა კონკურენციის ლიდერებმა ლაშა გოგიტაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) გაუშვეს.
გოგიტაძე პირველივე მეტოქესთან – ყირგიზ კანიბეკ ჟოლჩუბეკოვთან დამარცხდა. ლაშხი სომეხი არტურ მკრტჩიანისა და ჩრდილოკორეელი კვანგ-ილ რის ძლევის შემდეგ, ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგესთან წაგებით. გეგეშიძეს კი მიზნამდე ცოტაღა დააკლდა – ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში, ირანელ ჰაბიბოლა იომეჰ ახლაგისთან დაკარგა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ფრანგ მელონინ ნუმონვისთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ნახევარფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ თურქმენი ილიას ესენოვის, ბულგარელი ნიკოლაი ბაირიაკოვისა და იაპონელი მასაიუკი ამანოს ძლევა მოასწრო.
ხვალ ლიცენზიებისთვის ბრძოლაში სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოპოვებული ლიცენზიებია. წინ კი ერთადერთი სალიცემზიო ტურნირიღა რჩენა – 4-6 მაისს ჰელსინკში ლონდონის საგზურებს ფინალისტები მიიღებენ.
ოთარ მაღლაკელიძე