ჩამთავრდა თბილისური საჭიდაო კვირეული და შეჯამების დროც დადგა. ქართული სპორტისა და უშუალოდ ჭიდაობის ხელმძღვანელების ოფიციალური შეფასებებით, საქართველომ საპასუხისმგებლო მისიას თავი მაღალ დონეზე გაართვა. თავი არც ჩვენს ნაკრებებს შეურცხვენიათ - თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სულ 56 მედალი გათამაშდა და აქედან 7 საქართველოში დარჩა. 14 სპორტსმენიდან 7-ის კვარცხლბეკზე ასვლა ურიგო შედეგი რომ არაა, ფაქტია, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც ყველას დარჩა – გულშემატკივრებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს თუ ჭიდაობის სპეციალისტებს.
პირველ ყოვლისა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შვიდეულის ოქროს გარეშე დარჩენა უნდა ვახსენოთ. ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ სატურნიროდ ზუსტად ის შემადგენლობა შეკრიბა, შარშან ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე რომ იახლა. მაშინ მისმა გუნდმა ვერცხლი და ბრინჯაო გამოიმუშავა, ამჯერად კი ოლიმპიური მონაგარი ერთი ვერცხლით გააუმჯობესა, ოღონდ ისე, რომ ლონდონში გაპრიზიორებული სპორტსმენები: რევაზ ლაშხი (60 კგ) და მანუჩარ ცხადაია (66 კგ) თბილისში სამეულს მიღმა დარჩნენ.
ლაშხი და ცხადაია ნაკრების ლიდერები იყვნენ და გამორჩეული იმედებიც მათზე მყარდებოდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ წარმოაჩინეს. საჭიდაო წრეებში ამის უმთავრეს მიზეზად ჭიდაობის ახალ წესებს ასახელებენ, კრიტიკოსთა აზრით კი, ამ წესების გარდა მოჭიდავეებს მიზნის მიღწევაში ხელი არასათანადო ფიზიკურმა მზადყოფნამაც შეუშალათ - გადამწყვეტ შეხვედრებში მეტოქესთან ორივე ძალით დაიჩაგრა. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შესაძლოა ზედმეტი წონის კლებაც გამხდარიყო. ცხადაიას შემთხვევაში ამის თქმა უფრო თამამად შეიძლება. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა მრავალგზის დაქადნების მიუხედავად, რომ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში აღარასოდეს იჭიდავებდა, თბილისური ევროპირველობის წინ მაინც შეიცვალა გადაწყვეტილება და მოსამზადებელ ციკლში დაახლოებით 14 კილოგრამი დაიკლო. შედეგად, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო და თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა.
ლაშა გოგიტაძეზეც შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეზე ოდნავ მეტად დაიღალა, მაგრამ მაინც, მისი წაგება მნიშვნელოვანწილად ახალი წესების ბრალია. დაბნეულ ქართველ მსუბუქწონოსანს შეხვედრის ბოლოს მწვრთნელები კარნახობდნენ, რა წესი არ უნდა დაერღვია, რათა გაფრთხილება არ მიეღო. სამწუხაროდ, მსაჯის სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა და სწორედ გაფრთხილების ხარჯზე გამოეთიშა შეჯიბრებას.
დავინტერესდით, რატომ დასჭირდა მოჭიდავეს ელემენტარული წესების უშუალოდ ჭიდაობის მომენტში სწავლება. გამოცდილ ქართველ მწვრთნელებთან შეკითხვის დასმაც კი ვერ მოვასწარით, თავად შემოგვჩივლეს, ეს რა დღეში ჩაგვაგდესო. მათი განცხადებით, ევროპული ჭიდაობის ხელმძღვანელებმა ბერძნულ-რომაულის წესების შეცვლა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვიტეს და სიახლეების შესახებ მონაწილე გუნდების მწვრთნელებს ზეპირად შეატყობინეს.
თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ მართლაც ასე იყო, მაშინ რატომ გაუჭირდათ სიახლისთვის ალღოს აღება ქართველებს სხვებზე მეტად? ეს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას ქართველი მოჭიდავეების ტექნიკური სტილით და მასპინძლების მიმართ მსაჯების მიერ გამოჩენილი ზედმეტი სიმკაცრით ახსნა.
მსაჯებობაზე პრეტენზიები ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პირველ დღეს გულშემატკივარსაც არაერთხელ გაუჩნდათ. რამდენიმეჯერ საეჭვო გადაწყვეტილებები მართლაც აშკარად გამოჩნდა და გოგიტაძისა და ლაშხის შემთხვევაში, გადამწყვეტიც აღმოჩნდა.
წესები რომ თანამედროვე ჭიდაობის უსახურობის უმთავრესი მიზეზია, არავინ კამათობს. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ეს პრობლემა ლეგენდარულმა ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმაც ახსენეს თავიანთ კომენტარებში და თავად უცხოელი სპეციალისტებიც ეთანხმებიან საერთო მოსაზრებას, რომ სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად ბევრი რამაა შესაცვლელი, მაგრამ ჯერ ამ პრობლემის მოგვარების გეგმა არავის უნახავს.
თავისუფალი ჭიდაობა ბერძნულ-რომაულთან შედარებით ოდნავ უკეთესი საყურებელი კია, მაგრამ ზოგადად, აქაც ერთობ უიმედო სიტუაციაა. ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრების უმრავლესობის ძირითადი საჭიდაო დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებული ლანგრიდან ამოღებული ბურთულის ფერმა გამოავლინა. ეს უცნაური წესი იღბალთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე ოსტატობასთან. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ბურთულის ამოღების მომლოდინე მოჭიდავეები ხშირ შემთხვევაში ილეთის გაკეთებაზე არც კი ფიქრობენ. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ თავისუფალი სტილის შვიდი წონა ისე ჩაჭიდავდა, ოთხი დღის განმავლობაში უმაღლესშეფასებიანი - 5-ქულიანი გდება ორჯერ გაკეთდა.
საქართველოს ნაკრების თავკაცმა რევაზ მინდორაშვილმა სადებიუტო ევროპირველობაზე ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო გამოიმუშავა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეეძლო, რომ არა რამდენიმე დასანანი მომენტი. მათ შორის დავით ხუციშვილის ტრავმას გამოვარჩევთ. ნაკრების გამოცდილმა წევრმა მხარი იტკინა და ძირითად ბადეში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლამის უბრძოლველად დათმო. მწვრთნელებისა და გუნდის ექიმის რჩევისთვის რომ დაეჯერებინა, დამამშვიდებელ ეტაპზე ხალიჩაზე აღარ უნდა გასულიყო, მაგრამ დაიჟინა, მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებო და სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს ერთი ბრწყინვალე შეხვედრაც აყურებინა, რომელიც ცალი ხელით მოიგო. მეტიც შეეძლო, რომ არა გაურკვეველი სიტუაცია – მსაჯმა ნებით თუ უნებლიედ, ჩვენებურის მეტოქის სასარგებლოდ შეცდომა დაუშვა და პერიოდი მას მოაგებინა. ქართველმა მწვრთნელებმა ეპიზოდი ხალიჩაზე კვადრატის შეგდებით გააპროტესტეს, მაგრამ პროტესტის განხილვას თავად ხუციშვილის დასტური სჭირდებოდა. მან კი რატომღაც თავი შეიკავა. არადა უსამართლობა იმდენად აშკარა იყო, ლამის მთელი ევროპის ფედერაციის სამსაჯო კორპუსი პირდაპირ ითხოვდა ხუციშვილისგან გაპროტესტებას. დაბნეული ქართველი სპორტსმენი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და ჯერ პერიოდი, ხოლო შემდეგშეხვედრაც წააგო.
დასანანი იყო ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინალს მიღმა დარჩენა, ასევე ელიზბარ ოდიკაძისა და კონსტანტინე ხაბალაშვილის საწყის ეტაპზევე განცდილი მარცხი. მაგრამ აქვე ერთი სიურპრიზიც ვახსენოთ, რომელიც გულშემატკივრებს მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გაუკეთა. 18 წლის სპორტსმენმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავად ჩაატარა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეს წმინდა სპორტულ მხარეზე. რაც შეეხება საორგანიზაციო მხარეს, აქ სერიოზული ხარვეზები არ შეგვინიშნავს, რაც ევროპირველობის პირველად მასპინძლობის გათვალისწინებით მართლაც დასაფასებელია. მცირე ხარვეზებში კი პირველი დღის აწონვისას, ათიოდ წუთით ელექტროენერგიის გათიშვა და ტურნირზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის სამუშაო არეალის შეზღუდვა უნდა ვახსენოთ, ოღონდ უშუალოდ ორგანიზატორებს ამ პრობლემებში პირდაპირ ვერ დავადანაშაულებთ. შუქის გათიშვა ავარიას მოჰყვა, რომელმაც თითქმის ნახევარი ქალაქი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე. მასმედიის მუშაობის შეზღუდვა კი მთლიანად დაცვის სამსახურის კისერზეა. სამწუხაროდ, ხარვეზი არც მას შემდეგ გამოსწორებულა, რაც “მსოფლიო სპორტის” კორესპოდენტმა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართა.
ევროპირველობის მიმდინარეობისას ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც გვქონდა, რაც ქართველი ჟურნალისტებისთვის მართლა დიდი ფუფუნებაა. უცხოელი კოლეგები კი ექვსი დღის განმავლობაში ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს დაბალი ხარისხის ინტერნეტის გამო.
კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ფოტოკორესპონდენტები. ქართულ მხარეს მათთვის სამუშაო ადგილების შეზღუდვაზე არც უფიქრია, მაგრამ ზედ ჩემპიონატის დაწყების დღეს თბილისში ჩამოსულმა საერთაშორისო ფედერაციის პრესატაშემ დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნების მხრიდან ფოტოგადაღება სასტიკად აკრძალა. ფოტოგრაფებს დასავლეთ ტრიბუნაზე პირველი სამი რიგი გამოუყვეს, მაგრამ ეს რომ აბსურდული გადაწყვეტილება იყო, მალევე მიხვდნენ და მკაცრი მოთხოვნები შეარბილეს.
ფილას პრესსამსახურმა ჟურნალისტებისთვის ორგანიზატორებისგან გამოყოფილი ფართიც დაიწუნა და ერთხანს სერიოზულადაც დაიქადნეს, ამ საკითხს ასე არ დავტოვებთო, მაგრამ მერე ამ გაბრაზებამაც გადაუარათ. დასხდნენ და თავიანთი საქმის კეთებას შეუდგნენ – საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სატურნირო ბადეები განათავსეს და შეჯიბრების მიმდინარეობისას ავსებდნენ. ოღონდ დროდადრო გამარჯვებულების ჩაწერა ავიწყდებოდათ ერთხელ კი ფინალის შედეგი აერიათ და მეორე დღესღა გაასწორეს. ამ ელემენტარული საკითხის მოუგვარებლობის გამო უცხოური ტურნირებისას არაერთგზის შეგვქმნია პრობლემა. ახლა კი ანალოგიურ დღეში ის უცხოელი ჟურნალისტები აღმოჩნდებოდნენ, ვინც თბილისური ევროპირველობის მიმდინარეობას ფილას ვებგვერდის დახმარებით აშუქებდა.
დაბოლოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებაც, რომელიც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ჩემპიონატისშემდგომ ბანკეტზე გაახმაურა. ცენო ცენოვი მზადაა უახლოეს ოთხწლიან ციკლში თბილისს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოსაპოვებლად რეკომენდაცია გაუწიოს.