ჭიდაობა

23:43 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო კატოვიცედან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომლის თავკაციც თამაზ ბენდიანიშვილი გახლავთ, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში ჩაება და პირველ დღეს ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თავის გამოჩენა ომარ გურჯიძემ (69 კგ.) მოახერხა, რომელმაც გზიდან რუსი მუსლიმ ევლოევი და რუმინელი გეორგე ბოდისტეანუ ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ბულგარელ ენგინ ისმაილთან დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველმა მოჭიდავემ იტალიელ არონ კანევას აჯობა და მე-3 ადგილი დაიკავა.
კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ირაკლი მწითურს (85 კგ.), რომელმაც ფრანგ ქუეტინ მილიეს აჯობა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ რუს სულტან რაბადანოვს ვეღარ გაუმკლავდა. ვინაიდან რუსმა ბოლომდე გააღწია, მწითური რეპეშაჟში გადაერთო და თურქი ილდენიზ სავრანი დაჯაბნა, შემდეგ კი გერმანელ ერიკ ტიელესთან წააგო.
42 კგ. წონით კატეგორიაში შმაგი თოდუამ ბულგარელი ანგელ გეორგიევი დაამარცხა, შემდეგ კი სომეხ მხიტარ გრიგორიანთან წააგო. გიორგი ლეჟავამ (50 კგ.) პირველივე ბრძოლა უკრაინელ ანდრიი იაცენკოსთან დათმო, ედუარდ ნიკოლიშვილმა (58 კგ.) კი ფრანგ ილმან მუხტაროვთან წააგო,
ხვალ ევროპის პირველობაზე ნაკრების დანარჩენი წევრები გიორგი პასიკაშვილი (46 კგ.), ლევან მურცხვალაძე (54 კგ.), ტარზან მაისურაძე (63 კგ.), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ.) და ბექა კახეთელიძე (100 კგ.) ჩაებმებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ 19-20 ივლისს ევროხალიჩა გოგონებს დაეთმობათ, 21-22 ივლისს კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი პოლონეთში ამ ათეულს იახლებს:
თემურ შავაძეზე (42 კგ.), რამაზ ზოიძე (46 კგ.), ირაკლი შავაძე (50 კგ.), გიორგი ხუჭუა (54 კგ.), თემურ კვაჭაძე (58 კგ.), მურთაზ ჩაბრავა (63 კგ.), ნუკრი შავაძე (69 კგ.), ნიკა გავაშელი (76 კგ.), ნიკოლოზ კახელიშვილი (85 კგ.), ზვიად პატარიძე (100 კგ.).

0.096767