ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა. მათგან სამეულს იაკობ ქაჯაია (96 კგ) შეწვდა. ქაჯაია ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და სომეხ სიმონიანს ორ სეტში აჯობა. შვედი ნიბერგიც უპრობლემოდ ჩამოიცილა. ნახევარფინალში კი ნორვეგიელ ბალდაუფთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც გერმანელ ფიქსს იოლად აჯობა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
დავით სანიკიანსა (50 კგ) და ფირუზ წულუკიძეს (60 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო ნაბიჯი დააკლდათ. წულუკიძე “ბრინჯაოს ფინალში” ნახევარფინალიდან გადაერთო, ბელარუს პიკუზასთან წაგების შემდეგ. იქამდე ორი ძლიერი მეტოქის: აზერბაიჯანელი ტაგიევისა და თურქი ებასარის დამარცხება მოასწრო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ლიტველ დაგისთან დამარცხდა.
სანიკიანი ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, მომავალ ჩემპიონთან, თურქ კარატაშთან წაგებით, ხოლო რეპეშაჟში ებრაელ ცარიუკთან დამარცხდა.
ლაშა გობაძემ (74 კგ) ევროპირველობა ლატვიელი ბესტენისის ძლევით გახსნა, მაგრამ მერვედფინალში, უკრაინელ კუხტასთან ვეღარას გახდა.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით რამაზ სურმანიძე (55 კგ), გიორგი დავითაია (66 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ) და ლევან არაბული (120 კგ) იჭიდავებენ.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ახალგაზრდები
ევროპის ჩემპიონატი
ზაგრები
23 ივნისი
50 კგ
1 კარატაში (თურქეთი)
2 ლაბაზანოვი (რუსეთი)
3 ცარიუკი (ისრაელი)
3 ბაზაროვი (აზერბაიჯანი)
5 სანიკიანი (საქართველო)
60 კგ
1 სულეიმანოვი (რუსეთი)
2 პიკუზა (ბელარუსი)
3 დაგისი (ლიტვა)
3 მამულატი (მოლდოვა)
5 წულუკიძე (საქართველო)
74 კგ
1 ჩარაეივი (რუსეთი)
2 კილუ (ბელარუსი)
3 ერტუგანოვი (აზერბაიჯანი)
3 კულინიცი (პოლონეთი)
96 კგ
1 ევლოევი (რუსეთი)
2 ბალდაუფი (ნორვეგია)
3 ქაჯაია (საქართველო)
3 დემირჩი (თურქეთი)
ოთარ მაღლაკელიძე