ჭიდაობა

15:18 | 23.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და სპორტსმენთა კომისიის წარდგენა

მიილია კიდევ ერთი ოლიმპიური ციკლი, რომლის გვირგვინიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული სამივე სინჯის შვიდი მედალი გახლავთ.
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალაში” დანიშნულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია, სადაც უმთავრესი საკითხი სეოკ-ის პრეზიდენტის მომავალი ოთხი წლის ვადით არჩევაა.
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ჩატარდა ფედერაციის გაფართოებული პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც 50 წევრი დაესწრო და იგი ეხებოდა სეოკ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის ამ პოსტზე კანდიდატურის ხელახლა წარდგენას.
გია ნაცვლიშვილმა სხდომაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა და სხვა გაკეთებულ საქმეებთან ერთად ოთხი ძირითადი პრიორიტეტი გამოყო: 1. თბილისში 2015 წელს დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი, რომლის მასპინძლობის მოპოვებაშიც ლომის წვლილი სეოკ-ს მიუძღვის. 2. ოლიმპიური კომიტეტის ახალი და გამორჩეული შენობა, რომელიც სეოკ-ს 49 წლის ვადით ეკუთვნის, 3. სეოკ-ის პროგრამა, რომელიც მოქმედი და ვეტერანი სპორსტმენების უფასო სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს 4. პირველად ისტორიაში კომიტეტისთვის ფინანსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გია ნაცვლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთა წარმატებულ ასპარეზობას, რამეთუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი იქნა მოპოვებული. მისი თქმით იგი მომავალ ოლიმპიადაზე, როგორც ფალავნებისგან, ასევე სხვა სპორტსმენებისგან უკეთეს შედეგებს ელის, ამიტომაც ბუნებრივია ჭიდაობის ფედერაცია სეოკ-ისთვის კვლავ დარჩება ყველაზე სტრატეგიულ მიმართულებად და იქვე ჭიდაობის სამყაროს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის.
შემდეგ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, რომელმაც ოფიციალურად წარადგინა გია ნაცვლიშვილი ეროვნული ოლიმპური კომიტეტის საპრეზიდენტო კანდიდატად და იქვე მადლობა გადაუხადა სეოკ-ს ჭიდაობის ფედერაციისადმი გაწეული მხარდაჭერისათვის.
საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ედიშერ მაჩაიძემ ყურადღება ბოლო წლებში ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე დადებით პროცესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამაში სეოკ-ის როლი უდიდესია, ხოლო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ ოლიმპიურ კომიტეტს მადლობა გადაუხადა იმ ხელშეწყობისთვის, რაც დღეს ნაკრების თითოეულ წევრს აქვს და გულშემატკივარს მომავალში უკეთეს შედეგებს დაპირდა.
სხდომაზე დამსწრე პრეზიდიუმი ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი გია ნაცვლიშვილის სეოკ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
ჭიდაობის ფედერაციის გარდა, ნაცვლიშვილის კანდიდატურა სპორტსმენთა კომისიამაც წარადგინა, რომელშიც მოქმედი ათლეტები არიან გაწევრიანებულნი. სხდომას 31 სპორტსმენი ესწრებოდა. ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს მხარდაჭერისათვის და ვრცლად ისაუბრა განვლილ ოლიმპიურ ციკლში სეოკ-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ნოზაძემ აღნიშნა, რომ სეოკ-მა სპორტსმენებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა და აღებული კურსი უნდა გაგრძელდეს.

 

www.geonoc.org.ge

0.108701