საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხასავიურტში დღეს გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა. დაღესტნურ ტურნირში 5 ქვეყნის 8 გუნდი ჩაერთო. საქართველოს, თურქეთის, ბელარუსის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრებებს სამი რუსული შვიდეულიც დაემატა. რუსეთის ნაკრების გარდა, ორგანიზატორებმა განაცხადში ცსკა და დაღესტნის ნაკრებიც შეიყვანეს.
წილისყრის შედეგად. ქართველები “ბ” ქვეჯგუფში მოხვდნენ, რუსებთან, ბელარუსებთან და ცსკა-სთან ერთად და პირველსავე ტურში უმთავრეს კონკურენტს – რუსეთს დაუპირისპირდნენ, 3:4 დამარცხდნენ და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგეს. ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) გახსნა, მაგრამ მერე მალხაზ ზარქუამ (60 კგ), შალვა მუზიაშვილმა (66 კგ), გიორგი მარსაგიშვილმა (74 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) წააგეს და გუნდური შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა, თუმცა ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მაინც ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.
მეორე წრეში ქართულმა შვიდეულმა ბელარუსულს 6:1 აჯობა, ზედ ცსკა-ც მიაყოლა – 4:3 და ქვეჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით საბოლოო მესამე საპრიზოსთვის ბრძოლის შანსი მოიპოვა. “ა” ქვეჯგუფიდან ფინალში დაღესტანი გავიდა, საქართველოს კი, მეტოქედ აზერბაიჯანი ერგო. პირველ-ორ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი მსაჯებმა შეასრულეს. მათი უსამართლო გადაწყვეტილებების ხარჯზე აზერბაიჯანი 2:0 დაწინაურდა. მდგომარეობა ვერც მუზიაშვილმა და გიორგი მარსაგიშვილმა გამოასწორეს და 4 შეხვედრის შემდეგ ბრინჯაოს მედლის მფლობელი უკვე გარკვეული იყო. დავით მარსაგიშვილმა, ოდიკაძემ და დავით მოძმანაშვილმა კი, პრესტიჟის ქულებიღა აიღეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 3:4.
მეოთხე ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის საპრიზო ფონდიდან (150 ათასი დოლარი) 10 ათასი მიიღო.
ხვალ ხასავიურტში, იმავე ხალიჩაზე მძიმეწონოსან მოჭიდავეებს შორის აბსოლუტური თასი გათამაშდება. სამწუხაროდ, ტურნირში ვერ ჩაერთვება დავით მოძმანაშვილი, რომელიც სამშობლოში ამ შეჯიბრების დაწყებამდე ბრუნდება. არადა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა მძიმეწონოსანმა დღეს ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და წესით, აბსოლუტურ თასზეც ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა.
ოთარ მაღლაკელიძე