საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, eurosport.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფიციალურად მენეჯერი არასოდეს ჰყოლია და უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი ორჯერ დამოუკიდებლად გააფორმა. მან ისიც აღნიშნა, რომ “დნიპროსთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბერში უმთავრდება და შესაძლოა, კლუბი ზაფხულშიც დატოვოს - თუ საინტერესო წინადადება ექნება.
- უკვე დიდი ხანია უკრაინაში თამაშობთ. არ დაიღალეთ, რომ მთელი ჩემპიონატი ორი გუნდის გარშემო “ტრიალებს” – მოედანზე, ტელევიზიაში, პრესაში?
- მართალი რომ გითხრათ, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. “შახტარი” და “დინამო” კარგი გუნდებია, რომლებიც ყოველთვის სხვებზე წინ იყვნენ. ახლა, “მეტალისტი” და “დნიპრო” ამ გუნდების სრულფასოვანი კონკურენტები გახდნენ.
- ყველაზე მეტად რომელი ჩემპიონატი მოგწონთ?
- ინგლისის ჩემპიონატი მომწონს.
- ეს ის ჩემპიონატია, სადაც თამაშზე ოცნებობთ?
- დიახ.
-რომელ გუნდში?
- “მანჩესტერში”. ბავშვობიდან “მანჩესტერის” გულშემატკივარი ვარ.
- რომელი “მანჩესტერი”?
- “იუნაიტედი”.
- არ მინდათ გაწყენინოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიგიწვიოთ. რომელი ინგლისური კლუბიდან გსურთ შეთავაზების მიღება?
- ღრუბლებში მეც არ დავფრინავ. იმ ასაკში არ ვარ, რომ “მანჩესტერში” ან სხვა გრანდებში ვითამაშო. ჩემი აზრით, ინგლისის პრემიერლიგაში სატურნირო ცხრილის შუაში მყოფ გუნდში თამაში შემიძლია.
- “ვესტ ბრომვიჩში”?
- წავა.
-“დინამოსთან” მატჩის დროს სხვა ისტორიაც მოხდა. ტრიბუნებზე მყოფი “დნიპროსა” და “დინამოს” გულშემატკივრები უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ. ამ დროს რას გრძნობდით?
- ეს პრაქტიკულად ყოველ თამაშზე ხდება. გულშემატკივრები ჰომნს ერთად მღერიან. ეს ყირიმში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ხდება. როდესაც გესმის ისინი როგორ მღერიან, სულის სიღრმეში ძალიან გსიამოვნებს. ვერ გეტყვით ეს რაა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.
- ტელევიზორს უყურებთ?
- დიახ. უკრაინულ საფეხბურთო და პოლიტიკურ არხებს ვუყურებ. რუსული არხებიც მაქვს.
- ოჯახი გყავთ?
- არა. არც ცოლი, არც ბავშვები.
- ზამთრის პაუზის შემდეგ მოედანზე გასვლის გეშინოდათ?
- ჩემთვის ეს მოვლენები ძალიან უსიამოვნო იყო. თავად იცით, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდა. თუმცა, არ მეშინოდა, ფეხბურთის სათამაშოდ მზად ვიყავი.
- უკრაინაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა თქვენი სამომავლო გეგმები შეცვალა?
- არა.
- “დნიპროს” მეპატრონე იგორ კოლომოისკი ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გუნდზე როგორ აისახება?
- ჩვენს გუნდზე ეს არ მოქმედებს. რაც იყო, ყველაფერი ისე დარჩა. ხელფასს ვიღებთ. არაფერი შეცვლილა.
- კოლომოისკის შეხვედრიხართ?
- პირადად არა. ბიჭები მას ერთხელ შეხვდნენ ოთხი წლის წინ. მგონი ერთად მინი-ფეხბურთი ითამაშეს. ურთიერთობისგან მიღებული შთაბეჭდილებები არ გაუზიარებიათ.
-ერთი წლის წინ კოლომოისკიმ “კრივბასისა” და “ვოლინის” დაფინანსება შეწყვიტა. “დნიპროში” წუხდნენ, რომ იგივე არ მომხდარიყო?
- მსგავსი რამ იყო. ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ, ესეც შესაძლებელი იყო. თუმცა, “დნიპრო” მისი საყვარელი გუნდია და ასეთი რამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდებოდა.
-კლუბთან კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?
- მიმდინარე წლის დეკემბრამდე.
- რა გეგმები გაქვთ?
- ახალ კონტრაქტზე ჯერ არ ვფიქრობ. ზაფხულში გამოჩნდება.
-Transfermarkt-ი სამ მილიონ ევროდ გაფასებთ. ამ ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კარიერის პიკში ხართ.
- გეთანხმებით. “დნიპროში” ასე სტაბილურად არასოდეს მითამაშია. “კრივბასში” ამის პრობლემა არ მქონია, მაგრამ “დნიპრო” სხვა დონეა.
- სამი მიზეზი თუ რატომ აჩვენებთ ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთს.
- პირველი – მწვრთნელი მენდობა. მეორე- მოედანზე ჩემი ადგილი ვიპოვე: ადრე გამთამაშებლად ვთამაშობდი, ახლა – საყრდენ ნახევარმცველად, უფრო მეტ “შავ სამუშაოს” ვასრულებ. ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია, რადგან კარგად გამომდის. მესამე – “დნიპრო” ძლიერი გუნდია, რომელშიც ყოველ პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს მეხმარება.
- რამოსში ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ?
- ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. თითოეული მეტოქეს ძალიან კარგად სწავლობს, გვიხსნის ისინი როგორ თამაშობენ და ჩვენ როგორ უნდა ვითამაშოთ. იგი ერთი სქემით არ თამაშობს – მხოლოდ დაცვიდან ან შეტევიდან ან მხოლოდ პრესინგს. რამოსი ყველაფერს მეტოქიდან გამომდინარე ცვლის.
- ზაფხულში უკრაინიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავთ?
- ფეხბურთი ყველას უყვარს, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, როგორი წინადადებები იქნება. არაფერს არ გამოვრიცხავ.
- თქვენ მენეჯერი არ გყავთ. ფეხბურთელები, რომლებსაც მენეჯერი არ ჰყავთ როგორ ახერხებენ მაღალი დონის გუნდების მოძებნას და კონტრაქტის გაფორმებას?
-“დნიპროში” კონტრაქტი უკვე სამჯერ გავახანგრძლივე. კლუბში არის გენერალური დირექტორი, რომელთან მოლაპარაკება მენეჯერების გარეშე შეიძლება.
-კონტრაქტი ხომ უამრავ იურიდიულ ნიუანსს შეიცავს?
-“დნიპროში” ასეთი რთული კონტრაქტები არაა. ყველაფერი გასაგებადაა დაწერილი და კონტრაქტში ისეთი არაფერი იყო, რაც არ მომეწონებოდა. ერთადერთი, რაც ოდესმე მოვითხოვე, ეს “კრივბასში” იჯარით გაშვებამდე იყო. “დნიპროს” თავის დაზღვევის მიზნით ახალი კონტრაქტი მოვთხოვე. შესაძლოა, მეორე დღეს “კრივბასი” არ ყოფილიყო, ხოლო “დნიპრო” ყოველთვის იქნება. კლუბი დათანხმდა.
- მენეჯერი 2009 წელსაც არ გყოლიათ?
- ოფიციალურად მენეჯერი არასოდეს მყოლია. მამუკა ჯუღელი “დნიპროსთან” პირველი კონტრაქტის გაფორმებაში დამეხმარა, ხოლო მეორედ და მესამედ ხელშეკრულება თავად დავდე. კიევის “არსენალში” გადასვლაშიც ის დამეხმარა. ეს “ალანიას” მერე იყო.
- მაშინ, კონტრაქტით გათვალისწინებული სამი წლიდან ორწელიწადნახევარი გამოტოვეთ, მაგრამ ახალი ხელშეკრულება მაინც შემოგთავაზეს. როგორ მოხდა, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი მაინც შემოგთავაზათ, არადა, მის რიგებში პრაქტიკულად არ გითამაშიათ?
- ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გავდიოდი და ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს. არადა, ხელშეკრულების გაფორმების მერე, კვლავ ტრავმა მივიღე.
- მაშინ ფული “დაკარგეთ”?
- არა.
- რუსეთში ეჭვი აქვთ, რომ მამუკა ჯუღელი გარიგებული მატჩების ორგანიზებაში მონაწილეობს. ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ეს 2005 წელს მოხდა, “ალანიის” შემდეგ. თავისუფალი აგენტი რომ გავხდი, მამუკამ დამირეკა და კიევის “არსენალში” გადასვლა შემომთავაზა.
- ახლა რას საქმიანობს?
- ალბათ, რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის მენეჯერია. ხშირად არ ვურთიერთობთ.
- იმ გარიგებებიდან ჯუღელმა საკომისიოს სახით რა თანხა მიიღო?
- მართალი გითხრათ, არ მახსოვს. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ხელფასიდან პროცენტი არასოდეს მიუღია.
- “ალანიაში” 18 წლის ასაკში მოხვდით. იქ წელიწადზე მეტხანს რატომ ვერ დარჩით?
- გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, სადაც ლეგიონერებს თამაშის უფლება არ გვქონდა. შემდეგ ფინანსური პრობლემები იყო. არ ვიცი, რაღაც მაქინაციები.
- იმ პერიოდიდან ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?
- იშვითად ვთამაშობდი და მოედანზე შესვლა უფრო შეცვალზე მიწევდა. ეს ჩემი პირველი საზღვარგარეთული გუნდი იყო და უფრო გამიჭირდა ვიდრე საქართველოში. კარგი არაფერი დამამახსოვრდა. ერთი წლის განმავლობაში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა.
- საქართველოს ნაკრების ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ვინ მიგაჩნიათ?
- ნიჭიერი ბევრია. ჭანტურია, ანანიძე. არის კიდევ ებრალიძე, რომელიც პორტუგალიაში თამაშობს.
- ამჟამად, საქართველოში პროფესიული ფეხბურთი როგორ დონეზეა?
- ძალიან დაბალი დონეა. ფულს არ იხდიან. მხოლოდ თბილისის “დინამოში” და კიდევ ორ-სამ გუნდში საქართველოს დონეზე ნორმალური ანაზღაურებაა. ძალიან ცოტაა ნორმალური სტადიონები და ბაზები.
- საქართველოში ფეხბურთელისთვის ნორმალურ ხელფასად რა ითვლება?
- თუ არ ვცდები “დინამოში” თვეში დაახლოებით 5000 დოლარის გადახდა შეუძლიათ. ეს მხოლოდ “დინამოში”, ხოლო დანარჩენ გუნდებში 1500-2000.
- უკრაინაში თამაშისას თავს რამდენად უკეთ გრძნობთ?
- ჩემს ხელფასს ვერ დავასახელებ, მაგრამ სერიოზულად განსხვავდება.
- ათჯერ?
- შესაძლოა.
- სად სწავლობდით?
- არსად მისწავლია. დიპლომი ვიყიდე. ინსტიტუტში როდის ვივლიდი, როცა “ალანიაში” 18 წლის ასაკში გადავედი? რა უნდა მექნა?
- რა სპეციალობა გაქვთ?
- მართალი გითხრათ არ მახსოვს.
- თქვენი ოჯახი დიპლომის ყიდვის ფაქტს როგორ შეხვდა?
- არანაირად. ჩემი პროფესია ფეხბურთელობაა და სწორედ, ეს მსურდა. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ მქონია.
- უკვე ფიქრობთ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?
- ამის შესახებ ჯერ არ ვფიქრობ.