1964 წლის პირველ ივლისს მოსკოვში, მეორე წრეში, “ტორპედოსთან” ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა, 1:1 არის ანგარიში, ჩვენგან სიომამ შეაგდო გოლი, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავთ, ფრე გვაწყობს, “ტორპედო” კი გააფთრებით გვიტევს, იციან, ამ ქულის დაკარგვა შესაძლოა ბოლოს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეთ... მატჩის ბოლო წუთზე ვალენტინ ივანოვმა, რომელიც საოცარი ფეხბურთელი იყო, წამოიღო ბურთი, ზედიზედ ხუთი კაცი მოგვატყუა, ჩვენი სერგოც მოგვაყოლა ზედ, მივიდა კარის ხაზამდე და ის ისაა, მშვიდად უნდა შეაგოროს ბადეში, რომ... ავდექი და დავუსტვინე - მსაჯის სასტვენი კარგად მქონდა დამუღამებული... ივანოვი გაშრა, დაბნეულმა ბურთს ფეხი გადაატარა და მსაჯს მოსაკლავად მივარდა – ზა შტო სვისტიშ? მსაჯი კი, უფრო დაბნეული, მხრებს იჩეჩავს... სერგომ იაზრა, კატასავით ზედ დაახტა ბურთს და ერთი წუთი არ განძრეულა... ამასობაში დროც გავიდა, მატჩი მართლა დამთავრდა, მსაჯმა მართლა დაუსტვინა თამაშის დამთავრებისა და ჩვენც ამოვისუნთქეთ! ასე გადავარჩინე ჩვენი კარი ნაღდ გოლს და ივანოვს ის გოლი რომ გაეტანა, მოგჭამა ჭირი ტაშკენტის მატჩმა – იმ მოგებით გაგვისწრებდა “ტორპედო” და ვეღარ დავეწეოდით, 5-6 თამაშიღა რჩებოდა ჩემპიონატის დასასრულამდე...
ფინალის ვირი
1964 წელს ტაშკენტის ფინალის დღეა, 18 ნოემბერი და ბაზაზე ყველას ცხვირ-პირი ჩამოსტირის, ყველა შეშინებული და დაძაბულია, ხუმრობა ხომ არ არის – თბილისის “დინამოს” არსებობის ისტორიაში პირველად გაგვიჩნდა შანსი ოქრო მოვიგოთ და თანაც ვისთან – მრისხანე მოსკოვის “ტორპედოა” მეტოქე! მინდა ბიჭები ფინალის წინ გავამხიარულო და სტრესი მოვუხსნა. დავუძმაკაცდი ბაზის უზბეკ ყარაულს, გავიგე, იქვე ვირების საშენი ყოფილა, დავუძახე ჩემს განუყრელ ჩიკის (ბორია სიჭინავას) და “დინამოს” ფორმაში ჩაცმულები წავედით ვირების ბორდელში! გზაში ჩიკი ტვინს მიბურღავს – რად გინდა ვირიო! არაფერი მითქვამს, ავარჩევინე ბორიას ერთი კარგი შესახედაობის ვირი, შეაჯდა ახმახი სიჭინავა და სანამ კარებამდე მივიდნენ, ვირი ჩაიკეცა – თურმე დედალი გამძლე ვერ ყოფილა! ახლა მამალი ვირი უნდა ვიყიდოთ! როგორც იქნა, ავარჩიეთ, გადავიხადე 60 მანეთი, ბორიას აღარ ვენდე - შევჯექი მე ზედ უკუღმა, ბორიამ კუდზე ხელი წაავლო და ისე მივედით ბაზის ტერიტორიამდე!!! გაიღო კარები და მთელი “დინამო” ჩვენსკენ წამოვიდა, ყველა წაიქცა სიცილით, ვიღას ახსოვდა მოსკოვის “ტორპედო” და ფინალი? ყველაზე მეტს ჩვენი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იცინოდა! რამდენიმე საათში გავედით თავისუფლად მოედანზე და ბდღვირი ვადინეთ “ტორპედოს”! თურმე მთელი პირველი ტაიმი ბიჭები კიდევ იცინოდნენ, როცა ჩემი ვირი აგონდებოდათ! დამავიწყდა მეთქვა, რომ ის ჩვენი გადამრჩენელი ვირი იმ ჩემს ახალდაძმაკაცებულ უზბეკ ბაზის ყარაულს ვაჩუქე – გადაირია კაცი სიხარულით და იმდენი მლოცა, გვიწია კიდეც ფინალში...
ხრუშჩოვის ...
ტაშკენტის საჩემპიონო ფინალის მოგების შემდეგ სრული სიგიჟე სუფევდა, ფეხბურთელები ზოგი ძმაკაცმა წაიყვანა რესტორანში, ზოგი ნათესავმა, ვინ რას აკეთებდა, ვინ სად სვამდა, სად ქეიფობდა, არავინ იცის... ვინც უცებ შევრჩით ხელში, ქალაქ ტაშკენტის რაიკომის მდივანმა მე, ჟორა და ბორია სიჭინავები და სლავა მეტრეველი საქეიფოდ წაგვიყვანა. იმდენი ვსვით, ყველაფერი დაგვავიწყდა და ღამის ორ საათზე ძლივს მიგვიყვანეს თვითმფრინავში. სიხარულისგან გადარეულებმა გზაშიც ბევრი დავლიეთ! ჩავფრინდით თბილისის აეროპორტში, გაჩერდა თვითმფრინავი და იმდენი ხალხი შემოგვერტყა გარს, ტრაპის მოსაყენებლი ადგილიც კი აღარ იყო! გავაღეთ კარი, მე გავიხადე ტრუსი, დინამოს ემბლემიანი მაისური, ბუცები და გადავყარე ხალხში! ხრუშჩოვ, შენი დედაც! ხომ მაინც გავხდით ჩემპიონები!-მეთქი, ვიღრიალე და გადავხტი თვითმფრინავიდან! ხელით დამიჭირა ხალხმა და ასე ხელით გვატარეს სახლამდე! ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე სულ ხალხით იყო იმ საოცარ ღამეს გაჭედილი თბილისი!
მამუკა კვარაცხელია