ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ფეხბურთის მხოლოდ 25 წუთით თამაში წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა. ეს “რეალმა” საკუთარ თავზე გამოსცადა. თუმცა, საპირისპირო მოსაზრების დამტკიცებასთან მადრიდელები შორსაც არ ყოფილან. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბოლო წუთებში გაიბრძოლა და “დორტმუნდს” მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი აგემა, მაგრამ 25 მაისს, “უემბლიზე”, მაინც გერმანელები ითამაშებენ.
სასტარტო შემადგენლობის დაყენების დროს, იურგენ კლოპს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია – “დორტმუნდმა” თამაში იმავე თერთმეტეულით დაიწყო, რომლითაც ერთი კვირის წინ. ამას ვერ ვიტყვით ჟოზე მოურინიოზე, რომელმაც მოედნის ცენტრში, ჩაბი ალონსოს მეწყვილედ, ხედირას მოდრიჩი ამჯობინა. ხორვატი მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო კი იყო, მაგრამ გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის არყოფნა გუნდს მაინც ეტყობოდა – სტუმართა შეტევების დროს, მოედნის ცენტრში ზედმეტად ბევრი თავისუფალი სივრცე რჩებოდა.
თამაში ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო. “რეალი” უტევდა, კუთხურს კუთხურზე აწვდიდა და მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევდა. მადრიდელთა პროგრამა მინიმუმი 3 გოლის გატანა იყო და ამ მიზნის მიღწევა ჟოზე მოურინიოს გუნდს პირველ 15 წუთში შეეძლო. თუმცა, მასპინძლები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულ იგუაინს ვაინდენფელერმა აჯობა. შემდეგ, “დორტმუნდის” მეკარემ ძალზე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ რონალდუს არ გაატანინა. ბოლოს კი, ვაიდენფელერთან ერთი-ერთზე დარჩენილმა იოზილმა არაზუსტად დაარტყა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “რეალი” სახიფათო მომენტებს, უმეტესად, სტუმართა შეცდომების წყალობით ქმინდა. კლოპის შეგირდები მეტოქის შეტევების პირველ ტალღას კი იგერიებდნენ, მაგრამ ბურთს იქვე კარგადვნენ. მოვლენებით დატვირთული სასტარტო 15 წუთის შემდეგ, გერმანელებმა ესპანელების თამაშს ალღო აუღეს და პირველ ტაიმში, ვაიდენფელერის კართან განსაკუთრებით სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა.
პირველ ნახევარში, “დორტმუნდმა” ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ლევანდოვსკიმ, რომელმაც სერხიო რამოსს ორთაბრძოლა იოლად მოუგო, ბურთი მკერდით კარგად გაიჩერა, მაგრამ პოლონელმა მეკარეს ვერ აჯობა.
მე-2 ტაიმიც “რეალის” შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი ნახევრისგან განსხვავებით, მადრიდელების მაქსიმუმი კუთხურები იყო. “რეალი” უტევდა, მაგრამ ხიფათს “დორტმუნდი” ქმნიდა. 51-ე წუთზე, სტუმართა კონტრშეტევის დროს, როისმა ძალიან კარგად ითამაშა და ლევანდოვსკი დიეგო ლოპესს შეატოვა, მაგრამ პოლონელმა ბურთი ხარიხას გაარტყა.
“დორტმუნდმა”, ყველაზე სახიფათო მომენტი 62-ე წუთზე შექმნა. მარჯვენა ფლანგიდან აუტის მოწოდების შემდეგ, სტუმრებმა ძალიან კარგად შეუტიეს, რასაც როისის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემა და გიუნდოგანის 7 მეტრიდან დარტყმა მოჰყვა, მაგრამ “რეალი” ლოპესმა იხსნა.
თამაშის ბოლო ათწუთეული ისე დაიწყო, რომ “რეალს” სასურველი 3 გოლიდან ერთიც არ ჰქონდა გატანილი. ეს, თითქოს, იმას ნიშნავდა, რომ მადრიდელებს ფინალში გასვლის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ქარიმ ბენზემა. თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული ფრანგი თავდამსხმელი კინაღამ გმირად იქცა. 83-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომმა კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, კაკამ მარჯვენა ფლანგზე იოზილს უპასა, გერმანელ შემტევს ბევრი არ უფიქრია და კარის წინ მყოფი ბენზემა მოძებნა, რასაც ანგარიშის გახსნა მოჰყვა.
5 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს. ბენზემამ ბურთი საპირისპირო მხარეს მიიღო, ერთი მცველი მიიზიდა და კარიდან 8 მეტრში უმეთვალყურეოდ მყოფი სერხიო რამოსი მოძებნა. ლევანდოვსკის მოედნიდან გაყვანის შემდეგ შეტევაში თამამად წასულმა ესპანელმა მცველმა ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა.
დარჩენილ დროში ერთი გოლის გატანა “რეალის” ფინალში სასწაულებრივად გასვლას ნიშნავდა. მადრიდელებმა ერთი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ რამოსმა თავით არაზუსტად დაარტყა.
მიუხედავად ბოლო 10 წუთში ინიციატივის მეტოქისთვის დათმობისა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ “დორტმუნდმა” ფინალში თამაში დაიმსახურა. ჟოზე მოურინიომ ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის დროს განაცხადა, თუ იურგენ კლოპის გუნდმა 1/8-ფინალური ეტაპი დასძლია, ტურნირის მოგებასაც მოახერხებსო. პორტუგალიელის წინასწარმეტყველური ნიჭის დამტკიცებამდე “დორტმუნდს” ერთი ნაბიჯი აშორებს.
ამ თამაშის შემდეგ, “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან ზედიზედ სამ სეზონში გამოეთიშა. ხოლო “დორტმუნდი” გახდა მე-2 გუნდი, რომელიც ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს მე-4 კალათში იყო განთესილი, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა. პირველად ეს “მონაკომ” შეძლო, 2004 წელს.
რეალი-დორტმუნდი 2:0 (0:0) (პირველი მატჩი 1:4)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” 76000
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, ესიენი, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ (კაკა 57), მოდრიჩი, ალონსო (ხედირა 67), დი მარია, იოზილი, რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 57).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, ბენდერი (სანტანა 90), კუბა, გიოტცე (გროსკროიტცი 14), როისი, ლევანდოვსკი (კელი 87).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: 1:0 ბენზემა (83), 2:0 რამოსი (88).
გაფრთხილებები: კოენტრაუ 26, იგუაინი 42, რამოსი 79, ხედირა 81 – გიუნდოგანი 43, ბენდერი 45, ვაიდენფელერი 83.
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 15 (5)-7 (5), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 6-5, სეივი: 4-5, ჯარიმა: 16-20.