საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა თორნიკე ძამაშვილმა (74 კგ) ტაილანდის ქალაქ პატაიაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონობას გადამწყვეტი გამარჯვებაღა აშორებს. ფინალში ქართველი მოჭიდავე ბელარუსის ნაკრების წევრს, კაზბეკ კილოუს დაუპირისპირდება.
96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალით დაასრულა, მაგრამ მალევე დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც მისმა მძლეველმა გერმანელმა პეტერ იოლერმა ფინალში გააღწია. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” ქაჯაია ირანელ სამან აბას ნოროზის დაეჭიდება და თუ დაამარცხებს, სამეულში მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას უკრაინელ სამირ ვოლკოშანინთან ჩაატარებს.
დღესვე, მედლები 50 და 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და სამეულები ქართველების გარეშე შეივსება. ბაჩანა ფუტკარაძე (50 კგ) და ფირუზ წულუკიძე (60 კგ) ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
ოთარ მაღლაკელიძე