ჭიდაობა

18:08 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ედიშერაშვილი და ხინჩეგაშვილიც ფავორიტებით იწყებენ

სპორტის სასახლის ფოიეში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55 და 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიების კენჭისყრა გაიმართა. ორ უმსუბუქეს წონაში ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) გავლენ.

პირველი დღის მსგავსად, ქართველ მოჭიდავეებს არც ამჯერად გაუმართლათ წილისყრაში - ძირითად კონკურენტებთან საწყის ეტაპზევე მოუწევთ დაპირისპირება. ედიშერაშვილი შეჯიბრებას აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში გერმანელ კრაუზესა და ფრანგ ელ ქუარაქს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის კი გამოსარჩევია რუსი არტიომ გებეკოვი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ იოზეფ მოლნარსა და აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. ნახევარფინალში კი ქართველი მოჭიდავის გზა რუსეთის ნაკრების წევრის, ოპან სატის გზას კვეთს.

ხვალ წინასწარი ეტაპის შეხვედრები 14 საათზე დაიწყება. ფინალური ბრძოლები – 18 საათზე.

0.084175